ხვარამზეც გაუთხოვებიათ მშობლებს მდიდარ და ასაკოვან კაცზე, თუმცა ვაჟიკას სიყვარული ქალს სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია... - კვირის პალიტრა

ხვარამზეც გაუთხოვებიათ მშობლებს მდიდარ და ასაკოვან კაცზე, თუმცა ვაჟიკას სიყვარული ქალს სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია...

ერთი პატარა წიგნი გვქონდა შინ, უყდო, გამოცემის წელიც ვერსად ვუპოვე, პირველ გვერდზე "გოგოვ, შეჩერდი ერთ წამა" ეწერა და ქვესათაურად - "ქართული ხალხური სატრფიალო პოეზია". ის წიგნი ჩემი უსაყვარლესი წიგნი მას შემდეგ გახდა, რაც სკოლაში წერა-კითხვა ვისწავლე - პატარა, ხელისგულზე დასადები, მუდამ მართლა ხელისგულზე მედო... წლიდან წლამდე ფურცლებიც გაუყვითლდა, გაიცრიცა, მაგრამ მაინც ცოცხლობს... ჰოდა, იმ წიგნის ლამის ყველა ლექსი დავიზეპირე და ასე, შორიდან შემიყვარდა მთა, მთის ხალხი, მათი პოეზია, მთაში წასვლა კი სანუკვარ ოცნებად გადამექცა... ჩემს ხელიგულისტოლა წიგნში ერთი, შედარებით ვრცელი ლექსი იყო დაბეჭდილი (პატარაობისას კი უგრძესი მეგონა), ბავშვობიდან მოყოლებული, ვინ იცის, რამდენჯერ წამიკითხავს – ხმამაღლა, სარკის წინ, სკოლის სცენაზე - გამოთქმით, გულში – თავზე საბანგადაფარებულს, სუფრასთან - გრძნობით, ვინმეს გასახელებლად...

"ვერცხლის თასადამც მაქცია,/ რო ღვინით აგევსებოდი,/ დაფერილი მქნა წითლადა,/ შამსვამდი - შაგერგებოდი;/ ანა მქნა ოქროს სათითე,/ რო ხელზე ჩაგედებოდი;/ ანა მქნა ოქროს ბურთვაი,/ კალთაში ჩაგეშლებოდი;/ ან ვერცხლის ფულად მაქცია,/ ჯიბეში ჩაგეყრებოდი;/ ან შენი ნამგლის ყანა მქნა,/ რო ფხაზე შაგეჭრებოდი,/ ანა მქნა ვარდი, ყოილი,/ რო პირზე დაგეყრებოდი;/ ანა მქნა მოის პერანგი,/ რო მკერდზე დაგადნებოდი;/ ან შენი ნანდაური მქნა,/ გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი;/ ძალიან დაწუხებული/ გზაზედამც შაგეყრებოდი;/ ან შენი ძმა მქნა, მოწილე,/ აროდის გაგეყრებოდი".

ეს ლექსი - "სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა", იცით, რამდენ ხანს მეგონა ხალხური?! ის ხვარამზეც გამოგონილ პერსონაჟად წარმომედგინა და მისი ვაჟიკაც, იქამდე, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ივრის ფშავში არ აღმოვჩნდი! მას მერე ეს "ერთი მშვენიერი დღე" ათასად მექცა და სრულიად დამატყვევა... იმ ათასიდან ერთ დღეს კი ხვარამზეს მიწაზეც გავიარე, ნამდვილი ვაჟიკასა და ხვარამზეს ნატერფალებზე...

"აქ დადიოდა ხელსაქსოვიანი ქალი ხვარამზე, არა უმაღლესგანათლებული, არამედ - სულგანათებული ლექსქალი", - მიამბობდა გზადაგზა სანათა - პოეტი მარიამ ხუცურაული სოფელ არტანში, XIX საუკუნის ფშაველი მელექსე ქალის მიწაზე სტუმრობისას.

წლების წინ მარიამმა და ჩემმა იქაურმა მეგობარმა ქეთევან შარმიაშვილმა ერთ დღეს "ხვარამზეობაზე" დამპატიჟეს, პოეზიის დღესასწაულზე, რომელიც შემდეგ ტრადიციად იქცა და რომელმაც სამუდამოდ უკვდავჰყო ფშაველი სამუკათ ხვარამზე და მასთან ერთად ჩვენი თანამედროვე ხვარამზეც - "ხვარამზეობის" იდეის ავტორი, იმხანად უკვე ტრაგიკულად დაღუპული უნიჭიერესი მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი.

სწორედ მაშინ, ხვარამზეს ნაკვალევზე სიარულისას ბევრი რამ შევიტყვე ამ თამამ, ვეებერთელა სიყვარულის ქალზე, რომელმაც გულისნადები - "ლექსებ დაქსელა რითმებად" და თავისი და ვაჟიკას უიღბლო სიყვარულის ამბავი მთელ ქვეყანას გააგებინა, თანაც ისე, რომ ვაჟიკას სათქმელსაც თვითონ ამბობდა. ასე, ლექსებით იქცა მათი სიყვარული ლეგენდად.

ხვარამზეს ლექსები ვაჟა-ფშაველას ძმას - თედო რაზიკაშვილს ძმის თანატოლი და დობილი ქალიკელ გორზამაულისგან ჩაუწერია. ბევრი იკვლევდა, თურმე, "სამუკათ ხვარამზეს" წარმომავლობას. მელექსე თავისი ლექსებითა და ბიოგრაფიით ივრის ფშავში უფრო ცნობილი ყოფილა, ვიდრე არაგვისაში და ამიტომ იფიქრეს, ივრის ფშავიდან იქნებოდაო. იმასაც ამბობენ, სოფელ სხლოვანში უნდა დაბადებულიყო და არტანში გათხოვილიყო, არტნელები მინდოდაურები ანუ ჭიჩოელები არიან და ხვარამზეს ქმარიც არტნელი მინდოდაური იქნებოდაო. ამის დასტურად არტნელი პურის მცხობლის, ბარბალე მინდოდაურისგან ილია ჭავჭავაძის მიერ საგურამოში ჩაწერილი ხვარამზეს ლექსები მოჰყავთ. ამბობენ, ხვარამზესა და ვაჟიკა ნაკვეთაურს ერთმანეთი შეუყვარდათ, ვაჟიკამ მთხოვნელიც მიუგზავნა ქალს ოჯახში, მაგრამ იმან ყასიდად უარი შეუთვალა, გაბრაზებულმა ვაჟიკამ კი სხვა ქალი შეირთოო. ხვარამზეც გაუთხოვებიათ მშობლებს ვიღაც მდიდარ და ასაკოვან კაცზე, თუმცა ვაჟიკას სიყვარული ქალს სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია.

"არ გათენდება სთვლის ღამე,/ ღამებნელობა კი არი.../ მთქმელო, ვერ ამსრულებელო,/ რაღა შენ სიცოცხლე არი?!/ ნეტავი, ვაჟად მაქცია,/ ქალი არა მქნა თმიანი./ მემრე შეგვყარნა ერთადა/ ორნიც ჭრელ მათრახიანნი,/ - ვერც მაშინ გაიგებდია,/ რაც ჩემი გულის ზნე არი?!" - ხვარამზე, "მთქმელო, ვერ ამსრულებელო".

ამბობენ, ვაჟიკა მშობლებს ვერ შეეწინააღმდეგა და ამიტომ დაქორწინდა სხვა ქალზეო. იმასაც ჰყვებიან, თითქოს, ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკამ ცხენით გაიარა ხვარამზეს სოფელზე, ხვარამზესა და მისი ქმრის სახლის ახლოს და ხვარამზემ ვაჟი შორიდან შეამჩნია, მაგრამ არ დაენახვა. "ვინა ხარ, ვინ იარები,/ ლაღო, მაგ ლაღის ცხენითა,/ თავს რად არ შამაიბრუნებ,/ ყანას რად მამკევ ცრემლითა?" - იქნებ, ჩურჩულით ან, იქნებ, გულში ჰკითხა შინიდან მოთვალთვალე ხვარამზემ ვაჟიკას, მერე კი, მისი გაუჩინარებისთანავე, გარეთ გაიქცა და მისი ცხენის ნაფეხურები შემოღობა, წვიმას რომ არ გადაეშალა...

მახსოვს, პირველ "ხვარამზეობასაც" იწვიმა და იქუხა თიანეთში, მაგრამ მაინც ლამაზი სანახაობა მოეწყო, მომდევნო "ხვარამზეობა" კი მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა: მოძღვარმა მიქაელმა ხვარამზეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა თიანეთის მონასტერში და ამით ამ საუკუნეში ხვარამზეს სული პირველად მოიხსენიეს. აბა, რას წარმოიდგენდა ის ცხონებული, რომ მისი სიყვარულის ამბავი ან, როგორც ფშავის სტუმრებმა უწოდეს, "ლავ სთორი" 21-ე საუკუნესაც კი გაჰყვებოდა და ამდენი, მასავით თამამი ქალი-პოეტი, სხვა საუკუნის ხვარამზეები, ქალ-ვაჟები, მას გავედევნებოდით ფეხდაფეხ, ხმაურით, ანცობითა და ლექს-სიმღერით გადავივლიდით მისი და ვაჟა-ფშაველას დედის, გულქან ფხიკლეშვილის ყმაწვილქალობის სოფელ სხლოვანთან "კონწიალა ხიდს", ვინ ცხენით და ვინ ფეხით გავისეირნებდით ივრის პირას, შემდეგ ვესტუმრებოდით სოფელ არტანს და ქალი-პოეტის სიმბოლოდ ქცეულ მიწაზე ლექსის, სიმღერისა და ხინკლის ოხშივარს დავაყენებდით.

