"ინფექციამ ფილტვების ძლიერი დაზიანება გამოიწვია..." - ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი - კვირის პალიტრა

"ინფექციამ ფილტვების ძლიერი დაზიანება გამოიწვია..." - ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მადონა ტაკიძე კლინიკაში ერთი თვის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა.

როგორც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აცხადებენ, ექიმს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

"56 წლის ექიმი ჩვენს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რეანიმაციაში იყო ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე. თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. თვეზე მეტი აქ მკურნალობდა", - განაცხადეს კლინიკაში და აღნიშნეს, რომ ინფექციამ ფილტვების ძლიერი დაზიანება გამოიწვია.

ახლობლების ინფორმაციით, მადონა ტაკიძე წლების მანძილზე ქობულეთის კლინიკებში მუშაობდა.

"წლების განმავლობაში ქობულეთის კლინიკებში მუშაობდა. დღეს დილით გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. გაოგნებული ვართ მომხდარით", - აცხადებენ ახლობლები.

საერთი ჯამში, კორონავირუსით აჭარაში სამედიცინო სფეროს 6 წარმომადგენელი, 5 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.

გასული 24 საათის განმავლობაში, კი აჭარაში კორონავირუსის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

Ambebi.ge