"მეგობრებიც, წინააღმდეგი იყვნენ. განვიცადე - ნუთუ ამ ამბავმა ყველა ასე უნდა შეაწუხოს-მეთქი?!"
"მეგობრებიც, წინააღმდეგი იყვნენ. განვიცადე - ნუთუ ამ ამბავმა ყველა ასე უნდა შეაწუხოს-მეთქი?!"
"ცხოვრებაში ბევრი წინაღობა შეგხვდება, ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეწყინება, გეტკინება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადალახო"

ბაბი კირკიტაძე ფიქრობს, რომ ფული ბედნიერება არ არის, მაგრამ ადამიანს ფულის გამოყენება ისე შეუძლია, რომ ბედნიერი გახდეს. როგორ იშოვა პირველი 100 ლარი, ვინ და რატომ ამუშავებდა სოფელში და რატომ ღელავს ახალი საქმის წამოწყებისას, ამის შესახებ ბაბი თავად გვესაუბრება...

- სიმართლე გითხრა, ფულის საჭიროება გვიან გავიაზრე. სკოლაში, ბუფეტში ფული რომ დამჭირდებოდა, ეგ არაფერია. მგონი, ადამიანი კომფორტისთვის
ფულის მნიშვნელობას და საჭიროებას ასაკის მატებასთან ერთად ხვდები. გარკვეულ ეტაპზე, იმასაც ფიქრობ, რომ ფული ყველაფერია...

- მუშაობა ფულის საჭიროების გამო დაიწყე თუ სიამოვნებისთვის?
- ჩემს შემთხვევაში, ორივე ერთად იყო. 16 წლიდან, ასე ვთქვათ, სახალისო, ერთჯერადი სამსახურები მქონდა, მაგრამ 18-19 წლიდან უკვე საჭიროებისთვის ვმუშაობდი.

- რა ტიპის
იყო ეს ე.წ. სახალისო სამსახურები?
- მაგალითად, დედაჩემის ტანსაცმლის მაღაზიისთვის ფლაერებს ვარიგებდი.

- დედამ გთხოვა?
- არა. რეკლამისთვის ფლაერების დამრიგებელ გოგონას ეძებდა. შევთავაზე, - თავად დავარიგებ, არ მეზარება, თან გავერთობი-მეთქი. ძალიან კი შეიშმუშნა - ხომ იცი, მშობლებს როგორი მენტალიტეტი აქვთ?.. ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა და ასე დავიწყე მუშაობა.

- გასამრჯელო მიიღე?
- რა თქმა უნდა! კვირაში 2 დღეს 2 საათის განმავლობაში ფლაერები უნდა დამერიგებინა. საკმაოდ კარგად ვიმუშავე. მერე ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღე კონსულტანტი შევცვალე.

- საქმეს კარგად გაართვი თავი?
- ისე ვივაჭრე, რომ პროდუქციის ნახევარი გავყიდე!..

- პირველი ჰონორარი რისთვის გადაგიხადეს, გახსოვს?
- 16 წლის ვიყავი, როცა სკოლაში სამეცნიერო ნაშრომების (სხვადასხვა საგანში) კონკურსი გაიმართა. ჩემმა ნაშრომმა (ლიტერატურაში) გაიმარჯვა. პირველი 100 ლარი მაშინ ვიშოვე. საჭმელში დავხარჯე: კლასელები სკოლასთან ახლოს მდებარე საცხობში წავედით, ლობიანები, ხაჭაპურები ვიყიდეთ და "ვიქეიფეთ".

- შემოსავლის წყაროს გაჩენის აუცილებლობა გიგრძნია თუ შენს ცხოვრებაში ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა?
- სამსახურის ძებნის აუცილებლობა არ მქონია. არ დამჭირვებია, რომ საქმის დამატებაზე მეფიქრა, თუმცა ფული ზედმეტი არასდროს არის. მუშაობის დაწყების შემდეგ, ხელფასის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებებიც მეზრდებოდა.

- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო?
- ტელეკომპანია "იმედში" "ღამის შოუში" მუშაობა დავიწყე. მსახიობად ამიყვანეს - იუმორისტულ "სკეტჩებში" ვთამაშობდი. მერე აღმოაჩინეს, რომ ვმღეროდი და, - მოდი, ბენდშიც ვცადოთო. მსახიობობიდან ბენდის წევრად ასე გადმოვინაცვლე.

