"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - რას ჰყვება კორონავირუსით გარდაცვლილი გოგონას მშობელი? - კვირის პალიტრა

"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - რას ჰყვება კორონავირუსით გარდაცვლილი გოგონას მშობელი?

Covid-19 -ის დიაგნოზით 30 ნოემბერს, საღამოს, 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. პაციენტს თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა. ინფიცირებული გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურნალობდა, რადგან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. მეექვსე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - დაეწყო ძლიერი ხველება, მაღალი ტემპერატურა და შაქრის მაჩვენებელი უმართავი გახდა.

ამის შემდეგ ოჯახმა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაზეც ადგილების არარსებობის გამო უარი უთხრეს. კლინიკის მაგივრად, პაციენტი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. იქ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოოდ, პაციენტის "გერმანულ ჰოსპიტალში" გადაყვანა მოხერხდა, სადაც იგი მკურნალობის მეექვსე დღეს გარდაიცვალა.

რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი? და ჰქონდა თუ არა ადგილი პროფესიულ გულგრილობასა და შეცდომებს ექიმების მხრიდან? – Ambebi.ge-მ გარდაცვლილის მამა რატი თორდია ჩაწერა.

- როგორ დაინფიცირდა თქვენი შვილი და როდის მოითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა?

- ინფიცირების წყაროს ვერ გეტყვით. დაავადება მთელი 5 დღის განმავლობაში სრულიად უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენ მთელი ოჯახი ინფიცირებულები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან თეკლას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მასზე ვიყავით მთლიანად გადართულები. სულ იზომავდა შაქარს, დღეში რამდენჯერმე. ხანდახან კი აუწევდა, მაგრამ შემდეგ ისევ ნორმაში ბრუნდებოდა და საერთო ჯამში, მდგომარეობა იყო მსუბუქი. მეექვსე დღეს დაეწყო ხველა, მოემატა ტემპერატურა, შაქრის მაჩვენებელსაც ვერ ვარეგულირებდით. დავურეკეთ ოჯახის ექიმს და მოვითხოვეთ კლინიკაში გადაყვანა. ჯერ არც გვიპასუხა წესიერად, არ მცალია ახლაო და შემდეგ საერთოდ არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. შემდეგ სხვა ოჯახის ექიმი ჩავრთეთ საქმეში და მან გვითხრა, რომ არცერთ კლინიკაში ადგილი არ იყო და ერთადერთი რაც შეეძლოთ, კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა იყო.

- კოვიდსასტუმროში რა სიტუაცია იყო? როგორ მკურნალობდნენ პაციენტს?

- იქ გახლავთ იგივე სიტუაცია, რაც სახლშია. არანაირი განსხვავებული პირობები არ არის შექმნილი პაციენტის განკურნებისთვის. ექიმი კი ჰყავთ, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და საჭირო მედიკამენტები. პირველ დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მოვიდნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მედიკამენტები, ვითარება დასტაბილურდა და წავიდნენ. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, თან მკურნალი ექიმიც ამბობდა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზირება, მაგრამ არ არის ადგილებიო და წავიდნენ.

რომ ვხედავდით მძიმდებოდა სიტუაცია, კოვიდ-სასტუმროს ექიმს ვთხოვეთ, "რემდესივირი" ჩაერთოთ მკურნალობაში. არ გვაქვსო არ უთქვმთ, მაგრამ აგვიხსნეს, რომ უკუჩვენებები ახასიათებს და ვერ გარისკავდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხომ ყოფილა ეს რემდისივირი ეფექტური. თუ ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ გადაისხა და გამოჯანმრთელდა. ხომ შეიძლებოდა ჩემი შვილისთვის მიეცათ და იქნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სამაგეროდ, მკურნალობაში ჩართეს დექსამეტაზონი, რომელიც როგორც ცნობილია, შაქარს მაღლა წევს და არ არის რეკომენდირებული.

კოვიდ-სასტუმროში გადაყვანიდან მეორე დღეს მძიმედ იყო უკვე, წაიყვანეს ანალიზებზე, სპეციალური "მარშუტკები" ჰყავთ ამისთვის. რომ აუღეს ანალიზები და უკან ბრუნდებოდნენ, საცობში გაჭედილან. ბავშვი ისედაც ძლივს სუნთქავდა, ჟანგბადის აპარატი იქ არ ჰქონდათ და კიდევ საცობში იდგა იმდენი ხანი. "მარშუტკიდან" მწერდა, მამიკო ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის და არ ვიცი როგორ ჩამოვალ ან ჩამოვალ კი საერთოდ ამ "მარშუტკიდანო". ესენი მე მომკლავენ, როგორც ვატყობ, უკეთესობას ვერ ვხედავ და არაფერს არ მიკეთებენ ისეთსო. ძალიან ეშინოდა მისი დაავადების, დიაბეტის და კორონავირუსი რაც დაემართა, მას მერე სულ შიშში იყო, რამე არ მომივიდესო. გაგრძელება