"ბიოლოგიურ ომში ვართ, უხილავ მტერს ვებრძვით, რომელიც უნდა დავამარცხოთ"
"ბიოლოგიურ ომში ვართ, უხილავ მტერს ვებრძვით, რომელიც უნდა დავამარცხოთ"
"თუ იმ პაციენტების საკითხი მოგვარდება, რომელთაც სახლშიც შეუძლიათ მკურნალობა, სისტემის მართვა შედარებით გაადვილდება, სტაციონარებში ექიმებს მუშაობა შეუმსუბუქდებათ"

თელენევროლოგი დავით მრელაშვილი­ წლებია ამერიკაში ადგილობრივ პაციენტებთან ონლაინრეჟიმში მუშაობს. მას შემდეგ, რაც საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ათასებს გადასცდა, შინ მყოფი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების მკურნალობის მოდელი შექმნა, რათა პაციენტმა ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ დროს მიიღოს. ამისთვის საუკეთესო მოდელად ტელემედიცინა მიაჩნია.

- ხშირად მირეკავენ და პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ, ვის რა შეცდომა აქვს და რატომ დამძიმდა
ვითარება. ახლა ამის დრო აღარ არის, ბიოლოგიურ ომში ვართ, უხილავ მტერს ვებრძვით, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ამიტომ პერსონებისა და სისტემის განსჯისა და კრიტიკის ნაცვლად, ჯობს ყველამ გამოსავალზე ვიფიქროთ. ამიტომ გადავწყვიტე ტელემედიცინის დანერგვა ბინაზე მყოფი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ. ამით კლინიკებსა და სამედიცინო პერსონალს ოდნავ
შეღავათი მიეცემა, თორემ სრულ კოლაფსს მივიღებთ. პაციენტისა და ექიმის სატელეფონო კონტაქტი დღემდე წარმატებით მუშაობს არაერთ ქვეყანაში. სწორედ ამას ემსახურება ტელემედიცინაც - ონლაინრეჟიმში პაციენტებთან სწრაფი კავშირი. ამ მოდელის უპირატესობა ის არის, რომ სახლში მყოფი პაციენტების მართვის გაუმჯობესებით მთლიანად სისტემის მუშაობა გაუმჯობესდება. ეს თანამიმდევრული პროცესების ჯაჭვია. ერთ-ერთი რგოლი რომ შეფერხდეს ან ინფორმაცია აირიოს, დანარჩენებზეც აისახება. თუ იმ პაციენტების საკითხი მოგვარდება, რომელთაც სახლშიც შეუძლიათ მკურნალობა, სისტემის მართვა შედარებით გაადვილდება, სტაციონარებში ექიმებს მუშაობა შეუმსუბუქდებათ.

წლებია ამერიკის დაახლოებით 25 შტატში გვაქვს ეს სისტემა დანერგილი და ინსულტიანი პაციენტები, რომელთაც კვალიფიციური ნევროლოგი სჭირდებათ, ინტერნეტით, ვოტსაპით ან ვაიბერით გვიკავშირდებიან.

ავტომატიზებული ონლაინრეჟიმი ამჟამად კახეთში ინერგება. ექიმი ბინაზე მყოფ პაციენტს ვიდეოკონსულტაციას გაუწევს.

- არაერთმა ექიმმა სოციალური ქსელით მიმართა საზოგადოებას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.
- დიახ, უამრავი ექიმი სთავაზობს "ფეისბუკის" საშუალებით პაციენტებს დაუკავშირდნენ მესინჯერით ან თუნდაც პირად ტელეფონზე. თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ბევრმა "ფეისბუკის" მოხმარება არ იცის, ვერც ოჯახის ექიმს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შექმნა ვებგვერდი, საიდანაც ოჯახის ექიმთან კონტაქტი შეუძლიათ. არაერთ ინფიცირებულს უთქვამს, მითხრეს, რაღაც საიტზე შედი, ვერაფერი გავიგე და სახლში წამოვედიო.
როცა პაციენტს ინტერნეტქსელებზე წვდომა არა აქვს, ჩვენ ვასწავლით ინტერნეტში მუშაობას, ვუხსნით, როგორ უნდა მოიხმაროს ვაიბერი ან სხვა ქსელი. პაციენტს მხოლოდ სმს-ის აკრეფა ევალება, ჩართავს მიკროფონს და გვიყვება თავის სიმპტომებზე, ანუ ხმოვან შეტყობინებას გვიგზავნის. ამის შემდეგ მათ ექიმი უკავშირდება.

ახლა ინფორმაციული ქაოსია. სინამდვილეში მსუბუქი პაციენტი ბევრად მეტია, ვიდრე მძიმე, მაგრამ ინფორმაცია დაუხარისხებელია და ამიტომაც არის არეულობა. მთავარია, მსუბუქი პაციენტები როგორმე "ჩამოვხსნათ" სისტემას და შემდეგ ვითარება მართვადი იქნება.
ამ მოდელის საცდელ ვარიანტში რამდენიმე ექიმი ჩავრთეთ და მათ კარგად აუწყვეს ფეხი. პაციენტების უმეტესობასაც უკვე აქვს ვაიბერზე წვდომა. ვაიბერის ჯგუფი იმიტომაც არის კარგი, როცა რომელიმე პაციენტს დახმარება სჭირდება, მაშინვე წერს ჯგუფში, ინფორმაციას პასუხისმგებელი ექიმი ოპერატიულად გაეცნობა. ფიქსირდება, რა დროს შემოვიდა შეტყობინება და ვერავინ იმართლებს თავს, ზარი არ მინახავსო, ან უკუკავშირზე ვერ გავედიო.

- ფიქრობთ, რომ ეს მოდელი გაამართლებს?
- კახეთში რამდენიმე ასეული პაციენტი გვყავს, რომლებთანაც ამ მოდელით ვმუშაობთ. თუ გაამართლებს, სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ, ოღონდ გვჭირდება სამედიცინო პერსონალი, რომელიც კოვიდპაციენტებთან იმუშავებს. სასურველია, კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები გვყავდეს, რათა როგორც საშუალო, ასევე, დამძიმების საფრთხის მქონე პაციენტებთან იმუშაონ დისტანციურ რეჟიმში. მათ მაღალი ემოციური ინტელექტი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეთ, რათა პაციენტებს პასუხი ონლაინრეჟიმში ან ტელეფონით გასცენ. სასურველია, ფლობდნენ ინგლისურს, რათა სამედიცინო ლიტერატურას გაეცნონ. მათ სახლიდან მუშაობაც შეეძლებათ, ოღონდ სამუშაო გარემო, ხარისხიანი ინტერნეტი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი უნდა ჰქონდეთ.

დიაგნოზის დასმისთანავე ბაზაში უნდა აღრიცხონ ინფიცირებული პაციენტი, რომელიც თვითიზოლაციაში იქნება და დისტანციურად მართავს მათ. ყველა ექიმს ჰყავს, სულ ცოტა, ერთი დამხმარე –ენერგიული ახალგაზრდა, რომელსაც ქოლცენტრის ფუნქცია ექნება და ექიმს ყველა პაციენტის ქეისს გაუმზადებს, რათა ექიმმა მკურნალობის გარდა, სხვა რამეზე დრო არ დაკარგოს.

- პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობთ თუ ჯანდაცვის სისტემასთან შეთანხმებით?
- ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და წინსვლაც გვაქვს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები