"მე ამ წიგნებს ვუტოვებ შთამომავლობას" - კვირის პალიტრა

"მე ამ წიგნებს ვუტოვებ შთამომავლობას"

"აუცილებლად მოვა ვინმე დავით აღმაშენებლის მსგავსი"

ვინც "კვირის პალიტრაში" დანიელ ბაბუას ამბავი წაიკითხა (#11. "რა სიმდიდრეს უტოვებს დანიელ ბაბუა შთამომავლობას"), შეუძლებელია  დაავიწყდეს - საუკუნის კაცმა თბილისის ქუჩები საკუთარი ფეხით გამოიარა, რათა "მედია პალიტრაში" შვილთაშვილებისთვის "დავით აღმაშენებელი" გამოეწერა. წიგნი ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად რვა ტომად გამოდის. დანიელ ბაბუას კი სამი შვილთაშვილი ჰყავს, ესე იგი სამივესთვის სულ 24 წიგნი გამოიწერა.

განა გასახარი არ არის საუკუნის კაცი ისეთ ნერგს რომ რგავს, რაც არ გახმება? ამის გარდა, ჩვენს  სახლს ალბათ ყველაზე უხუცესი ხელმომწერი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში - ესეც ხომ საამაყოა. და კიდევ: ის ქვეყანა, სადაც საუკუნის დიდი ბაბუები შვილიშვილებს ყველაზე დიდ სიმდიდრედ წიგნებს უტოვებენ, თან ისეთს, სამშობლოს სიყვარული რომ უნდა გააღვივოს, არასოდეს მოკვდება!

აი, ამისათვის და პატივისცემის ნიშნად "პალიტრა L"-მა დანიელ ყიფიანს სიურპრიზი გაუკეთა, - დანიელ ბაბუასა და მის შვილთაშვილებს გაუგზავნა თავისივე გამოცემული შემეცნებითი წიგნების სერია - "ეს სამყაროა", ძველი რაინდების ამბებით დაწყებული, პოლარული სამყაროთი დამთავრებული - დაე, ამ პატარებმა მანამდე შეიმეცნონ სამყარო, სანამ თავისი გმირი მეფის ცხოვრებას გაეცნობიან. ასე უკეთ მიხვდებიან, რა გზა გაიარა, რამდენი ბრძოლა და შრომა დასჭირდა ჩვენს სახელოვან მეფეს საქართველოს ფეხზე დასაყენებლად.

KvirisPalitra.Geეს წიგნები მე თავად წავუღე დანიელ ბაბუას ოჯახში. სიხარულით მივდიოდი, რადგან სადაც ბევრს კითხულობენ, იქ ყოველთვის კარგია ყოფნა. ოღონდ წინასწარ  ვთხოვე, - იქნება შვილთაშვილებიც მოვიდნენ-მეთქი, - მინდოდა მენახა, საჩუქარი როგორ გაახარებდათ. ამით დანიელ ბაბუას გულიც მოვიგეთ - დანიელ ბაბუას სამი დაოჯახებული შვილი სამ სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს და ასე ერთად როდისღა ნახავდა!

დანიელ ბაბუა სამზარეულოდან გამოვიდა, ფეხზე ჩამოკიდებული პატარა სანდრო ცოტა განზე გასწია და სველი ხელი გამომიწოდა:

- მოხვედი? რძალმა მითხრა, "კვირის პალიტრამ" საჩუქარი გამოგვიგზავნაო. რაზე შეაწუხე ეს ხალხი?

- ვინ ხალხი?

- თქვენი გამომცემლები, რა ძვირფასი საჩუქარი გამოუგზავნიათ. არ ვიცი, ამაზე ღირებული რამე თუ არსებობს.

- თვითონ მოიფიქრეს. საუკუნის ხნის კაცი რომ წიგნების გამოსაწერად მობრძანდით, გაუხარდათ.

- ჰოდა, თუ კიდევ გექნებათ კარგი გამოცემა, იმასაც გამოვიწერ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ წიგნებს ჟურნალთან ერთად რომ გამოსცემთ. არც ძვირია და იმ ჟურნალებშიც ხომ წერია საინტერესო ამბები!

- ესე იგი, მოგწონთ?

- რას ჰქვია მომწონს! რვა წელიწადია თქვენს გაზეთს ვიწერ! რომ არ მომწონდეთ, გაზეთების მეტი რაა.

