"მესმის, რომ რთულია, მაგრამ იქნებ, შეგნებით მოვეკიდოთ რაღაც საკითხებს, ვისკენაც უნდა ვიშვიროთ ხელი, ფაქტია, მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია" - კვირის პალიტრა

"მესმის, რომ რთულია, მაგრამ იქნებ, შეგნებით მოვეკიდოთ რაღაც საკითხებს, ვისკენაც უნდა ვიშვიროთ ხელი, ფაქტია, მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია"

მსახიობი და ტელეწამყვანი ჯაბა კილაძე პანდემიასა და შეზღუდვებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

- ჯაბა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ იმ "ლოკდაუნსა" და მკაცრ შეზღუდვებზე, რაც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა და ამით თქვენ რა დისკომფორტი გექმნებათ?

- მთავარია, შენ როგორ მიუდგები და როგორ აღიქვამ ამა თუ იმ საკითხს. ფაქტია, რომ ეს "ლოკდაუნი"  ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის - სამსახურის დაკარგვას, რაც უმთავრესია. ადამიანები ვეღარ შოულობენ თანხას, რასაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებით ყოველდღიურად გამოიმუშავებდნენ. ამ კუთხით, უმწვავესი მდგომარეობაა; მეორე მხრივ, მის საპირწონედ არის პანდემიის გავრცელება და ადამიანების ჯანმრთელობა. ვისკენაც უნდა ვიშვიროთ ხელი, ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მძვინვარებს ეს პანდემია, ყველა ქვეყანაში იდენტური ვითარებაა - ბევრი დაინფიცირებული და პრობლემები სამედიცინო კუთხით, რადგან მსოფლიო მედიცინა, საერთო ჯამში, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ასე რომ, ამ კუთხით შეიძლება, რომ გარკვეულწილად, უკმაყოფილო იყო, მაგრამ ხელი მაინც შეუწყო იმას, რომ ამ შეზღუდვებით ოდნავ მაინც შევაჩეროთ ამხელა ტალღა. იქნებ, შეგნებით მოვეკიდოთ რაღაც საკითხებს, რაც, მესმის, რომ ურთულესია, ფაქტობრივად - შეუძლებელიც, მაგრამ ამის მიუხედავად, აქციაზე წასვლა იქნება თუ სხვა რაღაცები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მისი არიდება ხომ შეიძლება? ეს ხომ, ელემენტარულად, შეგნების ამბავია? რას ნიშნავს მოქალაქეობრიობა? - როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე ხარ და ცდილობ, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის განვითარებაში და მხარში დგომაში.

ვიღაც იტყვის, ასე ადვილია ლაპარაკიო, მაგრამ, პირადად მე, თითქმის ერთი წელია, რაც თეატრში არ შევსულვარ. მეტი რა უნდა იყოს? ეს ის პროფესიაა, რომელიც ჩემთვის ყველაფერს წონის. ყველამ იცის, რომ ამ პროფესიაში დიდი ფული არ არის და მსახიობებს დიდი ხელფასები არ აქვთ, მაგრამ სწორედ ამის მიუხედავადაა ჩვენთვის იგი პირველი. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ფინანსებზე მეტად თავიანთი პროფესია ფასობს. ჩვენთვისაც რთულია ჩვენი პროფესიის გარეშე ცხოვრება, მაგრამ, ასე თუ ისე, ამ პრობლემის არსს ვაცნობიერებთ. მე ჩემი აზრი მაქვს, სხვის მაგივრად არ ვილაპარაკებ. ძალიან ცუდია, რაც ხდება, მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის. იქნებ, ასე უკეთესია, იქნებ, ასე შევანელოთ და რამენაირად მივიყვანოთ დრო იქამდე, სანამ ვაქცინა შემოვა. მგონია, თუ ძალიან ცოტა ხანს მაინც დავიცავთ წესრიგს და ეს ტალღა ოდნავ თუ შენელდება, რადიკალური შეზღუდვები ალბათ, შედარებით, მალე მოიხსნება.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)