"ყოფილმა დედამთილმა მიჩივლა - ბავშვებს ითხოვს... ჩემს შვილებს კი ბებიის ნახვის სურვილი არ აქვთ" - კვირის პალიტრა

"ყოფილმა დედამთილმა მიჩივლა - ბავშვებს ითხოვს... ჩემს შვილებს კი ბებიის ნახვის სურვილი არ აქვთ"

"მოგეხსენებათ, საქართველოში არავის სჭირდება "უკან მიბრუნებული" ქალი - "გათხოვდი და დაეტიე" სიტუაციაა. იქიდან წამოსვლა მინდოდა, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა"

რუსკა წულაია, წლების განმავლობაში, მოძალადე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა... ახლა მხოლოდ საკუთარი შვილების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული: როცა სამუშაო აქვს, თავდაუზოგავად შრომობს, რომ პატარებს არაფერი მოაკლდეთ. სამწუხაროდ, დასუფთავების სფეროში მომუშავე ახალგაზრდა ქალს საჭირო ინვენტარის შეძენის ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ სამუშაოდ დიდი ობიექტები აიღოს და მისი შემოსავალიც გაუმჯობესდეს... რუსკა თავისი რთული ცხოვრების შესახებ გულახდილად გვესაუბრა: აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლს მოძალადის ოჯახის წევრები ადანაშაულებენ - მათი აზრით, ცოლს ქმრისგან ძალადობა უნდა მოეთმინა. სასამართლოს გზით, ყოფილი დედამთილი მისგან ბავშვების წაყვანას აპირებს...

- წარმოშობით ზუგდიდიდან ვარ, მაგრამ მე და დედა თბილისში, ქირით ვცხოვრობდით. მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, 23 წლის ვიყავი, ის - 31-ის. თითქმის 1 კვირაში დავქორწინდით. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი გვიყვარდა - უბრალოდ, ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ... თავდაპირველად ნორმალურად ვცხოვრობდით. მალე პირველი შვილი - ანანო შეგვეძინა, შემდეგ - ანდრია... ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ჩემი მეუღლე ალკოჰოლურ სასმელს სვამდა... ისე მოხდა, რომ დალევას შესწირა სამსახური, ბოლოს კი - ოჯახიც... საკმაოდ კარგი სამსახური ("საქართველოს რკინიგზაში" მუშაობდა და ხელფასი 15 დღეში 880 ლარი ჰქონდა) ჩვენი შეუღლებიდან 6 წლის მერე დაკარგა... მუშაობისთვის სათანადო ცოდნაც ჰქონდა: პერიოდულად, გამოცდებსაც აბარებდა, მაგრამ სასმელზე ისეთი დამოკიდებული იყო, სამუშაო დაკარგა.

ეს მავნე ჩვევა შეუღლებიდან დაახლოებით, 1 თვეში გამოავლინა. შინ ყოველდღე ნასვამი რომ მოდიოდა, თავდაპირველად, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მერე კი უკვე გვიანი იყო: მოგეხსენებათ, საქართველოში არავის სჭირდება "უკან მიბრუნებული" ქალი - "გათხოვდი და დაეტიე" სიტუაციაა. იქიდან წამოსვლა მინდოდა, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა.

- შენმა მშობლებმა იცოდნენ, რა გიჭირდა? - დიდად არ ვამჟღავნებდი. სიტუაციას კარგად "ვფუთავდი"... ბოლოს, ქმარს რომ დავცილდი, ხალხმა შოკი მიიღო - ეს როგორ მოხდა? ერთმანეთთან ასეთი კარგი ურთიერთობა გქონდათო...

- სიმთვრალისას მეუღლე ცუდ ხასიათს ავლენდა?

- კი. ძალადობის შემთხვევებიც იყო, მაგრამ ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ამიტომ, ასეთ დეტალებზე საუბარი მიჭირს... საბოლოოდ, იმ ოჯახიდან წამოვედი. მანამდე ყველანაირად ვცადე, სიტუაცია გამომესწორებინა. მეუღლეს მხარში ამოვუდექი, მაგრამ არ "წამომყვა". მავნე ჩვევას თავად თუ არ დაძლევდა, მე ვერ დავეხმარებოდი... არ ცდილობდა. უბრალოდ, მპირდებოდა, არ დავლევო, მაგრამ მაინც სულ სვამდა... 4 წლის წინ, როცა ბავშვები ბაღში შევიყვანე, მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად, დასაქმების კომპანიაში მივედი, რომელსაც ჩემი შემოსავლიდან "პროცენტებს" ვუხდიდი, მაგრამ მერე გამოცდილება მივიღე და როცა ასე თუ ისე, შემოსავალი გამიჩნდა, ქმრის ოჯახიდან წამოვედი. ამჟამად, ქირით ვცხოვრობ. ქირაში 300 ლარს ვიხდი. სოციალური შემწეობაც მაქვს - ამის იმედად უფრო ვარ, ვიდრე ჩემი შემოსავლის.

