"ქვეყანა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას"
"ქვეყანა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას"
"კი ბატონო, აკრიტიკეთ გამყრელიძე, რომ სწორი რეკომენდაციები არ გასცა, მაგრამ ქვეყანას თავი დავანებოთ... ცუდი დეკემბერი იქნება, ცუდი ახალი წელი მოდის, ამიტომ ახლა არ გვინდა დაპირისპირება"

28 ნოემბრიდან ქვეყანა ცხოვრებას ახალი რეჟიმით შეუდგა. ბუნებრივია, მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა ამ ამბავს, თუმცა მთავრობა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები გვეუბნებიან, რომ ეს გარდაუვალი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით "კვირის პალიტრის"" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან­ გამყრელიძე უპასუხებს.

- ბატონო ამირან, არის ეს ლოკდაუნი, თუ
მაინც წერტილოვან შეზღუდვებს უწოდებთ?

- ეს არ არის სრული ლოკდაუნი, ჩემი ტერმინოლოგიით ამას ჰქვია გაფართოებული და გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვები. სრული ლოკდაუნია, სახლიდან რომ არ უშვებ კაცს და ბევრი სხვა მოთხოვნაც გაქვს. გაზაფხულზე უფრო მკაცრი შეზღუდვები გვქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, თუმცა
გამკაცრება შედეგს არ მოგვიტანს, თუ ხალხი მოთხოვნებს არ დაემორჩილა, თუ ზედამხედველობა არ დაწესდა.
გაზაფხულზე ხალხმა დაიჯერა და გვერდში ამოუდგა ექიმებსა და სახელმწიფოს, ამიტომაც გვქონდა კარგი შედეგი. ახლაც ერთად უნდა ვიმოქმედოთ და გავითავისოთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური მატების შესანელებლად და მერე შესამცირებლად ეს აუცილებელია. არაფერი გამოგვივა, თუ ყველამ არ იგრძნო პასუხისმგებლობა.

- შეზღუდვებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სანქციები განიხილება?
- სანქციები არის - ჯარიმებია პირბადის გარეშე სიარულისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, 21 საათის შემდეგ საშვის გარეშე გარეთ გასვლისთვის და ა.შ. მაგრამ თუ შეგნება არ არის, მხოლოდ მათრახის პრინციპი არ მუშაობს.

სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან გართულებულია.
საზოგადოებისაც მესმის - როცა თავისუფლებას უზღუდავ, ყველა ღიზიანდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა პროგნოზით ნავარაუდევ სიკვდილიანობის ზღვარს გავცდით და როცა დღეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 29-ზე მაღალია, ასეთი შეზღუდვები აუცილებელია. უნდა გავიჭირვოთ, სხვა გამოსავალი არ არის.

- პრემიერმა თქვა, არაბუნებრივად მაღალი მატება გვაქვსო. ეს რისი ბრალია?
- ბევრი რამის, მე რამდენიმეს გამოვყოფ. ჩვენ ივნის-ივლისში გავთამამდით, დავიჯერეთ და შევიქმენით ილუზია, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ და უკვე დავამარცხეთ "კოვიდი". თუ გახსოვთ ჩემი იმდროინდელი გამოსვლები, სულ ვიმეორებდი, არა, ბატონები, კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, არ შევიკრიბოთ, არ გვინდა დიდი ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ჩვენთან არის, ცირკულირებს და თავს აუცილებლად შეგვახსენებს-მეთქი. შედარებით თავშეკავებულად უნდა ვყოფილიყავით. ვიცი, რომ სხვადასხვა რაიონიდან ჩადიოდნენ ბათუმში ქორწილებში. რა სჯობია, რაც მეტი ქორწილი იქნება, მეტი ოჯახი შეიქმნება და მეტი ბავშვი დაიბადება! ამას უნდა მივესალმოთ, მაგრამ ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ კიდევ წელიწადი-წელიწად-ნახევარი, სანამ წამალი გაჩნდება, ყველაფერში თავშეკავება და ზომიერება გვმართებს.

ამის გარდა, რა თქმა უნდა, შემოდგომაზე, წინასაარჩევნოდ იმართებოდა ხალხმრავალი შეხვედრები, სადაც რეკომენდაციების დაცვა ვერ ხერხდებოდა, არჩევნების დღეს, არჩევნების შემდგომ და მეორე ტურის წინ იყო გამოსვლები... მოკლედ, ოქტომბერ-ნოემბერში მობილობა ძალიან მაღალი იყო და ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის, რაც დღეს გვაქვს.

- პირველი ტალღის დროს ამბობდნენ, მთავრობა ეპიდემიოლოგებს უსმენს და ამიტომ გვაქვს ასეთი კარგი შედეგიო. არჩევნებამდე და შემდეგ აღარ მოგისმინეს, თუ თქვენ გამოგრჩათ, რომ ზომების გამკაცრება იყო საჭირო? ან იქნებ ჯობდა, არჩევნები სულაც გადაედოთ, როგორც სხვა ქვეყნებში...
- მე პოლიტიკურ კითხვებს არ ვპასუხობ. რაც იყო, უკვე ჩავლილი მატარებელია. მხოლოდ ერთს გეტყვით - ჩვენ, ექიმებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველთვის რადიკალური მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. არჩევნები, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ისეთი მნიშვნელოვანია, რომ საჭიროდ ჩაითვალა, ეს პროცესი არ შეჩერებულიყო.

- ოპოზიციის ბრალდებები მრავალმხრივია, უმთავრესი კი ზაფხულში ნებადართული მიმოსვლაა...
- ზოგი ამბობს, გაზაფხულზე ყველაფერი რატომ ჩაკეტესო, ზოგი - მერე რატომ გახსნესო. ჩემთვის გასაგებია, რომ როცა ოპოზიციაში ხარ, მთავრობა უნდა აკრიტიკო. ოპოზიციაში ბევრი ჩემი კარგი ნაცნობი თუ მეგობარია, მაგრამ მათაც ვთხოვ, რომ ეს არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური საკითხი.
ქვეყანა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას - ცუდი დეკემბერი იქნება, ცუდი ახალი წელი მოდის, ამიტომ ახლა არ გვინდა დაპირისპირება. კი ბატონო, აკრიტიკეთ გამყრელიძე, რომ სწორი რეკომენდაციები არ გასცა, მაგრამ ქვეყანას თავი დავანებოთ. ამ დროს ყველა ერთად უნდა ვიყოთ - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, ექიმებიც, მთავრობაც, რადგან ეს ვირუსი საერთო მტერია. ახლა მაცნობეს, კიდევ ერთი კარგი ექიმი დაგვეღუპა. გუშინ და გუშინწინაც რამდენი მედმუშაკი გამოგვეცალა ხელიდან... 8 000 მედიკოსია ინფიცირებული ქვეყანაში. საბედნიეროდ, ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა სამსახურს, მაგრამ... ხომ გინახავთ, რა დღეში არიან საავადმყოფოებში ექიმები, როგორ მუშაობენ, სახეზე ნაჭდევებით, 24 საათი მაღალი რესპირატორები რომ უკეთიათ! მათი შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია, ამიტომ ახლა ჰოსპიტლებს შვება უნდა მივცეთ.

დღეს 6 ათასზე მეტი ადამიანი წევს საავადმყოფოებში, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა.
პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, როგორიც, მაგალითად, გერმანიას. ხომ ნახეთ, ჩეხეთს როგორ გაუჭირდა და გერმანია მიეხმარა - ავადმყოფები წაიყვანეს, საფრანგეთსაც მიეხმარა - იქიდანაც წაიყვანა ავადმყოფები, როცა საწოლები აღარ ეყოთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ძალიან რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და მას როგორმე ერთად დგომით უნდა მოვერიოთ.

- დიახ, ყველამ უნდა გავითავისოთ, მაგრამ რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების წინა დღეს ქუჩებში, მაღაზიებში ხდებოდა - "შავ პარასკევს" ვგულისხმობ - ესეც ხომ სახიფათოა.
- ვიცი, რაც ხდებოდა და ვიმეორებ, ყველგან ზომიერება გვმართებს. სასურსათო მაღაზიები, პირველადი მოხმარების სანიტარიული სახლები, აფთიაქები ხომ არ იკეტება, ხომ ხელმისაწვდომია დილიდან 21 საათამდე?! 24 დეკემბრიდან, საახალწლოდ, ისევ ხომ იქნება შესაძლებელი, ოჯახის წევრებს, მეგობრებს საახალწლო საჩუქრები ვუყიდოთ და რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რაღაც, ჩემთვის გაუგებარია.

- 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე რეგულაციები რომ მოიხსნება, იმავე სურათს არ მივიღებთ?
- თუ ასე მოხდება, ეს კვლავაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით იკრიბებიან ადამიანები. დახურულ თუ ღია სივრცეში დიდი თავშეყრა დაავადების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორია, ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევა. ხომ გახსოვთ, გაზაფხულზე ეკლესიის გარეთ რომ იდგნენ ერთმანეთისგან მოშორებით და ასე ტარდებოდა წირვა-ლოცვა? ახლაც ასე უნდა მოხდეს. მაღაზიებშიც არ შეიძლება, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ზედახორა. სწორედ ამ ზედახორას მოსდევს ინფექციის გავრცელება.

