"გაოცებული დავრჩი, როგორ გარბოდნენ ქალაქიდან, კილომეტრიანი რიგები იდგა. ასეთი გაქცევა არც აფხაზეთიდან მინახავს, არც სამაჩაბლოდან..." - კვირის პალიტრა

"გაოცებული დავრჩი, როგორ გარბოდნენ ქალაქიდან, კილომეტრიანი რიგები იდგა. ასეთი გაქცევა არც აფხაზეთიდან მინახავს, არც სამაჩაბლოდან..."

"დღეს ვიხილეთ დაკნინებული და შეშინებული ხალხი, რომელიც მარტო იმას ფიქრობს, როგორ იყიდოს ბევრი ტანსაცმელი და საჭმელი..."

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულმა მკაცრმა რეგულაციებმა, რომელიც ძალაში 28 ნოემბრიდან შედის, "შავ პარასკევს" მთელი ქალაქის მასშტაბით ისეთი ხალხმრავლობა გამოიწვია, რაც, ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, კარგა ხანია, არ გვინახავს - სატრანსპორტო კოლაფსი, საცობები, გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უსასრულო, არადისტანციური რიგები ტანსაცმლისა და სურსათის მაღაზიებთან თუ ბაზრობებზე... რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვებს ეკონომიკური კუთხით და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს მას? - ამ თემაზე თავისი სამოქალაქო აზრის გამოთქმა საზოგადოებისთვის ნაცნობ სახეებს ვთხოვეთ.

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

- ყველაზე უარყოფითი, რაც მთელ ამ ამბავს შეიძლება ახლდეს თან, ეს არის მედიაისტერიკა და პანიკა, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალებები თესავენ! ჯერ კიდევ როდის ამბობდა ავიცენა, - როდესაც ორი ბატკანი დააბეს, ერთს მუდმივად მგელს აჩვენებდნენ და შიშისგან მოკვდაო. არ შეიძლება საზოგადოება ამდენად დაზაფრო. დღეს ჩვენ მივიღეთ "შავი პარასკევი", რეალურად "შავი ჭირის" გავრცელების "საუკეთესო პირობებით". რადგან, აბსოლუტურად არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა შეზღუდვები წესდებოდა, პრიორიტეტები არასწორად იყო გადანაწილებული. ის "ზედახორა" და კილომეტრიანი რიგები, რაც მოლებსა და მაღაზიებში იყო, აბსოლუტურად დაუშვებელია, ასეთ მობილობას მაშინაც კი ვერ მივიღებდით, სამი თვე სულ რომ არაფერი ჩაეკეტათ. ხელოვნურად შეიქმნა ისეთი სიტუაცია, სადაც ეს ბაცილა უარესად გავრცელდა. ამიტომ, თუ ხვალ ეპიდემიოლოგები გამოვლენ და იტყვიან, რომ 10 ათასი დაავადებული გვყავს, აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

როდესაც ვირუსის გავრცელება ასეთი ტემპით ხდება, გამოსავალი შეზღუდვები ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ იყო წერტილოვანი შეზღუდვა, ესაა სრული ლოკდაუნი, თანაც, ახალი წლისთვის, ბარბარობისთვის თუ კათოლიკური შობისთვის მოსამზადებელი ძალიან ცოტა დრო დაუტოვეს ადამიანებს. ინფორმაციის არასწორად მიწოდების გამო, დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მივიღეთ. სპორტული დარბაზებისა და სათხილამურო კურორტების დაკეტვა და "შავი პარასკევის" დაშვება კი აბსოლუტურად მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.

- თქვენ რამდენად იცავთ რეკომენდაციებს და რა ხერხით იცავთ თავს ვირუსისგან?

- ვცდილობ, ბევრი ვისუნთქო სუფთა ჰაერი და მინიმალურად მოვიხმარო პირბადე, რომ ორგანიზმი საკუთარი ნახშირორჟანგით არ მოვწამლო, თუმცა, სადაც საჭიროა, ცხადია, ყველგან მიკეთია. ვცდილობ, თბილისში საერთოდ ნაკლებად ვიყო.

ადამიანებს ილუზია შეუქმნეს, რომ თუ ახლა მაქსიმალურად არ შეიძინეს პროდუქტი ან ტანსაცმელი, ქვეყანა მთავრდება და “მეორედ მოსვლა“ იწყება. გაოცებული დავრჩი, დღეს როგორ გარბოდნენ ქალაქიდან, კილომეტრიანი რიგები იდგა. ასეთი გაქცევა არც აფხაზეთიდან მინახავს, არც სამაჩაბლოდან... ერთი, კოდორიდან გაიქცნენ და დროშები დატოვეს ჩამოუხსნელი... ძალიან ცუდი ასოციაცია გამოიწვია, დღეს ვიხილეთ გაზულუქებული ხალხი, დაკნინებული და შეშინებული, რომელიც მარტო იმას ფიქრობს, როგორ იყიდოს ბევრი ტანსაცმელი და ბევრი საჭმელი... ლხინი ჭირის დროს - დღეს ამგვარი რაღაც მოხდა.