- როცა მუშაობა დაიწყე, მეუღლეს ეს ხომ არ გაუპროტესტებია? - არა, რა თქმა უნდა. მას ვეიმედებოდი... დროთა განმავლობაში ურთიერთობა უფრო დაგვეძაბა. მთელი დღის ნამუშევარს, ღამე ნორმალურად არ მეძინა, რადგან სხვა თუ არაფერი, ნასვამი წინ და უკან დადიოდა... ბოლო 2 თვე უკვე ვეუბნებოდი, - წავალ-მეთქი, მაგრამ დამცინოდა - სად წახვალო? ერთ დღესაც ავდექი და მართლა წამოვედი. წინადღეს ხელი ისე მატკინა, ლამის მომტეხა. თან, ვუჩივლე - პოლიციაში წავედი და განცხადება დავწერე. იმ დღესვე დააკავეს. თავისთავად, იმ სახლში ვეღარ დავრჩებოდი... მეორე დღეს მაკლერის საშუალებით, ბინა ვიშოვე. პოლიციის თანხლებით, ქმრის სახლიდან ჩემი პირადი ნივთების ძალიან მცირე ნაწილი წამოვიღე და ბინაში პარკებით შემოვყარე... მერე, ნელ-ნელა "მივლაგდი". იმ დროს ქალთა ფონდი - "ფემინა" ძალიან დამეხმარა - თანხა ააგროვეს და ბარათით გადმომცეს (თავად, ბანკში პრობლემების გამო, ბარათი დაბლოკილი მაქვს). იმ ფულით ტაფა, ქვაბი და სხვა აუცილებელი ნივთები ვიყიდე.

- მეუღლის სახლში კიდევ ვინ ცხოვრობდა? - დედამთილი, მამამთილი, მაზლი...

- ძალადობის ფაქტის შემსწრე ბავშვებიც ყოფილან? - კი, რამდენჯერმე. იმ სახლიდან წამოსვლა უკვე ბავშვებსაც უნდოდათ. ამბობდნენ, - როდის წავალთო? ბოლო დროს აუტანელი სიტუაცია იყო... ახლა რუსთავში ვცხოვრობთ, ნელ-ნელა აქაურობას მიეჩვივნენ... სხვათა შორის, როცა ცოცხალი იყო, ყოფილ ქმარს ბავშვებს ვატანდი - 2-3 დღით თავისთან მიჰყავდა.

- ანუ ციხიდან გაათავისუფლეს? - კი, მესამე დღესვე. დედამისმა გირაო გადაუხადა... სასამართლო პროცესი დღემდე დაუსრულებელია.

- შენს ყოფილ ქმარს ბავშვების მიმართ აგრესია არასოდეს გამოუხატავს? - არა, არა. ბავშვებს ვანდობდი. საცხოვრებლად რუსთავში რომ გადმოვედი, ბავშვებისთვის ძიძა ავიყვანე - ახლობელი ქალია, რომელიც ხან უბრალოდ, მეხმარება, როცა საშუალება მაქვს, 10-20 ლარს (გააჩნია, იმ დღეს როგორ ვიმუშავებ) ვაძლევ, ხან - რამეს ვჩუქნი და ა.შ.

- რას საქმიანობ? - რემონტის შემდგომ შენობებს ვასუფთავებ. კერძო პირი ვარ. "ფეისბუკზე", "რემონტის" ჯგუფში ვარ გაწევრებული, სადაც ბევრი კარგი რეკომენდაცია და შესაბამისად, საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ გოგოს - სოფიო ერაძეს დავუმეგობრდი. ობიექტზე სამუშაოდ ერთად მივდივართ ხოლმე. მაგალითად, თუ 200-ლარიანი საქმეა, ხარჯის (მგზავრობის, ბენზინის ფული...) გარდა, რაც რჩება, იმ თანხას ვიყოფთ.

- შენი ყოფილი მეუღლის გარდაცვალება რამ გამოიწვია? - თბილისში, სამუშაოდ ვიყავი, როცა მეზობლისგან შევიტყვე - გადმოვარდა და თავი დაარტყაო. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ნასვამი ბევრჯერ წაქცეულა. როცა მის მოსაკითხად დავრეკე, მითხრეს, - ხარაჩოდან გადმოვარდაო...

