უწმინდესო, წაგვიყვანეთ აფხაზეთში! - კვირის პალიტრა

უწმინდესო, წაგვიყვანეთ აფხაზეთში!

უწმინდესო, წაგვიყვანეთ აფხაზეთში! ეს იყო იმ აფხაზების უმეტესობის სურვილი და თხოვნა, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია  II-მ 24 მარტს საპატრიარქოში მიიღო. აჭარაში მცხოვრებმა ეთნიკურმა აფხაზებმა საქართველოში მცხოვრები აფხაზები შეკრიბეს და უწმინდესს შეახვედრეს.

შეხვედრის ორგანიზატორის, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია "სოროპტომის" ხელმძღვანელის, მარინა ხანთაძის თქმით, დარბაზში აფხაზეთიდან ჩამოსული აფხაზებიც იყვნენ, თუმცა, მათი დასახელებისგან თავი შეიკავა, რათა  აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ პრობლემები არ შეჰქმნოდათ.

"მტერს სურს, გახლიჩოს საქართველო, მაგრამ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ის არ დაუშვებს საქართველოს დანაწევრებას. მჯერა, რომ აფხაზები ქართველებთან ერთად ბედნიერები იქნებიან", - ბრძანა პატრიარქმა.

იმ საღამოს უწმინდესის მიერ გახმაურებულმა ახალმა ამბავმა საპატრიარქოში შეკრებილ აფხაზებს იმედი ჩაუსახა. ახალი ამბავი კი რუსეთთან ურთიერთობას შეეხებოდა.

როგორც იცით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ბრძანდება. "რუსეთს უჭირდა ამ ახალი ტიტულის აღიარება და ყველა წერილში, რომელიც რუსეთიდან მომდიოდა, ძველი ტიტული იყო ჩაწერილი. ამ დღეებში მივიღე რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ შვიდკოის წერილი, რომელშიც ჩემი ტიტული სრულად არის. ეს არის პირველი მერცხალი", - ბრძანა უწმინდესმა.”

საპატრიარქოში შეკრებილებმა იწამეს, რომ ეს "პირველი მარცხალი" აფხაზეთისკენ მიმავალ გზას გახსნის და სწორედ ამიტომ სულ უფრო ხშირად გაისმოდა დარბაზში გამომსვლელთა ვედრება: "უწმინდესო, წაგვიყვანეთ აფხაზეთში!" აფხაზების ეს სურვილი გულწრფელი იყო, მაგრამ ცხინვალში დაღუპული ქართველი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის თხოვნა იქ მყოფთათვის ყველაზე მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა: - "უწმინდესო, მეც წამიყვანეთ, ჩუმად ვიქნები, არავის შევაწუხებ. მინდა, იმ მიწაზე ჩავიდე, სადაც ჩემი ქმრის სისხლი დაიღვარა. მე ცხინვალშიც მინდა ჩასვლა, სადაც ჩემი ვახტანგი დაიღუპა. მინდა, ვუთხრა აფხაზ და ოს დედებს, რომ შერიგების ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა", - თქვა მარინა გზირიშვილმა.

შეხვედრას აჭარაში შექმნილი აფხაზ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ანზორ კუდბაც ესწრებოდა. "ღმერთმა ინება, რომ დედა ქართველი მყოლოდა და მამა - აფხაზი. ის, რაც აფხაზეთში მოხდა, სრულიად საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ ჩვენთვის, შერეული ოჯახების შვილებისთვის, ეს ორმაგად ტრაგიკული გამოდგა. იმ ძმათამკვლელი ომის იარები დღემდე არ შეხორცებულა. დიდი ტკივილი ბუდობს ენგურს გაღმაც და გამოღმაც. დღეს უბრად ვართ ძმები, საკუთარი ცოდვები ვერ მოგვინანიებია და ვეძებთ გამოსავალს სიძულვილის ლაბირინთიდან. ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს? მჯერა, რომ მალე დადგება შერიგების დღე", - თქვა ანზორ კუდბამ.

შეკრებილ აფხაზებსა და ქართველებს მეტი მოქმედებისკენ აფხაზმა რიმა ოსიამ მოუწოდა, რომელსაც მეუღლე ქართველი ჰყავს: "მე ქართველ შვილებს ვზრდი. ვიცი, რომ ახლა ძალიან გვჭირდება რეალური საქმის კეთება. ყველამ, თუნდაც, ძალიან მცირე, მაგრამ კონკრეტული საქმე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ".

რიმა ოსიას გამოსვლაში საქმის კეთების მოწოდებასთან ერთად კიდევ ერთი, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება იყო: - "ჩვენ აფხაზეთი კი არა, აფხაზები უნდა დავიბრუნოთ".

მანანა მჭედლიშვილი