"სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი" - კვირის პალიტრა

"სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი"

სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, საქართველო პანდემიის მართვის კუთხით დაუბრუნდეს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც იყო აგვისტომდე.

"სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ ისევე როგორც აგვისტომდე, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ექიმებთან ერთად პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, ბალანსის საუკეთესოდ დაჭერას, ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა. განსაკუთრებით, ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ევროპაში. როცა ვსაუბრობ ბალანსზე, ბალანსი შედგებოდა ორი კომპონენტისგან. ეს იყო ეპიდემიის მართვა და ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ ადაპტაციაში გადაიზარდა. ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ ეფექტურად", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სექტემბერში ქვეყანას, პანდემიის მართვის თვალსაზრისით, პოლიტიკური პროცესის გამო გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწია.

"ყველას მოგეხსენებათ, რომ სადღაც სექტემბრის თვისთვის ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, მესამე ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო, რაც არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია და ეს იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით ქვეყანაში, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ ტურამდე, მეორე ტურამდე და შემდგომ გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატეს და დადასტურეს სხვადასხვა ქუჩებში. დღეს ჩვენი მთავრობის, მოქალაქეების, ექიმების, ყველას ამოცანაა საქართველო დავუბრუნოთ შედარებით ისეთ მაჩვენებლებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორიც გვქონდა აგვისტომდე და საქართველო ამ პერიოდში იყო ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა",- განაცხადა გახარიამ.