50%-იანი წილი ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე?! - კვირის პალიტრა

50%-იანი წილი ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე?!

"რადგან გიას ძმა ლევან გაჩეჩილაძეა, არ ნიშნავს, რომ გიას სხვა საქმიანობის უფლება არა აქვს. ის რადიო "უცნობის" მფლობელია, რომელიც დღემდე ობიექტურ რადიოდ ითვლება", - განაცხადა "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა მას შემდეგ, რაც "მაესტროს" 50%-იანი წილის გია გაჩეჩილაძისთვის გადაცემას საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ღლონტის თქმით, "უცნობს" ტელეკომპანია "მაესტროს" 50%-იანი წილი სიტყვიერი, მეგობრული და ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე გადაეცა.

"მაესტროს" გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე: - იურიდიულად "მაესტროს" ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, მაგრამ ღლონტს არაერთხელ უთქვამს, ""მაესტრო" ათმა მეგობარმა გავაკეთეთო. ათმა მოწილემ თანაბრად ჩამოიკლო წილი და ასე შეუგროვდა "უცნობს" 50%-იანი წილი. გარდა იმისა, რომ  მამუკა ღლონტი და გია გაჩეჩილაძე მეგობრები არიან,  ტელეკომპანია "მაესტრო" და რადიო "უცნობი" წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ჰქონდათ ერთობლივი პროექტი "საკანი", "უცნობი კავკასია", "პოლიტბიურო" და სხვა.

მამუკა ღლონტს არაერთხელ უთქვამს, თუ ვინმეს გადაეცემა ტელეკომპანია "მაესტროს" 50% (რომელიც არ არის საკონტროლო პაკეტი), ეს გია გაჩეჩილაძე იქნებაო.  ეს შეთანხმება კარგა ხანია არსებობდა, მაგრამ ახლა გადანაწილდა პროცენტები. ამ შეთანხმების საფუძველზე რადიო "ნაცნობი" მართვაში გადმოეცემა ტელეკომპანია "მაესტროს" და მისი გენერალური დირექტორი ბატონი მამუკა ღლონტი იქნება. რადიო "ნაცნობი" სახელსაც შეიცვლის და რადიო "მაესტრო" გახდება". ეს იქნება ორი რადიოსა და ერთი ტელევიზიის მჭიდრო თანამშრომლობა, რადიო "უცნობში" კი ისევ ბასა ჯანიკაშვილი იქნება...

"მაესტროზე" თავიდან გასართობი გადაცემების გაკეთებას ვგეგმავდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს წაართვეს ტელეკომპანია "იმედი" და თავისუფალი სიტყვა ჩაქოლეს, "მაესტრომ" პოლიტიკური გადაცემების გაკეთება დაიწყო...

KvirisPalitra.Ge- გია გაჩეჩილაძის ოპოზიციური განწყობა არ აისახება ტელეკომპანიაზე?

- გია "საკანში" იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ  "საკანს"  ეთერის 1/3 ეჭირა, არ ასახულა "მაესტროზე" და ახლა რატომ აისახება?

- მაგრამ გია გაჩეჩილაძე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ძმაა.

- რა დააშავა გიამ იმით, რომ ლევანის ძმაა? საერო ცხოვრებას თავი უნდა დაანებოს და მონასტერში წავიდეს? რატომ არა აქვს უფლება, ტელეკომპანიასა და რადიოში იმუშაოს? გაიხსენეთ, "საკანში" გია მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციურ პარტიებსაც აკრიტიკებდა.

- "მაესტროს" მართავს კომპანია, რომლის 100%-იანი წილი ეროსი კიწმარიშვილს ეკუთვნის.

- როდესაც კონტრაქტი გავაფორმეთ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან",  ეროსი კიწმარიშვილი 1 წლის განმავლობაში იყო მმართველ კომპანიაში.  მას შემდეგ, რაც პარტიული საქმიანობა დაიწყო, "მაესტროს" საქმიანობაში აღარ მონაწილეობს. მმართველ კომპანიასთან კონტრაქტი არ გაგვიწყვეტია, ვაგრძელებთ თანამშრომლობას და Aამას ხელი არ შეუშლია გიასთვის 50%-იანი წილის გადაფორმებაში.

- ამბობენ, რომ "უცნობს" ახალი რეალითი-შოუ ექნება "მაესტროში", რომ ტყეში, კარავში ერთი თვე იცხოვრებს, მასთან ერთად იქნებიან მისი თანამოაზრეებიც. 26 მაისს კი თანამოაზრეებთან ერთად ტყიდან გამოვა და თბილისში ხელისუფლების შესაცვლელად" წამოვა.

- "საკანი" იმიტომ შეწყდა, რომ გია ძალიან ცუდად იყო. ახლა ახალი იდეა აქვს, თუმცა რის გაკეთებას აპირებს, ვერ გეტყვით.