- სადმე მუშაობდა? - არა. სახლში მგონი, ჭერს აკეთებდნენ. სამწუხაროდ, ტვინის მიკროინფარქტი მიიღო. იმ დროს ბავშვებიც იქ იყვნენ - ნახეს, რომ მამა ცუდად იყო, სისხლი სდიოდა, "სასწრაფომ" წაიყვანა... ბავშვები იმ საღამოსვე წამოვიყვანე. ჩემი ყოფილი ქმარი რეანიმაციაში დააწვინეს. მეგონა, რთული სიტუაციიდან "გამოძვრებოდა", მაგრამ ექიმმა პირდაპირ მითხრა, რომ უიმედო მდგომარეობა იყო. რაღაცნაირად, მაინც მეიმედებოდა... ჩემი ერთ-ერთი დამკვეთი ფსიქოლოგია. მან მირჩია, მენახა - შეიძლება, რაღაც იგრძნოს, "მობრუნდესო"... რეანიმაციაში 5 წუთით შესვლა მოვახერხე. მივხვდი, ვერაფერს გრძნობდა... 10 დღის მერე გული გაუჩერდა. მაშინაც სამუშაოდ ვიყავი, როცა მისი გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს. მაზლის ცოლმა მითხრა, - ბავშვები გამოუშვი, შენ აქ არავინ მოგიშვებსო... მამის დასატირებლად უჩემოდ მისვლა ბავშვებმაც არ მოისურვეს. ყოფილი ქმრის ოჯახის აზრით, მისი გარდაცვალება ჩემი ბრალი ყოფილა: რადგან ვუჩივლე, თურმე, ძალიან ნერვიულობდა და გული გაუსკდა - არ უნდა მიმეტოვებინა, ძალადობა უნდა მომეთმინა... მერწმუნეთ, მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე... საფლავზეც ავედი, ჩუმად, მის ორმოცზე (ბავშვებთან ერთად).

- როგორც მითხარი, დაშორების შემდეგ ყოფილი მეუღლე შენზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა... - ასე იყო. ზოგჯერ, როცა ბავშვები მას ჰყავდა, თბილისში, მეგობართან ვრჩებოდი - ბავშვები მამასთან იყვნენ და რუსთავში რისთვის დავბრუნებულიყავი, როცა დილით ისევ თბილისში, სამუშაოდ უნდა წავსულიყავი? ნასვამი მირეკავდა, - ვიღაც გყავს, სადღაც დადიხარ და "გულაობო". ძალიან მაწუხებდა.

- ოფიციალურად, დაშორებულები იყავით?

- კი, ჩვენი ქორწინება 25 მაისს დასრულდა. დამთანხმდა, რომ ცივილიზებულად დავშორებოდი - იუსტიციის სახლში წამომყვა და ხელი გავაწერეთ. ამის შემდეგ მაინც მაკონტროლებდა. ვეუბნებოდი, - ცოლ-ქმარი არ ვართ და ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს-მეთქი.

- როგორც აღნიშნე, ყოფილი მეუღლის დასატირებლად მისვლის საშუალება არ მოგცეს. იქ მისვლა შენთვის მნიშვნელოვანი იყო? - რა თქმა უნდა. უცხო შეგებრალება ადამიანს, ჩვენ კი ერთად 9 წელი ვიცხოვრეთ. დღემდე განვიცდი, რომ ცოცხალი აღარ არის... იცით, ის კარგი ადამიანი იყო: ალალი, უბოროტო, ბავშვების მიმართ - მოსიყვარულე, მაგრამ სასმელი სულ სხვანაირს ხდიდა...

- ახლა რა პრობლემის წინაშე დგახარ? - სასამართლოსგან უწყება მივიღე: ყოფილმა დედამთილმა მიჩივლა - ბავშვებს ითხოვს. საჩივარში უწერია: მოპასუხე მუშაობს და ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს. მთელი დღე უყურადღებოდ ტოვებს. სურვილი და შესაძლებლობა მაქვს, რომ ამ ბავშვებს თავად მივხედოო. არადა, როგორც გითხარით, ძიძა მყავს. ჩემი შვილები უყურადღებოდ 5 წუთითაც არ არიან. ისევ და ისევ ფონდი "ფემინას" ადვოკატები დამეხმარნენ, რომ შესაგებელი დამეწერა. რაც ბავშვებმა მითხრეს, ის დავწერე: ჩემს შვილებს სურთ, ბაბუა ნახონ, მაგრამ - იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან მოვა, ხოლო ბებიის ნახვის სურვილი არ აქვთ.

