"ვერ გავიგე, რა კორონაა, რა არის ეს? შეიძლება უკვე გადატანილიც მაქვს" - კვირის პალიტრა

"ვერ გავიგე, რა კორონაა, რა არის ეს? შეიძლება უკვე გადატანილიც მაქვს"

"ახალ წელსაც, ისევ იქნებიან ამირანა გამყრელიძე და სამი მუშკეტერი"

ზალიკო ბერგერი კორონა-პანდემიაზე, შეზღუდვა-ჩაკეტვებსა და არსებულ რეალობაზე თავის მოსაზრებებს ჩვეული იუმორნარევი სტილით გვიზიარებს...

- ზალიკო, როგორ ეგუებით იმ რეალობას და ჩაკეტვებს, რაც პანდემიის გამო დაწესდა? შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორ იცავთ თავს ვირუსისგან?

- რა ვიცი, აბა, შევხედავთ, მოიკლებს თუ არა ინფიცირებულთა რიცხვი ამ შეზღუდვების შემდეგ. პირადად მე, კორონას არსებობის არ მჯერა... ალბათ, ადრე თუ გვიან გავიგებთ, რა კორონაა, რა არის ეს. სიარული და სადმე წასვლა, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ 9-ზე მაინც სახლში უნდა მოვიდე, ან მეგობრებთან დავრჩე დილამდე.

- რატომ არ გჯერათ კორონას არსებობის? მოგონილი გგონიათ? თქვენს საახლობლოში არ არიან ადამიანები, ვინც ეს ვირუსი გადაიტანა?

- კი, როგორ არა, მაგალითად, მოსკოვში ჩემს მეგობარს დაემართა და რამდენიმემ საერთოდ ძალიან მარტივად გადაიტანა.

- თუმცა, ვხედავთ, რომ ზოგიერთ ოჯახში, ერთდროულად ორი ადამიანიც კი იღუპება კორონავირუსისგან...

- ჰო და აი, ეს ვერ გავიგე ამ ვირუსის. ამიტომ ვამბობ, რაღაც ბოლომდე არ მჯერა-მეთქი. სამომავლოდ რა იქნება, ან რა მოვლენაა საერთოდ, ამის დიაგნოზს და პროგნოზს მე ვერ ვაკეთებ. ფაქტია, მსოფლიოშია ეს ჩაკეტილობა და ნებისმიერზე მოქმედებს.

- პირბადეს თუ იყენებთ?

- სადაც მთხოვენ, კი.

- ქუჩაში?

- თუ მთხოვეს, გაიკეთეო, ვიკეთებ. ისე კი ჯიბეში მაქვს და არ მიკეთია.

- მერე, არ გეშინიათ, რომ გადმოგედოთ?

- შეიძლება გადატანილიც მაქვს უკვე და ვერც გავიგე ვერაფერი.

- პირბადე თქვენ თუ შეგიკერავთ?

- სხვათა შორის, რამდენიმე ადგილას მთხოვეს, რატომ არ კერავო და რა ვიცი, ეს პირბადეები ძალიან მახინჯია და ვიფიქრე, მართლა ხომ არ შევკერო-მეთქი. მაგრამ თავიდანვე იმდენმა დიზაინერმა შეკერა, ამიტომ ვიკავებ თავს. ვნახოთ. იქნება მალე სულ არ აღარ დაგვჭირდეს ნიღაბი და დავისვენოთ ამ კორონასგან.

- ამჟამად რაიმეზე თუ მუშაობთ, როცა განწყობა გაქვთ?

- ბოლო დროს ახალი არაფერი შემიქმნია დიზაინერული კუთხით... წინა კარანტინში ხალხი ძალიან გაერთო ამ ჩემი ლაივებით, ახლაც ვაპირებდი ჩაწერას და შეიძლება მალე ლაივშიც მოგელანდოთ (იცინის). ბერლინში მეგობარი მყავს და ის მეუბნებოდა, ამ არჩევნების დროს არ ჩაერთო, პოლიტიკურ ამბებში არ ჩაერიოო (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის მიტინგები რომ იყო და არჩევნების შედეგები გააპროტესტეს, სამართლიანი იყო მათი მოთხოვნები?

- ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე და ამდენ ოქმებს რომ აჩვენებდნენ, რა ვიცი, ალბათ, სამართლიანი პროტესტია.

- იყავით არჩევნებზე?

- არა, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

- ახლა ყველა კლუბი და კაფე რომ დაკეტილია, როგორ უნდა გაერთოთ?

- სულ თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ რეალობასთან შეგუება, ახლა ვნახოთ.

- "შავ პარასკევს" ყველა რომ მაღაზიებს მიაწყდა, თქვენც თუ იყავით სადმე გასული? ახლა საზღვრებიც ჩაკეტილია და სად ყიდულობთ ტანსაცმელს?

- რომ ვიყიდო, სად ჩავიცვა? "Black Friday"-ზე საზღვარგარეთ არ წავსულვარ არასდროს და აქ, მით უმეტეს, თბილისის "შავი პარასკევი" რა უნდა ყოფილიყო? ისეთ დღეში ვართ, ისედაც "შავი პარასკევი" არ გვიდგას?

- გარკვეული დროით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც შეიზღუდა. თქვენ რა სახის ტრანსპორტით სარგებლობთ ხოლმე?

- მე სულ ტაქსით დავდივარ, 9 საათამდე კი დადის, ან მეგობრებთან ერთად. ახლა ალბათ ნაკლები მანქანა იქნება ქალაქში.

- როგორ გგონიათ, როგორი იქნება უახლოესი ერთი თვე და ახალი წელი?

- რა ვიცი, ეს კორონა ისევ იქნება, სამწუხაროდ, მსხვერპლიც, ეს ამირანა გამყრელიძე და სამი მუშკეტერიც ისევ იქნებიან, წლევანდელი ახალი წელი კი იმაზე უარესი, ვიდრე აქამდე ყოფილა საქართველოში... ისე ხომ დალხენილი ცხოვრება გვქონდა და ახლა ეს კორონა გვაკლდა... ყველამ გავიგეთ ჯანმრთელობის ფასი, ამიტომ ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ცის გახსნას, ხალხს სადმე წასვლის ხალისი დაუბრუნდეს და ყველაფერი დალაგდეს.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)