გიდეონ ლევინი - ფოტოგრაფი, რომელმაც მოდის ისტორიაში ეპოქა შექმნა - კვირის პალიტრა

გიდეონ ლევინი - ფოტოგრაფი, რომელმაც მოდის ისტორიაში ეპოქა შექმნა

"ფოტოგრაფია წლების განმავლობაში შეიცვალა, განსაკუთრებით - ციფრული ტექნოლოგიების გამოგონების შემდეგ. სამყაროს დღეს სიჩქარე განაგებს და არა - ხარისხი"

ებრაელმა ბიჭმა, ფოტოგრაფმა, 1964 წლის სექტემბერში დიზაინის კოლეჯში (კალიფორნია) სწავლა დაამთავრა და სამსახურის საძებნელად ნიუ-იორკში გაემგზავრა რიჩარდ ავედონთან გასაუბრებაზე. ტყავისხელჩანთიანმა ახალბედა ფოტოგრაფმა ავედონის სტუდიის კიბეზე ავლისას გაიფიქრა: "ინტუიცია მკარნახობს, რომ შესაფერის ადგილას მოვხვდი".

ასე დაიწყო ავედონის "მარჯვენა ხელის, გიდეონ ლევინის შემოქმედებითი ცხოვრება. გიდეონი ავტორია წიგნისა Avedon: Behind the Scenes 1964-1980 (ავედონი: სცენის მიღმა 1964-1980), რომელშიც ის მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული ფოტოგრაფის მუშაობის სტილსა და ცხოვრებაზე.

"რიჩარდ ავედონის ფოტოების წყალობით გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკამ საკუთარი სტილი, სილამაზისა და კულტურის სტანდარტი დაიმკვიდრა," - წერდა 2004 წელს გაზეთი The New York Times-ი, - მან შექმნა ეპოქა მოდის ისტორიაში."

გიდეონ ლევინი "კვირის პალიტრის" მკითხველს მოუთხრობს, როგორი იყო ავედონი კადრს მიღმა და რა ხდებოდა ყველაზე გახმაურებული ფოტოების გადაღების დროს.

- ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ ნიუ-იორკში, ავედონთან მიხვედით გასაუბრებაზე. როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა? - ფაქტი, რომ ასე სწრაფად ამიყვანა თავის მეორე პირად ასისტენტად, აღმაფრთოვანებდა. დრო დამჭირდა, რომ გამეაზრებინა, როგორი იღბლიანი აღმოვჩნდი.

თავდაპირველად მუშაობა დავიწყე ავედონის პარტნიორთან, ჰირო ვაკაბაიასისთან - მსოფლიოს მოდის სფეროში ერთ-ერთ დიდებულ ფოტოგრაფთან. მასთან სამი კვირა გავატარე. ეს იყო, ძირითადად, გაცნობა. სტუდიის რეჟიმთან შეგუება არ გამჭირვებია, ამასობაში კი ავედონი ესპანეთიდან დაბრუნდა, სადაც მივლინებით იყო და ჩემი ნამდვილი მუშაობაც დაიწყო.

ერლ სტეინბაიკერმა, ავედონის პირველმა ასისტენტმა და სტუდიის მენეჯერმა, დავალება მომცა, რომ მივლინებაში გადაღებული ფირი დამემუშავებინა. რამდენიმე დღე-ღამე დამჭირდა ამ დავალების შესასრულებლად.

ავედონთან გადასაღებ მოედანზე ჩემი პირველი დღე სუნამო უონტ-ის რეკლამის გადაღებები იყო. მე თეთრი ფურცელი მეჭირა და პერიოდულად განათებებს ვასწორებდი. ჩვენ ვიღებდით ფირით და სწრაფად ვცვლიდით, სანამ ავედონი მოდელის სწრაფ მოძრაობებს იღებდა. იმ დღეს 150 ნეგატივი გვქონდა და ჩვენს ლაბორატორიაში ღამით გავამჟღავნეთ. ეს იყო ერთდროული მუშაობა შეთანხმებული გუნდისა, რომელიც თავს ამ საქმეს უძღვნიდა.

- აქედან მალე ავედონთან ერთად წახვედით პარიზის მოდის კვირეულსა და იაპონიაში ჟურნალ "ვოგის" გადაღებებზე. თქვენ მასთან ერთად იყავით მე-20 საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებებისას. როგორი იყო ის მუშაობის პროცესში? - ავედონის გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ მისი სტუდიის მენეჯერი გავხდი და შევითავსე რამდენიმე ფუნქცია - ვაგვარებდი სხვადასხვა პრობლემას, ვაწყობდი სცენას, ვჯავშნიდი მოდელებს, ვიყავი მრჩეველი, მაგრამ ყველაზე მეტად განათების საკითხი მეხებოდა.