- ბებიის ნახვა რატომ არ სურთ? - იმიტომ, რომ ის მე ხშირად მლანძღავს, რაც ბავშვებს არ სიამოვნებთ. საქმეს "სქრინები" დავურთე: 70 წელს გადაცილებული ჩემი დედამთილი 8 წლის ბავშვს "ემესიჯა" - მამაშენის სიკვდილი დედაშენის ბრალია. მას რომ არ ეჩივლა და არ შეეშინებინა, არ მოკვდებოდაო. ბავშვს ბებიის ნახვა არ უნდა, ძალით კი ვერაფერს გავაკეთებინებ... სასამართლოს ჩანიშვნას ველოდები, რომ სხდომაზე გამომიძახონ. წარდგენილი მყავს მოწმეები: ბავშვის ძიძა, ასევე - სოციალური აგენტი, რომელიც ჩვენთან მოდის და გვამოწმებს, ბავშვებს როგორ ვუვლი. შვილები ყველანაირად უზრუნველყოფილი მყავს. სამუშაო მაქვს, მაგრამ რადგან ბევრი ხარჯია, ფაქტობრივად, "არაფერი ჩანს". ბავშვების მამას ჩემი შვილები კვირაში ერთხელ რომ მიჰყავდა, ამითაც დიდ დახმარებას მიწევდა, ბავშვებისთვის კი სტიმული იყო, მამასთან ყოფნა... ყოფილი მეუღლე ვიდეოებს მიგზავნიდა, როგორ ასეირნებდა შვილებს ველოსიპედით, ბურთით როგორ ეთამაშებოდა... მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 1 კვირაში, სახლიდან ამომწერეს (მათი სახლის მისამართზე ვიყავი რეგისტრირებული) და შედეგად პირადობის მოწმობა "დამიპაუზდა" - ვერ ვიყენებ. ამ ეტაპზე, ადვოკატი ვერ ამყავს, მინდობილობას ვერ ვაკეთებ...

- პირადობის მოწმობის აღდგენა რამდენ ხანში შეიძლება? - არ ვიცი. იუსტიციის სახლში უკვე 15-ჯერ ვიყავი. იქ, სადაც ქირით ვცხოვრობ, აღმოჩნდა, რომ კიდევ 1 ადამიანის ჩასაწერად, იმ სახლის ფართობი არ არის საკმარისი. გუშინ იუსტიციის სახლში მამიდასთან ერთად მივედი. ის რუსთავში ცხოვრობს და დროებითი ჩაწერა "გამიკეთა". ჯერ პასუხი არ მომსვლია... ამ ამბების გამო, ბევრი ვირბინე და ბევრი სამუშაო დღე დავკარგე... საბუთები უნდა ამეღო: დედამთილი ხომ მიჩიოდა, რომ ბავშვებს ვერ ვუვლი? მე კი დამამტკიცებელი საბუთები მქონდა, რომ თავად ის ვერ უვლიდა ბავშვებს, როცა მას ვუტოვებდი (მათთან ცხოვრებისას): ერთხელ ბავშვმა "სინკარზე" შუბლი მიარტყა და საავადმყოფოში მოხვდა, მეორედ - ნასვამმა პაპამ ხელი ატკინა... ჩემს გოგონას თვალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა: ბავშვი თვალის ვარჯიშებზე დამყავდა, დედამთილმა კი კომპიუტერთან დასვა და მკურნალობის შედეგი გააფუჭა... მოკლედ, ეს საბუთები უნდა მომეგროვებინა და შესაგებელში დამერთო... დასუფთავების სფეროში ვმუშაობ, მაგრამ საჭირო ინვენტარი არ მაქვს. ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად ამიტომ ვსაქმიანობ. მაგალითად, ორთქლის აპარატი, მტვერსასრუტი რომ მქონდეს, სამუშაოდ უფრო დიდ ობიექტებს "ავიღებდი". თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ შეძენაში დამეხმაროს, მადლიერი ვიქნები... ბინის ყიდვაზე ფიქრი ოცნების სფეროა, რადგან რასაც ვშოულობ, ყოველთვიურ ხარჯებს ხმარდება. ბავშვები ინგლისურის მასწავლებელთან სამეცადინოდ შევიყვანე. სხვა საგნების სწავლაში ვეხმარები, მაგრამ სამწუხაროდ, ინგლისური არ ვიცი და არ მინდა, სასწავლო პროგრამას ჩამორჩნენ...

- თავად რა განათლება გაქვს? - თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი (გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება) დავამთავრე. პროფესიით ეკოლოგ-ტექნოლოგი ვარ. როცა სწავლა ახალი დასრულებული მქონდა, მუშაობის დასაწყებად ბევრგან ვიყავი, მათ შორის - გარემოს დაცვის სამინისტროშიც, მაგრამ არავინ გამომხმაურებია... ახლა უკვე ბევრი დრო გავიდა... პრინციპში, ასე თუ ისე, ჩემი ამჟამინდელი საქმიანობაც გარემოს დაცვა მიეკუთვნება - დასუფთავების სფეროა...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"