საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია - რა შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან - კვირის პალიტრა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია - რა შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

"საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

"დელივერი"

"დრაივი"

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

დელივერსა და გატანის სერვისებს;

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

აგრარული ბაზრობის მუშაობას

და სხვ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

იხილეთ ვიდეო