"თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო" - რას ჰყვება ექთანი, რომელსაც კოვიდ სასტუმროში პაციენტი დაესხა თავს - კვირის პალიტრა

"თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო" - რას ჰყვება ექთანი, რომელსაც კოვიდ სასტუმროში პაციენტი დაესხა თავს

ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში დასაქმებული ექთანი, ასმათ ვარშალომიძე, რომელსაც პაციენტი თავს დაესხა აცხადებს, რომ პაციენტი წამლების წართმევას ცდილობდა.

ექთანის ასმათ ვარშალომიძის თქმით, ინცინდენტის დროს მან გონება დაკარგა.

"ითხოვდა წამალს, იმ დოზას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა და დამატებით მოინდომა , რაც არ ეკუთვნოდა. მე ეს წამლები არ მქონდა. არ დაიჯერა და დამდევდა მუდმივად. მომეპარა, ჩავთვალე, რომ ჩემი მოკვლა სურდა, მაგრამ ჩემი მოკვლა კი არა, დაშანტაჟება სდომებია. თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო, განმიცხადა. მე ეს სამართებელი და გადატეხილი თერმომეტრი წავართვი, ამ დროს თითები და მაჯა დამიზიანდა. სხვა დროს ეს პაციენტი არ იყო აგრესიული, პირიქით, ძალიან მშვიდი იყო ყოველთვის, მაგრამ ბოლო დღეს რატომღაც აგრესიული გახდა და მუდმივად წამალს ითხოვდა, თან ძალიან დიდი დოზით. სასტუმროს დაცვა რამდენიმე წუთში მოვიდა, ამ დროს სამართებელი უკვე წართმეული მქონდა. დახრჩობას არ ცდილობდა, უბრალოდ ჭიდილის დროს მე ვიხრჩობოდი იმიტომ, რომ მეჭიდავებოდა, წამლების წართმევა უნდოდა, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. საბოლოოდ, მოვახერხე მისი გადარჩენა, სხვა პაციენტი გამოვიდა და მომეშველა. ვერც გადახტომა მოახერხა, იგი დაცვამ შეაკავა. უსაფრთხოების მიზნით ბატუტებიც გაიშალა. ბოლო მომენტში იძახდა გადავხტები და ვენებს გადავიჭრიო",- აცხადებს ასმათ ვარშალომიძე.

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"