- და თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, არ შეიძლება დაწესდეს უფრო მკაცრი ჯარიმები? მხოლოდ ხალხის შეგნების იმედად რატომ ვართ? გაზაფხულზე დიდ მაღაზიებში ათ კაცზე მეტის შეშვება არ შეიძლებოდა, ახლა, მგონი, ამის გათვალისწინება გამორჩათ...
- ალბათ, არ ეგონათ, რომ ასეთი სიტუაცია იქნებოდა.

- ისევ რეგულაციებს დავუბრუნდეთ - ვიცი, გათვლილი გექნებათ ყველაფერი. რა შედეგს ელოდებით, მაგალითად, რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ ორ კვირაში?
- რთულია ამის პროგნოზირება. პირველი ამოცანაა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შევაჩეროთ, მერე კი თანდათან შევამციროთ.

- მაგრამ 24 დეკემბერს რეგულაციების ერთი კვირით მოხსნა ხომ არ იქნება ისეთივე შეცდომა, როგორიც იყო ზაფხულში შიდა ტურიზმის ამოქმედება?
- ჯერ დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება ორი კვირის თავზე...

- მეორე ტალღის დასასრული როდის ივარაუდება და მესამე ტალღაზე რას გვეტყვით?
- ახლა ჩვენთან მეორე ტალღაა - ბევრად ძლიერი, ვიდრე პირველი იყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეიძლება იყოს მესამეც, მაგრამ უფრო სუსტი. პანდემიების დროს ყოველთვის მეორე ტალღა უფრო ძლიერია, თუმცა მედიცინაში პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა.

- ვაქცინასთან დაკავშირებით რა პერსპექტივები გვაქვს?
- 4-5 ვაქცინა უკვე მესამე ფაზის დასრულების პროცესშია. გამოაცხადეს, რომ დეკემბრის ბოლოს ამერიკამ, გერმანიამ, ბრიტანეთმა შეიძლება გარკვეული ჯგუფების აცრა დაიწყონ. ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. კოვაქს-პლატფორმაში, რომელიც მუშაობს ვაქცინების გლობალური ალიანსის ბაზაზე. ამ 4-5 ვაქცინიდან, რომლებსაც ის დაამტკიცებს, საქართველო იმას მიიღებს. არჩევის უფლებაც გვექნება.
თანხა უკვე გადარიცხულია. თავდაპირველად აიცრებიან სამედიცინო პერსონალი და რისკჯგუფები.
იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები რისკჯგუფების შესახებ და, რა თქმა უნდა, მათ გავითვალისწინებთ. შეიქმნება საქართველოს გეგმაც კოვიდვაქცინის დანერგვის შესახებ და შემუშავდება სცენარები, როგორ ჩავატაროთ მოსახლეობის ვაქცინაცია. ვაქცინას გაზაფხულზე ველოდებით.

- როგორ ფიქრობთ, 2021 წელს მოვერევით "კოვიდს" თუ 2022-შიც მასზე ვისაუბრებთ?
- 2021-ში ვისაუბრებთ, მაგრამ ეს ვირუსი წლის მეორე ნახევარში ასეთი აგრესული, ალბათ, აღარ იქნება.
მეკო
01 დეკემბერი 2020 14:35
მერე რას ჩაატარეთ ეს არჩევნები? სწორადაც პოლიტიკაში ხართ ჩართული, მსოფლიო პოლიტიკაში.
ლილე
01 დეკემბერი 2020 14:09
რატომღაც ყოველთვის ხალხს ბრალდება. ავსტრიაში დღეში 9000 -ზე მეტი იყო დავადებული, მაგრამ ტრანსპორტი არ გააჩერეს , რადგან იქ საკმაოდ ბევრი ავტობუსი დადის და შუალედი 2-3წუთია. ეს უნდა მოეწესრიგებინათ. ქუჩაში, სადაც ხალხი თითქმის არ არის პირბადე საჭირო არ არის. გამყრელიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ასე სიარული იწვევს ფილტვების დასუსტებას. ამაშიც საჭიროა დაკონკრეტება. სადაც ბევრი ხალხია იქ უნდა ეკეთოთ. ჰაერი ისუნთქეთო ადრე იძახდნენ და ახლა პირბადით ისირნეთო. მარაზმია! ბატონო ამირან ძალიან კარგი ახალი წელი ექნება ჩემს ქვეყანას, თუ თქვენ არ დააპანიკებთ ხალხს. ახალგაზრდა და პოზიტიური ექიმი გვინდა! 60 წელს ზევით ყველა სახლში გაუშვით ამ პერიოდში. .თქვენ და იმნაძეს არ გეხებათ?
ნათელა.
01 დეკემბერი 2020 13:04
ხალხმა უნდა გაითავისოს რამხელა საშიშროების წინაშე ვდგევართ,უნდა დაიცვან ყველანაირი რეკომენდაციები..

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები