როგორ ავირიდოთ წონის მომატება პანდემიის დროს - კვირის პალიტრა

როგორ ავირიდოთ წონის მომატება პანდემიის დროს

"როდესაც ადამიანი რვა თვის მანძილზე იძულებულია, შინ იჯდეს და, ფაქტობრივად, არ იმოძრაოს, ის ვერ "დაწვავს" იმ კალორიებს, რომელთაც საკვებით იღებს. სწორედ ეს "დაუწვავი" კალორიები "გვასაჩუქრებს" ზედმეტი წონით. მართალია, ჭარბ წონას ძირითადად არაჯანსაღი კვება იწვევს, მაგრამ პანდემიის დროს თვეების მანძილზე დაუხარჯავი კალორიები მართლაც აღმოჩნდა გასუქების მიზეზი"

სანამ პანდემიის სტრესს ვუძლებთ, მის გავლას ველოდებით და ერთმანეთს პირბადეების გაკეთებისაკენ მოვუწოდებთ, ვირუსმა, სულ რომ არ ველოდით, ისეთი კვალი დაგვატყო - უმეტესობა ისეთი ჭარბი წონით "დაგვასაჩუქრა", რომ პანდემიის შემდეგ შეიძლება ერთმანეთის ცნობაც კი გაგვიჭირდეს. ისიც ცხადია, რომ ამ ჭარბ წონასთან ბრძოლა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდება. დიეტოლოგების თქმით, ჭარბი წონის პრობლემა პანდემიის დასაწყისიდანვე გაჩნდა, განსაკუთერებით - კორპუსებში გამოკეტილ მოსახლეობაში, მათ შორის - ბავშვებში, რომლებიც ონლაინსწავლებამ კომპიუტერებს უფრო მიაჯაჭვა. ამ პრობლემამ დილემა, მოსახლეობასთან ერთად, დიეტოლოგებსაც გაუჩინა - რა ეშველება პანდემიის შემდეგ დაგროვებულ ცელულიტებს, ცხიმებსა და კილოგრამებს. ცნობილ დიეტოლოგს, ასმათ კევლიშვილს, სწორედ ამ კითხვით მივმართეთ:

- ქალბატონო ასმათ, როდესაც ფიქრობ, რომ რვა თვეა, პანდემიამ შინ ჯდომა და ურთიერთობებზე უარის თქმა გაიძულა, შეიძლება დეპრესია დაგემართოს. ყველა "სიკეთეს" ჭარბი წონაც დაემატა. რაღა შორს წავიდე - თავადაც ძალიან მაწუხებს მომატებული კილოგრამები...

- თუკი ეს დასამშვიდებლად გამოგადგებათ, გეტყვით, რომ პანდემიის დროს წონა თითქმის მთელ ჩვენს მოსახლეობას მოემატა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც შეუზღუდავად იკვებებიან, მაგრამ არ სუქდებიან. აქ თავის როლს გენეტიკა ასრულებს, რაც ცოტა არ იყოს, შურს იწვევს.

როდესაც ადამიანი რვა თვის მანძილზე იძულებულია, შინ იჯდეს, შინვე იმუშაოს და, ფაქტობრივად, არ იმოძრაოს, ის ვერ "დაწვავს" იმ კალორიებს, რომელთაც საკვებით იღებს. სწორედ ეს "დაუწვავი" კალორიები "გვასაჩუქრებენ" ზედმეტი წონით. მართალია, ჭარბ წონას ძირითადად არაჯანსაღი კვება იწვევს, მაგრამ პანდემიის დროს თვეების მანძილზე დაუხარჯავი კალორიები მართლაც აღმოჩნდა გასუქების მიზეზი.

- ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობა არ არის მიჩვეული სპორტულ დატვირთვას, ბევრმა ვერ შეძლო, დაგროვლი კალორიები იმ სტადიონებზე მაინც დაეხარჯა, რომელთა დეფიციტს არ ვუჩივით. - მოსახლეობას ჭარბ წონასთან დაკავშირებით სხვა დილემა აქვს - ზოგიერთმა სტადიონზე ვარჯიშით წონა კიდეც რომ დაიკლოს, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ეს მობეზრდება, ზედმეტი კილოგრამები მაშინვე "დაუბრუნდება". გამოსავალი მხოლოდ სწორი კვებაა, რომელთან დაკავშირებით უსიამოვნო გამოცდილება მაქვს - როდესაც ადამიანებს სწორ კვებას ვუხსენებ, უკმაყოფილოდ მეუბნებიან, რა სწორ კვებაზეა ლაპარაკი, როდესაც ფული მხოლოდ კარტოფილისთვის გვყოფნისო! მიაჩნიათ, რომ სწორი კვება აუცილებლად ძვირად ღირებულ პროდუქტებს გულისხმობს, არადა, ასე არ არის.

სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას აუცილებელი პროდუქტი მართლაც აკლია, მაგრამ სწორად კვება მაინც შესაძლებელია. ის ადამიანი ვერაფრით იქნება ჯანმრთელი, ვინც კარტოფილს ყოველდღე ზეთში დაბრაწულს მიირთმევს, პირიქით, ამ დროს იმუნიტეტი დასუსტდება, მაგრამ თუ კარტოფილს კანიანად მოხარშავს და ასე შეექცევა, ჯანსაღ კვებასაც შეძლებს, რადგან მოხარშული კარტოფილი კალიუმის წყაროა.

ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენს თავს ასე რისხვად დამტყდარი კოვიდინფექცია სწორედ ჩვენი იმუნიტეტის "დამსახურებაა. იმუნიტეტზე, სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს ცივილიზაციის "მონაპოვარი" არაერთი ძვირად ღირებული პროდუქტი, რომელსაც ზოგიერთი შეძლებული ადამიანი დიდი სიხარულით ყიდულობს და წარმოდგენაც არა აქვს, რა შხამს უმზადებს თავს.

ამიტომაც, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შესაძლოა, ბევრი მწირი მატერიალური შესაძლებლობის მქონე ადამიანი უფრო ჯანმრთელი იყოს, ვიდრე ის, ვინც ძვირად ღირებულ, ქიმიური ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქტს ეტანება.

- მინდა გკითხოთ ე. წ "პანდემიურ დიეტაზე"... სოციალურ ქსელში არაერთი პროდუქტის მიღებას გვირჩევენ, მაგალითად, ლიმონის, რომელიც სისხლის გამათხელებლად ითვლება. გამყიდველმაც კი მითხრა ბაზარში, რაც ლიმონი სისხლის გამათხელებლად დასახელდა, მას შემდეგ დახლზე აღარ გვიჩერდებაო... - დიახ, ნამდვილად არსებობს ხალხი, ვინც პანდემიისას ლიმონს დამხმარედ მიიჩნევს და ბევრს მიირთმევს, მაგრამ ლიმონი შარდმდენია და მისი უზომო რაოდენობით მიღება ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს. ცუდია, რომ ჩვენ ზომიერების გრძნობა არ გვახასიათებს. ასეა თაფლზეც. როდესაც სისხლის გამათხელებლად თაფლიც დასახელდა, ხალხმა მისი კილოგრამობით მირთმევა დაიწყო, არადა, ძალიან ძნელია XXI საუკუნეში წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც თაფლის ალერგიულობაზე ან მის მიერ შაქრიანი დიაბეტის პროვოცირებაზე არაფერი სმენია. ზომიერება მხსნელია, ამიტომ დამხმარედ ერთი ჩაის კოვზი თაფლი გვევლინება და არა - მთელი ქილა. როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ, ალბათ, ჯობს, სწორ კვებაზე მეტად დავფიქრდეთ. დაავადებულები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ ექიმის დანიშნულ დიეტას, ჯანმრთელებმა კი ჯანსაღ კვებაზე იფიქრონ. ღმერთმა ნუ ქნას და თუკი დავინფიცირდებით, იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა იმ დღიდან არ უნდა დავიწყოთ. უნდა ვსვათ წყალი და აუცილებლად - სუფთა. დანარჩენი სითხეების ფონზე საუკეთესოა მწვანე ჩაი. რომლის შემადგენლობაში შემავალი კატეხინი სჭირდება სისხლძარღვებს. სასარგებლოა ფეიხოაც, რომლის კანშიც ასევე ბევრი კატეხინია, ცოცხალი ჟოლო (შეგვიძლია წყალშიც გავხსნათ) პარაცეტამოლის მაგივრობას გაგვიწევს, ხურმა კი სისხლს ათხელებს.

- პანდემიისას წონაში მომატებული მოსახლეობა რა ჩივილებით მიმართავს დიეტოლოგს - ხალხს ესთეტიკა უფრო აწუხებს თუ სიმძიმე? - კარგი კითხვაა. არა მხოლოდ პანდემიისას, არამედ ზოგადად გავრცელებულია აზრი, რომ დიეტოლოგთან მისვლით ხალხი ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. არადა, ასე არ არის. როდესაც წონას ვიკლებთ, მასთან ერთად ვკარგავთ უამრავ თანმხლებ დაავადებას. ძალიან იშვიათია დაავადება, რომელიც სწორი კვებით არ განიკურნება, თუმცა, დამეთანხმებით, ზედმეტი კილოგრამების მოშორებაც ბედნიერებაა.

