"ლაილაშიდან ებრაელებთან ერთად წავიდნენ ჩვენი ბერძნებიც და მათაც ჩემი გული გაიყოლეს" - კვირის პალიტრა

"ლაილაშიდან ებრაელებთან ერთად წავიდნენ ჩვენი ბერძნებიც და მათაც ჩემი გული გაიყოლეს"

"სოფელი, სადაც საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს ოთხი უძველესი ხალხი: ბერძნები, ებრაელები, სომხები და ქართველები ერთად სიყვარულით ცხოვრობდნენ"

შესაძლოა, ბევრმა არაფერი იცოდეს ლეჩხუმის ამ პატარა სოფლის შესახებ, მაგრამ თუ ალტრუიზმზე, უმცირესობის უფლებებზე, ან თუნდაც დემოკრატიულობაზე ვიმსჯელებთ, მაშინ ლაილაში ათასგზის უძველესი აღმოჩნდება, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიის ბურჯი რომელიმე ქვეყანა. ლეჩხუმის ამ სოფელში საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს ოთხი უძველესი ხალხი: ბერძნები, ებრაელები, სომხები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ.

გურამ ჩაჩხიანი ლაილაშის უხუცესია და მეც გადავწყვიტე მას გავსაუბრებოდი.

- ბატონო გურამ, როგორ აღმოჩნდა ერთ პატარა, მთიან სოფელში ეს ხალხი? ასეთი ურთიერთობა სხვაგან რომ შეენახათ ასე რუდუნებით, ალბათ, იქაურობა სამუზეუმო ექსპონატად იქცეოდა.

- ამ ხალხის ჩვენში დასახლების ისტორია, სამწუხაროდ, არც ერთ წიგნში არ არის აღწერილი, მაგრამ უძველესია, ისევე, როგორც ჩვენი, X საუკუნეში ლაილაშში ებრაულ ენაზე დაწერილი ბიბლია, რომელიც ახლა მხოლოდ ჩვენი და ებრაელების კი არა, მსოფლიოს განძია.

ლაილაში უძველესი სავაჭრო გზის ერთ-ერთი ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამ გზაზე დადიოდნენ აღმოსავლეთის ქვეყნების უძველესი ვაჭრები - დღევანდელი თურქეთ-სპარსეთის ტერიტორიიდან დაიძვრებოდნენ, გამოივლიდნენ ეგრისის სამეფოში და ამოივლიდნენ დღევანდელ ქუთაისში, საიდანაც აქლემებით შემოუყვებოდნენ ლაილაშისაკენ. ჩვენსას კი დაისვენებდნენ, ივაჭრებდნენ, ღამით ცეცხლთან დაბანაკდებოდნენ და როცა დილა გათენდებოდა, მამისონის უღელტეხილისაკენ დაიძრებოდნენ, რათა იქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყვნენ და იქაც ევაჭრათ.

- წარმომიდგენია, უცხოელი ვაჭრები როგორ გაიოცებდნენ აქაურობის დანახვას - თქვენი სოფელი ხომ სამოთხესავით ლამაზია. - გეთანხმებით. მეც მომასწრო ღმერთმა და ვხედავ, რა ემართებათ უცხოელებს ჩვენი მთების ცქერისას - სუნთქვა უჩერდებათ, აღტაცებისაგან ენა ებმით და ასე იქნებოდა მაშინაც. ალბათ ამიტომაც ამ ვაჭრებიდან ბევრმა მოინდომა ლაილაშში დასახლება, მით უფრო, რომ ჩვენი სოფელი მტრისაგან მთებით იყო დაცული, სიღარიბისგან კი - ვაჭრობით. ცხადია, აქ დიდი სიმდიდრე ტრიალებდა. მეც მახსოვს ლაილაშის პარასკევ-კვირის ვაჭრობები. ებრაელები ქუთაისიდან ეზიდებოდნენ სავაჭრო საქონელს, რის გამოც მთელი რაჭა-ლეჩხუმი ლაილაშში გროვდებოდა. ჰოდა, რადგან ლაილაშში იყო ყველაფერი - დაცულობა, სიმდიდრე და სილამაზე, ეს ხალხიც მოვიდა და დასახლდა.

- ცხადია, რომ სიმშვიდე იყო. სხვანაირად ვერც X საუკუნეში ბიბლია გადაიწერებოდა ებრაულ ენაზე. - ასეა, კაცი წიგნს რომ წერს, შინ და გარეთ მშვიდობა სჭირდება. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, როგორ წერდნენ აქ ამ ბიბლიას. მერე ეს წიგნი, ალბათ, თავად ებრაელებმა გადამალეს და გადაარჩინეს. გასული საუკუნის 40-იან წლებამდე იყო გამქრალი. 1957 წლიდან კი ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ჩვენმა მეცნიერებმა წაიღეს და უპატრონეს.

ბოლშევიკების შემოთარეშებისას, საბედნიეროდ, სინაგოგაც გადარჩა დანგრევას და სომხური ეკლესიაც. ეგ იყო, შიგ აღარავინ ლოცულობდა. ჩვენი ებრაელებიდან უმეტესობამ თავისი ენაც კი არ იცოდა, ისევე, როგორც სომხებმა და ბერძნებმა. დღეს სინაგოგა ისევ დგას, სომხურ ეკლესიას კი ცაცხვის უზარმაზარი ხე დაეცა და და ჩაანგრია, სამწუხაროდ დღეს ეკლესიის მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა... როდესაც პირველ კლასში მივედი, ორი პირველი კლასი გვქონდა. ერთში ებრაელები სწავლობდენენ, მეორეში კი - ჩვენ, ქართველები. ერთმანეთს სულ ვეჯიბრებოდით, ოღონდ - სიყვარულში. ეგენი რომ ისრაელში წავიდნენ, მე დარდმა კინაღამ მომკლა. ახლა მათი შთამომავლის ცქერა მახარებს. ისე ჩამოდიან ლაილაშში, გეგონება, გუშინ წასულიყვნენ აქედან. ალბათ ბებია-ბაბუები უყვებიან აქაურობაზე. ებრაელებთან ერთად წავიდნენ ჩვენი ბერძნები და მათაც ჩემი გული გაიყოლეს. აი, სომხები კი დარჩნენ და გაქართველდნენ. ახლა ვიღაც მეტყვის, თავიანთი ეროვნება რომ შეენახათ, ხომ უკეთესი იქნებოდაო, მაგრამ ჩვენს სომხობას საუკუნეების მანძილზე სხვა სამშობლო არსად ჰქონია და რატომ არ უნდა გაქართველებულიყვნენ....

- რომ შემეძლოს, ლაილაშში ედემს გავაშენებდი და ყველასთან ვიამაყებდი. ნუთუ ხელისუფლებიდან ამაზე არავინ ფიქრობს? - არ ვიცი, ვინ ურჩია, მაგრამ მგონი, ბოლო დროს მაგაზე ფიქრი მართლაც დაიწყეს. გამოჩნდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ლაილაშის ფასს ხვდება. არაფერია გვიანი, დაიწყონ. მაგათ ახლა გამოადგებათ, შთამომავლობას კი - მომავალში.