კურორტები უნდა გაგვეხსნა და ადამიანებისთვის გვეთქვა - სუფთა ჰაერი ისუნთქეთ, ივარჯიშეთ, იცურეთ, გაჯანსაღდით, იმუნიტეტი გაიძლიერეთ; გადასახადებისგან გაგვეთავისუფლებინა... მაგრამ ამის სანაცვლოდ, ვიგებთ იმას, რომ სამშვილიან ოჯახს 100 ლარი ეკუთვნის დახმარება. ყველაფერი არასწორადაა დამენეჯმენტებული.

- როგორ ფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა, როგორი ზამთარი ელის მოსახლეობას, ეკონომიკური თვალსაზრისით? რადგან ბევრი მათგანი უკვე უმუშევარი რჩება... თანაც, იმ ფონზე, როდესაც პროდუქტების ფასი ყოველდღიურად ძვირდება. - დიახ, იმ ფონზე, როცა უკვე 50% მივიღეთ გაძვირება, არ ვიცი, ფონს როგორ გავალთ. საქართველოში აღმოჩნდნენ მდიდრები, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ ყველაფერს, პრობლემა არ აქვთ და აღმოჩნდნენ ღარიბები, რომლებსაც ერთი პურის ფულიც კი უჭირთ. კულტურა, სპორტი გაღარიბდა. სამწუხაროა, რომ მათთვის ხელის შეწყობა არ ხდება.

ძალიან გავზულუქდით, ყველაფრით უკმაყოფილოთა თაობა მივიღეთ. ჩაკეტვების მიმართ ყველაზე ანტიგანწყობა მე მაქვს, მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ უნდა ჩავიკეტოთ, კი, ბატონო, შევასრულებ ნორმებს, მაგრამ კედელს თავს არ ვურტყამ, არ ვივიშვიშებ, სახეს არ ვიხოკავ, ამას ვხვდები, როგორც რეალობას და ამ მოცემულობაში მაქსიმალურად ისე მოვიქცევი, რომ ეს შემდეგ ჩემს ნერვულ და იმუნურ სისტემაზე არ აისახოს. პანიკის დათესვით ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ძალიან სცოდავს! ევროპაში ჩემი დები ცხოვრობენ და იქ სასწავლო დაწესებულებები არ დაკეტილა. რეალურად, ჩვენთან პანდემიაც არ გვაქვს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა 1%-იც არ არის.

- თქვენი აზრით, რა გამოსავალი უნდა იპოვოს ხელისუფლებამ, რომ ეს პერიოდი ნაკლებად რთულად გადავიტანოთ? - სასწრაფოდ უნდა გაუშვას რამდენიმე მინისტრი, რომლებიც შუშის თვალებით არაფრის მთქმელები არ არიან, უმაღლესი მენეჯმენტი შეიცვალოს და კრიზისული საბჭო შეიქმნას, ჩამოაშოროს საქმეს ის ეპიდემიოლოგები, რომლებმაც არასწორი გათვლები გააკეთეს გაზაფხულზე. რეალური გეგმა უნდა დაიდოს, ისეთი სპიკერი უნდა შეირჩეს, რომელიც ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ახსნის რა გვჭირს, რადგან მგონია, რომ ხალხმა ვერ გაიგო, რასთან გვაქვს საქმე და იმიტომაცაა ქუჩაში ასეთი აურზაური.

გურამ ბაღდოშვილი, შეფმზარეული, რესტორნების მფლობელი:

- პანდემიის დაწყებისა და რეგულაციების დაწესებისთანავე მოსახლეობის უმეტესობა ამ საკითხს პასუხისმგებლიანად მივუდექით. მერე კი იმდენად მიუშვეს ეს საკითხი, არა მხოლოდ ჩვენი სექტორი, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი და ეკონომიკა დაზიანდა. საზღვრები რომ არ გახსნილიყო, ჩვენ ვირუსი დაძლეული გვქონდა და მწვანე ზონის სტატუსს შევინარჩუნებდით. რაც მოხდა, იმაში ბრალი მოსახლეობას არ მიუძღვის. საზღვრები არ უნდა გაეხსნათ.

- თუმცა სწორედ მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა ზაფხულში ტურისტების შემოყვანას, ხელისუფლებას კი უნდა გაეთვალისწინებინა, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა...