- ჩვენ ხომ იმ მიწაზე ვართ, რომელსაც ხვარამზეს ნაბიჯი ახსოვს ხეს, წყალს, მდინარეს, მისი ყველა ამოსუნთქვა ახსოვს და დარწმუნებული ვარ, ხვარამზეს სულმა მართლა ილხინა, იამა და აგერ ახლა აქ არისო, - მისებურად, პოეტურად ამბობდა სანათა. იმ მთებს შუა, სიმწვანესა და სილამაზეში სიტყვას სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - "ლექსებ - დაქსელილი რითმებად" და... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მინდვრად გაბნეულ ხვარამზეებში, თითქოს, ხან სამუკათ ხვარამზე ჩამოგვიქროლებდა, ხან ცხენზე ამხედრებული ვაჟიკა და... "ისიც" იქ იყო, ვაჟიკას ცოლი, სანათასეული, და იცით, რა გრძნობით “ეკითხებოდა“ ხვარამზეს? - "...იორს ამასდევ წყალდაწყალ,/ ლექსად აჟღერებ ფულ-ღილთა./ ვინა ხარ, ქალავ, ჩემ ქმარს რო/ მთელ საქალეთად უღირხარ?/ მოხველ ქალბნელი, დაგიხვდი/ ქალთარაფერა, ქალმიწა./ ვერცა ქალობით, ვერც თმენით, -/ ხვარამზეობით გამისწარ!" (მარიამ ხუცურაული)

თანამედროვე ხვარამზეს - პოეტ მარიამ წიკლაურს ჩავეკითხე, შენთვის ვინ არის ხვარამზე-მეთქი? და უმალ მომიგო, - ხვარამზე აღმოჩნდა პოეტი, რომელმაც მოახერხა და ისე თქვა თავისი ტკივილი და სიყვარული, რომ გვაიძულა სულ მისი სიტყვით გველაპარაკა და გვემღერა. თორემ მგონია, მისი მსგავსი და ტოლ-სწორი ბევრი სხვაც იყო იმ პერიოდში, მაგრამ ვერ ჩნდებოდა, რადგან სირცხვილად მიიჩნეოდა, ქალი პოეტი გრქმეოდა და ხმამაღლა გელაპარაკა ამაზე. ხვარამზე იქნებოდა ჩვეულებრივი დედა, ჩვეულებრივი ცოლი, მერე - ბებო... სოფლის სასაფლაოს რომ ჩამოვუარეთ, დაინახე გაბზარულკედლიანი საყდარი და ირგვლივ უამრავი საფლავი? განა, რა დიდი დროა გასული, რომ ვერ მივაკვლიოთ ხვარამზეს საფლავს? მაგრამ, ეგებ, ამ ლექსებზე დიდი არც ის საფლავი აღმოჩნდეს! ხვარამზემ ხომ შეძლო იმის თქმა და ისე თქმა, რაც ჩვენ ჩვენად დავიგულეთ? ესაა მთავარი. ვინ იცის, მაგის რამდენი ლექსი დაიკარგა? ან ეგებ სხვა არც არაფერი უთქვამს, რადგან სხვაც არაფერი ჰყვარებია ისე, როგორც თავისი ვაჟიკა უყვარდა? ხვარამზეს არასდროს ერცხვინებოდა არც თავისი სიყვარული, არც თავისი ტანჯვა, არც თავისი ადამიანობა. ეს არის ჩემთვის ნამდვილი თავისუფლება, ჰოდა, ხვარამზეც თავისუფალი სულის დედაკაცი იყო. ხომ ხედავ, რა თამამი და პირდაპირი იყო ხვარამზე? ჰოდა, მამაკაცებიც უფრო ვაჟკაცები იყვნენ მაშინ, რადგან კარგი ქალის გვერდით სულ ცდილობ, შენც კარგი ვაჟკაცი, კაი ყმა იყო. ხვარამზე ერთი კუთხის შვილი არ იყო, ზოგადად, ქალურობის მატარებელი სულის პოეტია... უცებ წარმოვიდგინე, ხვარამზე როგორ დაქოთქოთებს ახლა: უიმეეე, დაიკარგეთ აქედან! როგორც მოსვლით გამახარეთ, ისე წასვლით გამახარეთო! თან, ალბათ, ეღიმება... ადამიანებმა ხვარამზეს სული, ფიქრი, პოეზია უნდა გავაცოცხლოთ, განვაგრძოთ, დავაფესვიანოთ. ჩვენს საქართველოს ახლა მართლაც სიყვარული და პოეზია აკლია. აბა, რას იფიქრებდა ხვარამზე, ამდენი სტუმარი რომ ეყოლებოდა მის პოეზიას? - "...გული საით გიდევს ხვარამზეო?/ - ეგ მოშიშხინე ვარდი წალამზეო.../ ამოვა ხვალაც მზე.../ ამოვა ხვალაც მზე..."

(სპეციალურად საიტისთვის)