- ამჟამად შენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?
- ისევ ტელევიზია და ბენდი. ტელევიზია სტაბილური სამსახურია, დამატებითი წყარო კი - კორპორაციული საღამოები, სადაც ბენდთან ერთად ვმღერი. ახლა მსგავსი ღონისძიებები შეჩერებულია. არც ისე დიდი ხნის წინ, ტანსაცმლის ხაზის შექმნა გადავწყვიტე, რომელიც მალე ონლაინგაყიდვაში ჩაეშვება. დიზაინერობაზე პრეტენზია არასოდეს მქონია. ამ სფეროში არც გამოცდილება მაქვს. საქმეში ისეთი ადამიანები მეხმარებიან, ვინც ჩემზე მეტი იციან და საკმაოდ გამოცდილებიც არიან. მე ამ სფეროს მოყვარულის დონეზე ვიცნობ: მოდელი რომ მომწონს, ვერც ვხატავ - ჩემებურად ვხსნი, როგორი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ისეთ მოდელს ვქმნით, როგორიც გვინდა. გეტყვით, მთავარი რა იყო, რის გამოც ტანსაცმლის ხაზის შექმნა გადავწყვიტე: მოგეხსენებათ, სცენაზე სამოსის "გამეორება" რთულია - მაყურებელს კარგად ამახსოვრდება, რა გაცვია. შესაბამისად, როდესაც კონცერტი ხშირად გაქვს, განსაკუთრებით - ზაფხულში, სცენაზე ყოველდღე სხვადასხვა კაბით გასვლა ძნელია. თან, ბიუჯეტი დიდად არ გეყოფა, რომ ყოველდღე ახალ-ახალი კაბა გეცვას. ამიტომ გადავწყვიტე, საკონცერტო სამოსის ხაზი შემექმნა, რომელიც ძალიან ძვირი არ ეღირებოდა, მაგრამ მიმზიდველი და ბრჭყვიალა იქნებოდა... გარდა ამისა, ყოველდღიური, ე.წ. ქეჟუალ მოდელებიც გვექნება. დიდი იმედი მაქვს, ჩემ მიერ შექმნილი ტანსაცმლის ხაზი თავის გზას იპოვის.

- შენ მიერ შექმნილი სამოსი გცმია? როგორ შეგიფასეს?
- კი, ერთ-ერთ "ლაივზე" მეცვა, ოღონდ - არავინ იცოდა, ვისი მოდელი იყო. საკმაოდ დიდი მოწონება ხვდა წილად, რის გამოც ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი. როდესაც რაღაც არ იცი, უფრო მეტად ნერვიულობ, რადგან კომპეტენტური ადამიანები ჩასაფრებულები არიან. რა თქმა უნდა, სცენაზე გასვლისას ყოველთვის ვნერვიულობ, მაგრამ - ნაკლებად, ვიდრე ამ შემთხვევაში: მაინტერესებს, ჩემს ახალ წამოწყებას როგორი გამოხმაურება ექნება. არ მინდა თქვან, - თავში აუვარდა, როგორ შეიძლება, ყველაფერს მოედოსო?.. უბრალოდ, ვსინჯე და გამიხარდება, თუ გაამართლებს.

- პროფესიით იურისტი ხარ. თავის დროზე ამ სფეროში განათლების მიღება რატომ გადაწყვიტე?
- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მთელი ოჯახი გადაირია - როგორ შეიძლებაო?!. ყველაზე მკაცრი მამაჩემია, მაგრამ მთელ დინასტიაში ის ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც თანახმა იყო, თეატრალურში ჩამებარებინა, სხვები, მათ შორის - მეგობრებიც, წინააღმდეგი იყვნენ. განვიცადე - ნუთუ ამ ამბავმა ყველა ასე უნდა შეაწუხოს-მეთქი?! დედაჩემთან მივედი: - სად გინდა, რომ ჩავაბარო-მეთქი? - მინდა, იურისტი იყოო. დედას მთელი ცხოვრება იურისტობა უნდოდა, მაგრამ მამამისმა არ ჩააბარებინა - არ შეიძლება, ქალი იურისტი იყოსო. მეუბნებოდა, - შენ გამოგივაო. ეროვნულ გამოცდებამდე 3 თვე იყო დარჩენილი. მოვემზადე და ჩავაბარე. ასე გავხდი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. პროფესიით ჯერჯერობით არსად მიმუშავია, ამის სურვილიც არ გამჩენია. თუმცა, მას რაღაცებში ვიშველიებ ხოლმე, მჭირდება... ცოდნა ზედმეტი არასდროს არაა.

- ფინანსური კრიზისი შეგქმნია?
- რამდენჯერაც გინდა. კარგად გამომუშავებასთან ერთად, კარგად დახარჯვა, გაფლანგვაც მიყვარს. დედაჩემი სულ მეუბნება, - ფულის ყადრი არ იცი, ხარჯვასაც ცოდნა უნდაო. ფულს საკმაოდ უდიერად ვეპყრობი. შესაბამისად, ხანდახან აღებული ხელფასი იმ დღესვე დამიხარჯავს. საბედნიეროდ, მხოლოდ ხელფასზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. ალბათ, ხელფასის ერთ დღეში დახარჯვის უფლებას ამიტომაც ვაძლევდი თავს, მაგრამ კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისში, ცოტათი ბიუჯეტის გაფრთხილება ვისწავლე, რადგან ბუნებრივია, კონცერტები აღარ გვაქვს - აკრძალულია. შესაბამისად, ხელფასის იმედად ყოფნა მიწევს. ვცდილობ, ფულის ხარჯვისას ჭკვიანი ვიყო, როგორც დედა მასწავლის, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომდის.

- ხელფასის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავ?
- ტანსაცმელსა და მსგავს რაღაცებში - არა, რადგან ძირითადად, სამოსს მჩუქნიან. ფეხსაცმელების საკითხი დედაჩემს აქვს მიბარებული. ჩემთვის ტანსაცმელიც თავად მოაქვს - პირადად მე, ინიციატივას თითქმის არასოდეს ვიჩენ. ჩემი ხელფასის ძირითადი ნაწილი მეგობრებთან ერთად ყოფნაში იხარჯება: სადმე დავსხდებით, წავალთ, წამოვალთ... მოკლედ, ფულს უაზროდ ვხარჯავ.

- შენ მიერ წამოწყებულ ბიზნესში ფინანსებს როგორ განკარგავ?
- ასეთი დაუფიქრებელიც არ ვარ. დანაზოგი რაც მქონდა, ამ საქმეს მოვახმარე. ბიუჯეტს კარგად ვაკონტროლებ. ჩემი პარტნიორიც დაკვირვებული გოგონაა.

- მშობლებს ფული ბოლოს როდის სთხოვე?
- უჰ, მართლა არ მახსოვს. საერთოდ, ფულის თხოვნა არასოდეს მიყვარდა, არც შემეძლო... რაღაცნაირად, მშობლებისთვის ამის თქმა სულ მერიდებოდა. როცა საჭირო იყო, ყოველთვის თავად მაძლევდნენ - თქმა არ მჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი, არც მახსენდება, მათთვის ფული მეთხოვა... ალბათ, 1-2 ასეთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძალიან "გავჭედილვარ"...

- დაასახელე ყველაზე მცირე თანხა, რომლითაც თვიდან თვემდე თავი გაგიტანია...
- ეს არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთ კონცერტზე, ბათუმში გავემგზავრეთ. ერთადერთი რკინის 2-ლარიანი მქონდა - მთელი ჩემი ბიუჯეტი ეს იყო. თბილისში ისე დავბრუნდი, ეს 2-ლარიანი მაინც არ დამიხარჯავს. კარგი მეგობრები უნდა გყავდეს და ამას მოახერხებ (იცინის).

- კიდევ რა საქმე შეგისრულებია, რის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის?
- სოფელში ადამიანმა რა საქმეც შეიძლება გააკეთოს, თითქმის ყველაფერი გამიკეთებია: ნიადაგი გამითოხნია, დამიბარავს, ვაზი გამისხლავს, ძროხა მომიწველია... ბავშვობაში ზაფხულს სოფელში ვატარებდი. იქ ყოფნისას ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ადგილობრივები - მეზობლები და ნათესავები აკეთებდნენ.

- ამისთვის გასამრჯელოს გაძლევდნენ?
- ბაბუაჩემს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, ვენახი და მასთან ურთიერთობა რომ შეგვყვარებოდა: როცა შვილიშვილები და შვილთაშვილები პატარები ვიყავით, ჩვენთვის შესაფერისი ზომის თოხებს დაგვაჭერინებდა და გვეტყოდა: ეს მწკრივი გათოხნეთ და ამდენ თანხას მოგცემთო. ბავშვები ერთმანეთს "ვბრდღვნიდით", ვეჯიბრებოდით - ვინ უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა. თან ვშრომობდით, თან - ფულს გამოვიმუშავებდით...

- საქმიან ადამიანებს ან დასაქმების მოსურნეებს რას ურჩევ?
- პირადად მე, ასეთი რჩევები მივიღე, რომელიც გამომადგა: უპირველეს ყოვლისა, უნდა მიხვდე, რა გინდა; უნდა გაიაზრო, ვინ გინდა, იყო, რა არის შენი მიზანი... როდესაც ეს გეცოდინება, მერე უკვე ყველაფერს ავტომატურად აკეთებ, რომ მიზნამდე მიხვიდე... კიდევ, მთავარია, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, არასოდეს გაჩერდე. შეიძლება, ეს ბანალური სიტყვებია, მაგრამ - აბსოლუტურად გამოსადეგი: ცხოვრებაში ბევრი წინაღობა შეგხვდება, ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეწყინება, გეტკინება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადალახო, უფრო მეტი ისწავლო, როგორც საკუთარ, ასევე სხვის შეცდომებზე და ბევრი იშრომო, რადგან შრომის გარეშე შეუძლებელია მიზნის მიღწევა...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

თამუნა
03 დეკემბერი 2020 08:48
წარმატებებს გისურვებ ბაბი! მეამაყები ძალიან..
!!!!
02 დეკემბერი 2020 11:10
ვგიჟდები ბაბიზე, ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ადამიანია, ბედნიერი იყავით.
მარინე
01 დეკემბერი 2020 14:52
ძალიან ნიჭიერი და საყვარელი გოგო ხარ,გაიხარე და იბედნიერე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები