"ვფიქრობდი, ჩემი მეუღლე როგორ გაუძლებდა მარტოობას, მერე რა, რომ კარგი შვილები გვყავს და ყურადღებას არ მოაკლებენ!.." - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი, ჩემი მეუღლე როგორ გაუძლებდა მარტოობას, მერე რა, რომ კარგი შვილები გვყავს და ყურადღებას არ მოაკლებენ!.."

"ციდან ბევრჯერ გამოვიქცევი, სიკეთე რომ გავაკეთო"

ამჯერად მინდა გაგაცნოთ 50 წლამდე ასაკის ქალბატონი ნაირა, რომელიც ერთდროულად ორ სიმსივნეს ებრძვის, ორივეს ავთვისებიანს. გთავაზობთ მის მონაწერს ოდნავი ცვლილებით:

"სამეგრელოში დავიბადე, სამეგრელოშივე გავთხოვდი და ორი ძალიან კარგი შვილი გავზარდე. მგონი, სულ მტრულად ვექცეოდი, მოყვრულად რომ გაზრდილიყვნენ. ბებია მეუბნებოდა ხოლმე, შვილებს დრო არ დაუტოვო უსაქმურობისთვისო. სწავლა, შრომა და დასვენება გაუხადე ცხოვრების წესადო. ჩემი შვილებისთვის დასვენება მარტო დაძინებისას იწყებოდა. სკოლაში დილით ერთად მივდიოდით, მერე ვბრუნდებოდით, საქმეები გადანაწილებული გვქონდა და არაფრის გვეშინოდა. დილის შვიდზე უკვე ფეხზე იდგნენ, მე ძროხებს მოვწველიდი, შვილები კი რძეს ჩაწურავდნენ, სკოლაში წასვლამდე ყველსაც ამოიყვანდნენ და არ მახსენდება, საწოლი დაულაგებელი დაგვეტოვებინოს, ჭურჭელი დაურეცხავი, სახლი დაულაგებელი... საქმეს ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ! ყანაშიც ერთად ვიდექით და საღამოს, თუ ძროხებს მოსვლა დააგვიანდებოდა, ორივე მომყვებოდა მოსაძებნად, წვიმა იყო თუ სულის მხუთავი სიცხე! მეუღლე მეუბნებოდა, რა ჭკვიანი ვარ, მათემატიკოსი ქალი რომ შეგირთე, ყველაფერს სიზუსტით აკეთებო. ეს არ იყო ხუმრობა, სიმართლე გახლდათ.

სიზუსტე მიყვარს. ვიდრე გავაკეთებ ან ვიტყვი რამეს, გონებაში მკაცრად ვატარებ სიტყვებს. ჩემი ბავშვობა ათეიზმის დროს დაემთხვა, მაგრამ ბებია მარიგებდა, - შვილო, არ გინდა ლაპარაკი იმაზე, გწამს თუ არა, ბოლოს ის ყველას წამს, ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე იწამო და გჯეროდესო. მაშინ პატარა ვიყავი და გაუაზრებლად დავეკითხე, ღმერთი რა არის-მეთქი? სიყვარული და სიმშვიდეაო, მოკლედ მიპასუხა. ახლა ვხვდები, ორივე რამდენად საჭიროა. ჩემთვის ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! იცი, რამდენი ადამიანი დასცინოდა ჩემს ოჯახს, როცა ეკლესიაში მივდიოდით? ჩამორჩენილები ვეგონეთ. ზოგი იმით ხსნიდა ჩვენს ეკლესიურობას, დიდი ბაბუა ჰყავდათ მღვდელი და იმის გავლენააო. ერთხელ ისიც უთხრეს ბებიას, ალბათ მოგენატრა მამაშენის მოტანილი საეკლესიო მონაძღვენიო. მეგონა, ბებია განრისხდებოდა და უკმეხს ეტყოდა, მაგრამ გაიღიმა, - როგორ არ მომენატრება სიყვარულით მოძღვნილი და სიყვარულითვე აღებულიო. დავინახე, როგორ გაუშეშდა სახეზე ირონია მეზობელს, რომლის შვილიც კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და არავინ იცის, რამდენი ტომარა ქატო და რამდენი კილოგრამი ყველი მოუტანია მალულად ფერმიდან... მეგონა, ამას მიახლიდა ბებია, მაგრამ დაინდო.

