"ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, ბევრად მეტი დეტალი შევამჩნიე"
"ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, ბევრად მეტი დეტალი შევამჩნიე"
"გაუვალ გზებზე ცალი ხელით მანქანის მართვაზე რთული ქალაქში სიარულია. უგზოობაზე მხოლოდ დაშვებულ შეცდომასთან გამკლავებაა საჭირო, ქალაქში კი უნდა იცოდე, ყველა გიჟის თავში რა ხდება"

მარკეტერის, ბლოგერის, ვლოგერის, მოყვარული ფოტოგრაფისა და ოფროუდერის, მარიამ ნანობაშვილის­ ისტორია იმით არის საინტერესო, რომ მას მარცხენა ხელის კიდური არა აქვს. ხელის დაკარგვას მარიამი არ შეუშინებია და ის დღეს სპორტსმენია.

- ჩვეულებრივი მშვიდი ბავშვი ვიყავი, განსაკუთრებული თავგადასავლების გარეშე. მიყვარდა კითხვა, მეგობრებთან ერთად გართობა, ლაშქრობებში სიარული და დედის
დახმარება საოჯახო საქმეებში. მე და დედას დიდებული ურთიერთობა გვაქვს და საერთო ინტერესებიც მისი თავგადასავლების სიყვარულიდან მოდის - თავიდან ლაშქრობებში დავდიოდით, შემდეგ კი ოფროუდიც დაემატა. რამდენად რთული სპორტის სახეობაა?

თითზე ჩამოსათვლელია ოფროუდერი ქალები. ოფროუდერი რომ გავხდეთ, მანქანის სპეციფიკის ცოდნაა საჭირო, როდის რა ფუნქცია გამოგადგება და ასე
შემდეგ. ოფროუდში სხვადასხვა სახის შეჯიბრებაა: თრაიალი, ორიენტირება, ტროფი-რეიდი, ტროფი-სპრინტი... უმეტესობაში შტურმანი აუცილებელია. სპორტის ამ სახეობაში საშუალოდ წარმატებული ვარ.

- მარიამ, როგორ დაკარგეთ კიდური?
- დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩუქურთმიანი კარის სახელურზე დავეცი და ხელზე დიდი ჰემატომა დამრჩა, მაგრამ გაიწოვა. სამი წლის წინ ვარჯიშისას შევამჩნიე, რომ ხელს ბოლომდე ვერ ვშლიდი. მერე ისეთი ძლიერი ტკივილი დამეწყო, ღამეები არ მეძინა, ვერაფრით ვიყუჩებდი. მოკლედ, ხელზე კისტური წარმონაქმნი დამიდგინეს. მარცხენა ხელის ამპუტაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველი ორი ოპერაცია და ქიმიოთერაპია სიმსივნურ სარკომასთან ბრძოლაში უშედეგო აღმოჩნდა.

- გარემო, სადაც გიხდებათ ცხოვრება, არის თუ არა თქვენზე მორგებული?
- გარემო სრულიად არაადაპტირებულია. ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, ბევრად მეტი დეტალი შევამჩნიე. ვცდილობ ყოველდღიურობას შევეგუო და გამოსავალი ვიპოვო, ზოგჯერ უცნაურიც კი.

- ბლოგერი და ვლოგერი ხართ. რა კონტენტი გაქვთ არჩეული, რაზე მუშაობთ?
- ბლოგერი 2006 წლიდან ვარ, ხოლო ვლოგინგი (ვიდეობლოგერობა) სულ 2 წელია დავიწყე. ჩემს პირად ბლოგზე ყველაფერს ნახავთ - დაწყებული პირადი ისტორიებით და დამთავრებული ოფროუდრეპორტაჟებითა და აზიაში მოგზაურობის ამბებით, ვიდეოარხზე კი უმეტესად სასარგებლო კვებაზე, ნარჩენების შემცირებასა და გააზრებული გადაწყვეტილების მიღების ხერხებზე ვლაპარაკობ.

- არ გიჭირთ მანქანის ცალი ხელით მართვა?
- გაუვალ გზებზე ცალი ხელით მანქანის მართვაზე რთული ქალაქში სიარულია. უგზოობისას მხოლოდ დაშვებულ შეცდომასთან გამკლავებაა საჭირო, ქალაქში კი უნდა იცოდე, ყველა გიჟის თავში რა ხდება.

- როგორია მარიამის ერთი დღე?
- ჩვეულებრივი: მუშაობა, სახლის საქმეები და განტვირთვა. ხანდახან ახლობლების ნახვა ჟამიანობის ყველა წესის დაცვით... მოყვარული ფოტოგრაფი და მოყვარული კულინარიც ვარ, აზიური და აჭარული კერძები ძალიან მიყვარს. იმედია, მალე პროთეზი მექნება და ჩემი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

ზურა სოლომნიშვილი
Giorgi macharashvili
06 დეკემბერი 2020 19:18
ნამდვილად ძლიერი ქალბატონია ❤️❤️❤️
SIBORO
06 დეკემბერი 2020 15:40
აი, მაგალითი ქართული შეუპოვრობის. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები