"თურმე მოსკოვში ჩასვლისთანავე დამიწყია ტირილი... იქაურ ცხოვრებას ვერ შევეგუე, ვფიქრობდი, თუ არ ჩამოვიდოდი, სულიერად მოვკვდებოდი" - კვირის პალიტრა

"თურმე მოსკოვში ჩასვლისთანავე დამიწყია ტირილი... იქაურ ცხოვრებას ვერ შევეგუე, ვფიქრობდი, თუ არ ჩამოვიდოდი, სულიერად მოვკვდებოდი"

"გოგონა, რომელიც კილომეტრებს გადის თბილისიდან, სვანეთში რომ ბავშვებს ასწავლოს"

ნინო ანდრიასოვამ 17 წელი იცხოვრა მოსკოვში, წლების წინ კი საქართველოში დაბრუნდა და სამსახურის ძებნა დაიწყო. 2018 წლიდან მესტიაში ცხოვრობს, ხოლო იანვრიდან ორ სოფელში - მულახსა და ეცერში რუსულ ენას ასწავლის. ფეხით გადის კილომეტრებს, რომ იქაურ ბავშვებს გაკვეთილები ჩაუტაროს, თუმცა ეს არ აბრკოლებს, სიყვარულით აკეთოს თავისი საქმე.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 11 წლის ვიყავი, როდესაც დედასთან ერთად მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. იქ დავამთავრე სკოლაც და უნივერსიტეტიც. წარმოშობით სომხები ვართ, ყარაბაღიდან, ქალაქ შუშიდან, თუმცა იქ ნათესავები არ გვყავს. 1917 წელს ჩემი წინაპრები საცხოვრებლად თბილისში რომ გადმოსულან, ბებია ერთი თვის ყოფილა მაშინ. მამა სოხუმში ცხოვრობდა, აფხაზური სისხლიც ჰქონდა. ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ. დედა ფიზიკოსია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა. ახლა 77 წლისაა, მარტო ცხოვრობს და მოსკოვში, ბავშვთა ონკოლოგიურ კლინიკაში მუშაობს. რადგან კლინიკა სპეციფიკურია და ბავშვები იქ თვეობით არიან, მათთვის გახსნილია სკოლა, სადაც მათემატიკას ასწავლის. ყოველ ზაფხულს ჩამოდის ხოლმე საქართველოში.

- ნინო, საქართველოში ჩამოსვლამდე რას საქმიანობდით? - ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე, ავტოსაბურავების შექმნის სპეციალისტი ვარ, მაგრამ არასდროს მიმუშავია ჩემი პროფესიით. რუსეთში კი იყო ბევრი ქარხანა, სადაც რეზინის საბურავებს აწარმოებდნენ, მაგრამ გოგონები იშვიათად სჭირდებოდათ და თანაც ძალიან მცირე ხელფასს უხდიდნენ. ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის ქალს უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე კაცს - ასეთი შემთხვევა იქ ბევრია.

ორი წელი ქართულ დიასპორაში ადმინისტრატორად ვიმუშავე. ვაწყობდით სხვადასხვა ღონისძიებას, გვქონდა ქართული ენის უფასო კურსები ნებისმიერი მსურველისთვის, ვაწყობდით გამოფენებს, პოეზიის საღამოებს - მოკლედ, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ვცდილობდით. მიხაროდა, რომ მოსკოვშიც მქონდა პატარა კუთხე - ჩემი წილი საქართველო. შეიძლება უცნაური ვარ, მაგრამ გულითა და სულით მიყვარს აქაურობა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ სხვაგან წავა, იქ სამოთხე და კარგი პირობებია, რომ ყველგან კარგია, სადაც არ ვართ, მაგრამ ასე არ არის. ჰოდა, ერთ დღეს ყველაფერი მივატოვე და თავიდან დავიწყე ცხოვრება.

- ეს გადაწყვეტილება გონებაში, ალბათ, უცებ არ მომწიფებულა.

- ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი საქართველოში და სულ მინდოდა დაბრუნება, ოღონდ - სამუდამოდ. თურმე მოსკოვში ჩასვლისთანავე დამიწყია ტირილი, უკან წავიდეთ, სახლში მინდა-მეთქი. იქაურ ცხოვრებას ვერ შევეგუე. ბოლოს იქამდე მივედი, რომ ვფიქრობდი, თუ არ ჩამოვიდოდი, სულიერად მოვკვდებოდი.

ბავშვობიდან მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით - მთა. ტურებით დავდიოდი სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში. ზემო სვანეთში პირველად 2016 წელს მოვხვდი და ისე მომეწონა, ვთქვი, აი, აქ უნდა ვიცხოვრო-მეთქი. მას მერე ზაფხულობით ყოველთვის ამოვდიოდი რამდენიმე დღით.

- დედამ რა გითხრათ ამ გადაწყვეტილების შესახებ? - ძალიან განიცდიდა, მაგრამ ავუხსენი, რომ არც ფიზიკურად და არც მორალურად აღარ შემეძლო იქ ყოფნა. თუ არ წავალ, ვიქნები არსება სულის გარეშე-მეთქი, ვუთხარი. შინაგანად ძალიან მიჭირდა, აგრესიული გავხდი, არადა, არ ვიყავი ასეთი.

ვიცოდი, რომ საქართველოში სამსახურის შოვნა რთული იქნებოდა, თან - ჩემი სპეციალობით, მაგრამ გავბედე და ჩამოვედი. ერთხანს ტურიზმის სფეროში ვცადე ბედი - ტურებს ვაწყობდი და გიდიც ვიყავი. იმ პერიოდში სვანეთში უფრო ხშირად მიწევდა ამოსვლა. ისე მომწონდა აქაურობა, გადავწყვიტე, რეპეტიტორობა დამეწყო და რუსულ ენაში მომემზადებინა სკოლის მოსწავლეები. როდესაც მითხრეს, რომ რუსული ენის მასწავლებლები ჭირდა, ვიკითხე, რა უნდა გამეკეთებინა. მითხრეს, საგანი უნდა ჩააბაროო, პარალელურად კი უნდა გამევლო ტრენინგებიც. გამოცდა ჩავაბარე და იანვრიდან მუშაობა დავიწყე მულახში, სექტემბრიდან კი - ეცერის სკოლაშიც.

- ახლოს არის ეს სოფლები?

- ეცერსა და მესტიას შორის 26-28 კილომეტრია. მძღოლებთან მოლაპარაკებული ვარ და კვირაში სამჯერ თბილისის სამარშრუტოს მივყვები ეცერამდე, მერე კი ერთ კილომეტრს ფეხით გავდივარ. 9-ზე უკვე სკოლაში ვარ და თუ ღიაა, შენობაში ვიცდი, თუ არა - გარეთ, რადგან აქ სწავლა 10 საათზე იწყება. გაკვეთილების შემდეგაც ორი საათით მიწევს ლოდინი, მესტიამდე რომ გამოვყვე ტრანსპორტს. მულახამდე 18 კილომეტრის გავლა მიწევს ფეხით. რადგან მე მივლინებული არ ვარ პროექტით "ასწავლე მთაში" და ჩემი სურვილით ვარ სვანეთში, ქირასაც თვითონ ვიხდი და არც მაღალი ხელფასი მეკუთვნის. როგორც ამიხსნეს, სანამ უფროსი მასწავლებლის სტატუსს არ მომანიჭებენ, არ შემიძლია ამ პროექტში მივიღო მონაწილეობა, ამიტომ ბანკში სესხზე განაცხადი შევიტანე - მანქანის ყიდვა მინდა, თორემ ძალიან რთულია სიცივეში ამდენი კილომეტრის ფეხით გავლა.

- იმედია, ბავშვები ხვდებიან, რა კარგ საქმეს აკეთებთ მათთვის? - ხვდებიან, როგორ არა...

იყო შემთხვევა, როდესაც დავალება არ შეასრულეს და ავუხსენი, თქვენ გამო ამხელა გზაზე ფეხით მოვდივარ, მინდა რაღაც გასწავლოთ და თქვენ გეზარებათ, ასე არ შეიძლება-მეთქი. გაიკვირვეს, მართლა ფეხით მოდიხართ ჩვენ გამოო? არ ვიცოდით და ამის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთო. მართლაც, იმ დღის მერე ყველა დავალებას ასრულებენ.

- გაიხსენეთ პირველი შეხვედრა ბავშვებთან, პირველი ემოციები. - ძალიან ვნერვიულობდი. ბებიაც რუსული ენის პედაგოგი იყო, დედაც და მათგან ბევრი რამ მესმოდა მოსწავლეებთან ურთიერთობის, მათი ბუნების შესახებ. თანამედროვე ბავშვებთან თან მეგობრული უნდა იყო, თან ზღვარი და სიმკაცრეც შეინარჩუნო. უნდა სცადო და შენი საგნის მიმართ ინტერესი გაუჩინო. სხვანაირად არ გამოდის, რადგან მაშინდელი და ახლანდელი თაობა ცასა და მიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც შეეხება ბავშვებს, მათ თბილად მიმიღეს. თავდაპირველად ჰქონდათ კომპლექსი, რომ რუსული არ იცოდნენ და ვერ ლაპარაკობდნენ. მე მათ ვუხსნიდი, რომ ამის გამო არავინ დასცინებდათ, რომ აუცილებელია რუსულის ცოდნა, მით უფრო, როცა ტურიზმი ასე ვითარდება. ვცდილობ, ყველანაირად დავაინტერესო და შევაყვარო ჩემი საგანი. ხან სიმღერით ვასწავლი, ხან საინტერესო მასალებს ვაგროვებ და კვირეულს ვაწყობ, მონაწილეებს კი სიგელებს გადავცემ, რაც მათთვის სტიმულია.

- ხომ არ გაგიჭირდათ შეგუება ხალხთან, ადათ-წესებთან, ბუნებრივ პირობებთან? - მანამდეც მყავდა სვანი ახლობლები და მათ კარგად ვიცნობდი. სვანები შრომისმოყვარე, მორწმუნე, ტრადიციების ერთგული, ნიჭიერი ხალხია. კარგად მიმიღეს, ხშირად მპატიჟებენ დღესასწაულებზე და როგორც ოჯახის წევრს, ისე მექცევიან. აქაურებმა თუ მიგიღეს და შეგიყვარეს, სულში ჩაგისვამენ, მაგრამ თუ ქედმაღლურ დამოკიდებულებას შეგამჩნევენ, არ მოითმენენ, პირდაპირ გეტყვიან, კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენი ბარგი გარეთ არისო.

მადლობა ღმერთს, ყველგან და ყოველთვის კარგ ხალხს რომ მახვედრებს.

ნინო ჯავახიშვილი