- დიახ, გეთანხმებით... პანდემიისას წონის მომატებას ვინ უფრო უჩივის?

- ყველა და არამხოლოდ პანდემიისას. ძალიან ბევრია ჭარბწონიანი ბავშვი, რომელთაც მშობლები და ბებია-ბაბუები სწრაფი კვების პროდუქტებით "ანებივრებენ". დიდია, ასე ვთქვათ, საზოგადოების ე.წ. შეძლებული ნაწილი, რომელიც, როგორც ვთქვით, უამრავ ფულს იხდის პოტენციურ ქიმიურ შხამებში. რას ვიზამთ, ეს ჩვენი დროის სენია, სწორედ ამიტომ ამ თემას მეტი პროპაგანდა სჭირდება.

- ნებისმიერი სტრესის დროს ორგანიზმი მოჭარბებულად ითხოვს საკვების მიღებას. რატომ?

- ამას ყველაზე ვერ ვიტყვი - სტრესისას ზოგს სულაც არ უნდება ჭამა, ასე ვთქვათ, "კრიჭა ეკვრება". თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ამ დროს ერთადერთ გამოსავლად ჭამა მიაჩნია, თუმცა ადამიანი სწორედ იმიტომ არის გონიერი არსება, რომ ეს სწრაფვა აკონტროლოს.

რჩევები

იმუნიტეტის გამყარება ნიშნავს ორგანიზმის დაცვას მოსალოდნელი დაავადებებისაგან, რასაც ზოგადად, ერთი მარტივი "რეცეპტი" შველის. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი პერმანენტულად იკვებებოდეს ჯანსაღად. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს არა იმდენად მატერიალურ შესაძლებლობაზე, არამედ თავად ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად ყოფნისთვის ყოველთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება. სწორედ სუფთა წყალია ჩვენი კუჭის ლორწოვანთან ყველაზე ახლომდგომი ქიმიური შემადგენლობით. ჯანსაღი კვება ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, უარი ვთქვათ ქიმიური ტექნოლოგიებით მიღებულ ძვირად ღირებულ პროდუქტებზე, ასევე სწრაფი კვების კერძებზე. ვიკვებოთ იმ ხილით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სეზონურია. თუ რატომ, ამას მარტივი პასუხი აქვს: სეზონურ ხილს ბუნება გვაძლევს და არა სათბურები. ბუნება კი გვეუბნება, რომ ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს სეზონური ბიოქიმიური პროცესები, რომელიც შესაბამის სეზონზე სწორედ შესაბამისი სეზონის ხილის მისაღებად და გადასამუშავებლად არის მზად. ამ ხილს ორგანიზმი ბიოქიმიურ პროცესებში ზედმეტი დატვირთვისა და დაღლის გარეშე რთავს და ჩვენს ჯანმრთელობად გარდაქმნის. ასე რომ, მოცემულ სეზონზე ჩვენს იმუნიტეტს დამხმარედ სწორედ სეზონური ფეიხოა, კივი თუ ხურმა ევლინება და არა, მაგალითად, მარწყვი. კარგია ბოსტნეული და ბაღჩეული, თუმცა პანდემიის პერიოდში უფრო მუქი ფერის ბაღჩეულის, მაგალითად, წითელი კომბოტოს, სტაფილოს, ჭარხლის მირთმევას ვურჩევდით. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს: მძიმე ცილოვანი ხორცი და მით უფრო, შემწვარი, ზამთრის სეზონზე იმუნიტეტის ხელშემწყობი ვერ იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე პანდემიის პერიოდში, რომელსაც სიფრთხილით მიდგომა სჭირდება და ეს კვების დროსაც უნდა გავითვალისწინოთ. ნებისმიერი ვირუსული დაავადებისას მცირე დოზის ლიმონისა და ჟოლოს ნაყენები წყლით უნდა მოვამზადოთ. ანუ ერთ კოვზ ნედლ ჟოლოს ან ერთ ნაჭერ ლიმონს ვასხამთ ერთი ჭიქა წყალს და მიირთმევთ ყლუპობით. ნაყენი შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე მივირთვათ. ზოგადად კი, სუფთა წყლის მიღება გადამრჩენელად ითვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს წყალი არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი დოზებით უნდა მივიღოთ, რათა დაავადებისას ჩვენს ორგანიზმში დაგროვილი შხამიანი ლორწო განდევნოს. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს დაავადება, რომელსაც სწორი კვებით ვერ მოვერევით.

ეთერ ერაძე