- შედეგი რომ ავიღოთ, რა რაოდენობის ტურისტიც შემოვიდა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტს გაცილებით მეტი უჯდება დღეს ჩვენი შენახვა, დაავადებულთა მკურნალობა, დაკარგული სიცოცხლეები, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის გაურკვეველი ბედი, ქვეყნის ეკონომიკა და ა.შ. ის თანხა, რაც კოვიდსასტუმროებზე დახარჯეს, მოსახლეობისთვის მიზანმიმართულად რომ დაერიგებინათ, საზღვრებს არ გავხსნიდით, ვიქნებოდით მწვანე ზონა და სიკვდილიანობას თავიდან ავიცილებდით. დღეს რომ ადამიანებს სამსახურიდან ვუშვებ, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. “ნიანგის ცრემლები“ იდგა ჩემთან სამსახურში, რადგან ხალხს საშუალება არ ექნება, რომ ერთ თვეში ნიგოზი იყიდონ და ახალ წელს, ელემენტარულად, გოზინაყი და საცივი ჰქონდეთ, ქათამი იყიდონ, გოჭზე და ინდაურზე ლაპარაკი ზედმეტია. აქამდე სიტუაციას ოპტიმისტურად ვუყურებდი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ თავიდან მართლაც სწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ბოლოში ეს ხარვეზები ჩვენი სექტორისთვის ყველაზე დამრტყმელი და საზიანო აღმოჩნდა, ვეღარ იარსებებს და მერე, ტურისტი რომ შემოვა, ჭიქა წყალს ვეღარ დავალევინებთ. იანვარში ვიღაცისთვის მიცემული 200 ლარით გავალთ ფონს? სწორედ ამაში ვამტყუნებ ხელისუფლებას. მე არც ერთი პარტიის მომხრე არ ვარ, ჩემს დარგში ჩემი ქვეყნის განვითარება მინდოდა და იმიტომ დავბრუნდი აქ.

ეკო ფანგანი, ტელეწამყვანი:

- მესმის, რომ დღეს ყველას ძალიან უჭირს და რთულია ეს ჩაკეტილობა, ქვეყნის ეკონომიკას და ოჯახების ბიუჯეტს ურტყამს, მაგრამ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მეზობელი მეზობელს მშიერს არ დატოვებს და რაღაცას მაინც გაუყოფს, ერთმანეთს წინა ჩაკეტვის დროსაც ვეხმარებოდით ადამიანები, ამიტომ, ზოგმა უბრალოდ ფუფუნების საგნები უნდა მოვიკლოთ, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია. არის ოჯახები, სადაც კოვიდის გამო ორი ადამიანი დაკარგეს და ეს უფრო დიდი ტრაგედიაა. მით უმეტეს, შეზღუდვები სრული ორი თვე ისედაც არ არის, შუალედში ისევ გაიხსნება.

- ამაზეც ქილიკობენ - იმ ათ დღეში პანდემია ისვენებსო?

- ამ პანდემიის ჟამს ირონიით ლაპარაკი რა არის? ხომ ყველას გვინდა ევროპელობა, ევროპული კარგი ცხოვრება? მაშინ მინდა გითხრათ, რომ ევროპაში, ბევრ ქვეყანაში ორი თვეა, სრული ლოკდაუნია და ბევრი რამ სწორედ საშობაოდ იხსნება. ჩემი უახლოესი მეგობარი ინგლისში ცხოვრობს და ისეთი შეზღუდვებია, და-ძმას ერთმანეთთან სტუმრად მისვლა არ შეუძლია. სამაგიეროდ, ზოგი შეზღუდვა საშობაოდ იხსნება. ჩემი მშობლები ახლა გერმანიაში არიან და იქ ყველა კაფე დაკეტილია, იქაც უჭირს ხალხს, საშუალო ხელფასი 400 ევროა. დედაჩემი მიყვებოდა, რომ მწვანილიც კი ძალიან ძვირი ღირსო. შორიდან ყველაფერი მარტივად ჩანს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ გაჭირვებულ ადამიანს ნახავთ იქ, ბუნკერებთან. ევროპაშიც ასე რომ ხდება, რატომღაც, არ ვიცით. დავაკვირდეთ, რა რეგულაციებია დანარჩენ მსოფლიოში. ახლა სხვა გზა არ გვაქვს, სწორედ რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ. ჩემი აზრით, შეცდომა ის იყო, რომ წესების დარღვევის გამო, ყველას არ აჯარიმებდნენ და ზაფხულში ლმობიერად ექცეოდნენ. როცა გეუბნებიან, გაჩერდი, უნდა გაჩერდე და არ გადაიხადო ხალხმრავალი ქორწილები, დაბადების დღეები და ქელეხები. ნურავის ეწყინება, მაგრამ ჩემთვის არც ერთი ადამიანი არ არის ნორმალური, ვინც ამ პერიოდში დიდი წვეულებები გადაიხადა. აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა. ჩართონ უცხოური არხები და ნახავენ, რაც ხდება სხვაგან! გვაფრთხილებდნენ, იტალია განმეორდებაო და პროცენტულად, ფაქტობრივად, იმავე მდგომარეობაში ვართ. ვისაც ვირუსის არ სჯერა და პანდემიას არჩევნებს უკავშირებდა, მათ ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)