- ჩვენც მოგვწონხართ, წიგნის ერთგული რომ ყოფილხართ. შვილებსაც ამას ასწავლიდით ალბათ და იმიტომაც გაქვთ კარგი ოჯახი. არც ცხოვრებაში დაკარგულებს გვანან.

- ეგ ასეა, არ დაკარგულან. ჩვენ დიდი ქონება არ დაგვიგროვებია, მაგრამ ცხოვრებას გაუძლეს. მე რა უნდა გასწავლოთ, - "ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ დაეკარების". ყველაფერი მიდის - განათლება რჩება, იმას ვერაფერი წაშლის. ჩემს ოჯახში ჩემი სამი შვილი თავისი ცოლ-შვილით ერთად ცხოვრობდა, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო, მაგრამ წიგნებს ადგილს მაინც ვუძებნიდი. ახლა, სხვები თუ სამ-სამსართულიან სახლებს უტოვებენ შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს, მე ამ წიგნებს ვუტოვებ.

სამსართულიანი სახლი რომ მქონდეს, იმასაც რა აჯობებს, მაგრამ სახლი შეიძლება უწიგნურმა კაცმა სულ ფულად გაანიავოს, ან ერთ დღეს თავად ჩამოინგრეს - ამის მეტი რა მინახავს - მსოფლიო ომში ფრონტზე ხუთი წელიწადი ფეხით ვიარე და ჩემ თვალწინ სასახლეები ფეთქდებოდა. წიგნი თავში რჩება, ვინც ჭკუით მოიხმარს, სამსართულიან სახლებს თავად ააშენებს. მე დაბადების დღეებზეც წიგნებს ვჩუქნი შვილთაშვილებს... გოგონებს - თქვენი გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" ვაჩუქე... შვიდი თვის არის ჩემი რუსუდანი. რომ გაიზრდება და წაიკითხავს, ცოტა მაინც არ მოუნდება იმ ქალებს დაემსგავსოს, "ვეფხისტყაოსანში" რომ არიან?! იმ დღესაც, თქვენს გამომცემლობაში რომ გამოვიწერე წიგნები, რაც ფული დამრჩა, იმითაც წიგნები ვიყიდე სამ-სამ წყვილად - იქვე "ბიბლუსი" გქონიათ და შევედი.

- იდღეგრძელეთ... ახლა ის მითხარით, თქვენსავით საუკუნის რომ გავხდეთ და თან თქვენებრ მაგრები ვიყოთ, რა უნდა ვქნათ?

- უნდა იკითხოთ... გონება რომ ვარჯიშობს, ადამიანიც ვარჯიშობს. ყოველ დღე ქუჩაში გავდივარ. შინ რა გამაჩერებს! კედლებში გამოკეტილი ყოფნა ვერ არის კარგი. თან ქვეყანასაც ხომ შევყურებ, - აბა, რას შვრება-მეთქი, ხალხს ვაკვირდები, - იგივე ქართველები თუ ვართ, რაც ვიყავით-მეთქი.

- მერე, ვართ? რას შვრება ჩვენი ქვეყანა? თქვენი სანდროს, რუსუდანის, მარიამის თაობა თუ მაინც იცხოვრებს წელგამართულ ქვეყანაში?!

- ქართველებიც ვართ და მომავალიც გვაქვს. მე ვეღარ მოვესწრები, მაგრამ მოვა ვინმე დავით აღმაშენებლის მსგავსიც. არც ქართველობა გადაშენდება და არც ქართული ვაზი - ამათ რა გადააშენებს. თბილისში, ქალაქის ცენტრში, აივანზეც კი მაქვს ვენახი და ყოველ შემოდგომაზე ორ-ორ ოცლიტრიან ბოცა ღვინოს ვწურავ.

- თან სანდროც გიყურებთ, არა?

- მაშ!

...აბა, აგაშენათ ღმერთმა, - ვთქვი და გამომშვიდობება დავაპირე. მაგრამ ვინ გამოგიშვა, - დანიელ ბაბუამ თავისი დაწურული ღვინით სადღეგრძელო დამალევინა, - ქვეყნისაც, მომავალი თაობისაც, წიგნისაც და... "კვირის პალიტრისაც". სხვათა შორის, დავლიე, - კარგ კაცთან ლხინიც კარგია!..