"რაც მე ვნახე, არ დავიჯერე - რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! - ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!" - კვირის პალიტრა

"რაც მე ვნახე, არ დავიჯერე - რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! - ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!"

ეს "შავი პარასკევი" საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, შეზღუდვებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები დაგვიანებულია. ის ამასთან, საზოგადოების მხრიდან დაუდევრობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებოდა, დაუშვებელია.

"ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარი არის, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ. შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროში და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! შეზღუდვები ხომ იქნება ხვალიდან, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში. ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს. ვირუსი გაქცეულია, ეს არ არის აფეთქება, ამას უკვე აფეთქებაც არ ქვია.

საქართველო იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულად გამოვა კოვიდიდან. ტურიზმი დაივიწყეთ! მშენებლობა, ბიზნესი დაივიწყეთ, ყველაფერი დაგენგრევათ! ჩვენ მივიღებთ განადგურებულ ჯანდაცვის სისტემას და განადგურებულ ეკონომიკას... დღეს რაც მე ვნახე, არ დავიჯერე - რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, დღეიდან, ორ საათში ყველაფერს ვკეტავო. ეს "შავი პარასკევი" საქართველოს ისტორიაში იქნება ნამდვილად შავი პარასკევი. ამ დაგეგმარების მიხედვით, სიტუაცია ორი კვირის მერე უნდა ჩამცხრალიყო, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი წელი გვექნება შავი, არც წითელი და არც თეთრი, რატომ ვაკეთებთ ამას, ვერ გავიგე და გამაგებინეთ... რა ბიზნესი და რა ტურიზმი, მიხედეთ ჯანმრთელობას! თუ გეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა, ბიზნესიც გექნება და ქვეყანას ააშენებ", - განაცხადა ფხაკაძემ.

იხილეთ ვიდეო