"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - კვირის პალიტრა

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ"

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც გირჩის ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

"ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. იურისტებიც გვყავს თბილისიდან ჩამოყვანილი. მთელ ამ დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ. სანამ ეს რეგულაციები არსებობს, ბათუმში საცხოვრებელი სახლი მექნება. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც ფართთან ერთად აქირავებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბათუმში, კვარიათში, გონიოში, სარფში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობდა და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ, ჩემს სახლში სტუმრად მოხვიდეთ და ივარჯიშოთ. ხვალ აქ შემოსვლის უფლება არავის ექნება, რადგან ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს, კონკრეტულად სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. მოდით ჩემთან სტუმრად, ვისაც ვარჯიში გინდათ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. მათივე ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

"ინტერპრესნიუსი

"