მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება - დამოუკიდებელი პროფკავშირი - კვირის პალიტრა

მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება - დამოუკიდებელი პროფკავშირი

მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ავრცელებს. მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები.

„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

„გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19 თან დაკავშირებით. სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, „ერთობა-2013"-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, სადაც ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დავაყენეთ საკითხი თუ როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის, მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში.

გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა, მცირედი დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას, რისი საშიშროებაც რეალურად დგას, აშკარად აჯობებდა. ამ სქემით, მეტროს მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა გარკვეული რაოდენობა მემანქანეეების, შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ასე შემდეგ, რაც რეალურად შესაძლებელი იყო,“- ნათქვამია მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ეს წინადადება უყურადღებოდ დარჩა, გარდა ამისა არ ხდებოდა თანამშრომლებისთვის PCR ტესტის ჩატარება, რის შედეგადაც, იყო შემთხვევები, როდესაც ინფიცირებული მემანქანეები სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ.

„მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი ანუ სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და “ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ.

გასულ კვირას კი „ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ჰქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს.

ახლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ, დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო. ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა სასწრაფოდ მიღებულ იქნას მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა რამდენიმე ხნით შეჩერება, რადგან აღარ მოხდეს ვირუსის ასე უკონტროლო გავრცელება,“- ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"