როდესაც ვკითხე, როგორი განათება სურდა, მიპასუხა, ლამაზი განათება მომეციო.

ასე შევქმენი მოძრავი, მოქნილი ხელის განათება, რომელიც მუდმივად დაჰყვებოდა გადასაღებ ობიექტს. მე და რიჩარდი სინქრონულად ვმუშაობდით. ეს იყო ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩემი ცხოვრება მთლიანად მას და მის ნამუშევრებს მივუძღვენი, რათა მას შესძლებოდა მხოლოდ საქმეზე ეფიქრა. თავის მხრივ, ის მაძლევდა სრულ თავისუფლებას, რომ ფოტოები დამოუკიდებლადაც გადამეღო და ჩემი კლიენტები მყოლოდა.

- ავედონთან ერთად იყავით, როდესაც იღებდით სოფი ლორენს, ოდრი ჰეპბერნს, კეტრინ დენევს, შერის, რენე რუსოს და ა.შ. გაიხსენეთ ერთ-ერთი მათგანის გადაღებები. - ავედონი კამერის წინ ყველას ერთნაირად ეპყრობოდა - ვარსკვლავებსაც და უცნობ ფოტოგმირებსაც. პირველად პარიზში, ჟურნალ Harper’s Bazaar-ისთვის გადაღებებს გავიხსენებ - უცებ შემოტრიალდა და მითხრა, ახლა შენ იღებო. ერთხელ ჯინ შრიმპტონს ვიღებდით. კამერისკენ ზურგით იდგა. მე განათება მაღლა ავწიე, ზემოდან დავანათე, რომ მისი ლამაზი მოსასხამისთვის დრამატიზმის ელფერი შემეძინა. რომ დავანათე, ყურში ჩამესმა აღფრთოვანებული შეძახლი: "ვაუ!" დანარჩენი კი ისტორიას დარჩა.

- 16 წელი იმუშავეთ ერთად - 1964-დან 1980-მდე. როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა მას შემდეგ, რაც ავედონისგან დამოუკიდებლად განაგრძეთ მუშაობა? - 1980 წლამდე მე ავედონთან ერთად მსოფლიო მოვიარე, მისი ოთხი დიდი გამოფენა მოვაწყვე. ის მუშაობის ახალ ფაზაში გადადიოდა, მე კი უკვე მზად ვიყავი, დამოუკიდებლად მემუშავა, მყავდა კარგი კლიენტები და შესაფერისი დრო იყო, ჩემი სტუდიაც შემექმნა. ავედონი მგულშემატკივრობდა.

- საუკეთესო გადაღების დღეს თუ გაიხსენებთ? - არც ერთი არ არის საუკეთესო, რადგან ცხოვრება მოგზაურობაა, რომელიც გასწავლის, ყოველი დღე კი არის სიახლის მომტანი. მე ხვალინდელ დღეს ველი.

- მიგაჩნიათ, რომ დღეს მოდის ფოტოგრაფია ძველებურად კრეატიულია? - ფოტოგრაფია წლების განმავლობაში შეიცვალა, განსაკუთრებით - ციფრული ტექნოლოგიების გამოგონების შემდეგ. სამყაროს დღეს სიჩქარე განაგებს და არა - ხარისხი.

მე და რიჩარდი 2004 წლამდე, მის გარდაცვალებამდე ვმეგობრობდით.

ერთი პორტრეტის ისტორია

გიდეონ ლევინი: "ავედონის ნამუშევრების კოლაჟს ვაკეთებდით. ეს იყო შერეული ფოტოები - ლამაზმანებისა და მხეცების. აქეთ გამოფენილი იყო ჯინ შრიმპტონისა და ტვიგის, სხვა მხარეს კი - კენედის მკვლელობის ამსახველი ფოტოები. ყველაფერი ერთ სივრცეში გვქონდა. როდესაც ექსპოციზიაზე მუშაობა დავასრულეთ, ჩამოვკიდეთ ფოტოები, დავსხედით და ვუყურებდით. მე ყოველთვის თან მქონდა კამერა. შევხედე ავედონს და ვუთხარი: "მოდი, შენს პორტრეტს გადავიღებ." რა თქმა უნდაო, მიპასუხა. ასე გამოვიდა მისი ცნობილი პორტრეტი."