როცა პირველად უძლურება ვიგრძენი, ქმარს გამოვუტყდი. სასწრაფოდ წავიდეთ თბილისშიო. მეზობლებს დავუტოვეთ სახლ-კარი და ექიმმა ეჭვნეულად მოისმინა ჩემი ჩივილები. ოფლიანობა ღამითო, მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და მერე დავიწყე საკუთარ თავში ძალების მოკრება. უკვე იმაზეც ვფიქრობდი, ჩემი მეუღლე როგორ გაუძლებდა მარტოობას, მერე რა, რომ კარგი შვილები გვყავს და ყურადღებას არ მოაკლებენ!.. ჩაინიშნა პირველი ოპერაცია. ღმერთს მივენდე. ძალიან მინდოდა, ოპერაციის წინ ვინმეს დაერეკა და გავემხნევებინე. ნამოწაფარმა დამირეკა. მონასტერს შეეხიზნა მას მერე, როცა მეუღლე ავარიით დაეღუპა. დედა მარიამმა, - გავიგე, ოპერაციას იკეთებ და მე ახლა შენთვის ლოცვად ვდგებიო. მადლობა ვუთხარი. საოპერაციო ბლოკში ოპერაცია დაიწყო და მონასტრის კელიაში - ლოცვა. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ განგების ნება, ორივე ერთად დასრულებულა... მეორე ოპერაცია ჯერ არ მიკეთდება, ექიმები ელოდებიან პირველის შედეგებს. მე კი არ მეშინია. ქმარი ხშირად მიზის გვერდით და ბავშვურად მართობს. როგორ უხდება ადამიანს გაბავშვება. მარტო ვართ და ვბავშვობთ. სიხარულის ცრემლებით მევსება თვალები, როგორ ამარჩია და როგორ ავირჩიე... უზარმაზარი საათი გვაქვს სახლში, წამების ისარი დაუოკებლად ბრუნავს, ამ დროს კობა მეუბნება, - მოდი, თითებით დავითვალოთ, რამდენ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას მოვასწრებთო. ზოგჯერ თვლა გვეშლება და ვკამათობთ, ვინ უფრო სწორად დაითვალა... მერე ისევ ვიწყებთ თავიდან და მანამდე ვერ ვთანხმდებით, ვიდრე ღიმილით არ დამემუქრება, რომ მეზობლებს მოიწვევს მთვლელებად! ვიცი, ამას არასდროს იზამს და ბავშვურად გადავიკისკისებ ხოლმე. ზოგჯერ ისეთ რამეებს მიკითხავს, მგონია, ჩემთვისაა ეს ადამიანი გაჩენილი. ვიცი, რომ იღლება, მაგრამ ნამუსზე შემაგდებს ხოლმე, მე მჭირდებოდეს, ცაში ხელს აჰყოფ ჩემ გამოო... ახლახან საიდანღაც დედა ტერეზაზე ასეთი ტექსტი ამოუბეჭდავს და დაძინების წინ წაიკითხა:

"მე ხშირად გამოვიქცევი ციდან, რომ დედამიწაზე სიკეთის დათესვა შევძლო..." დედა ტერეზას უკანასკნელი სურვილი, დაეწვათ მისი დღიურები, მისივე მოძღვარმა არ შეასრულა, რადგან გაოგნებული დარჩა პირველივე ჩანაწერით: "ჩემსა და უფალს შორის სიბნელეა, ჩემი ლოცვა ცარიელი სიტყვებია..." შეძრული იმ სიღატაკითა და ბავშვების სიკვდილიანობით, რომელიც დღემდე არსებობს ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში, ერთი ფარატინა, გულის უკმარისობით დაავადებული ქალი, ყოველ დილით 4.40 საათზე ფეხზე დგებოდა, ლოცულობდა, მოხარშულ ბრინჯსა და ცოტაოდენ პურს შეექცეოდა და მთელი დღე ნაგავსაყრელზე გადაგდებულ ჩვილ ბავშვებსა და ვირთაგვებისაგან დაღრნილ მოხუცებს აგროვებდა. ხშირად საავადმყოფოში მათ მიღებაზე უარს ამბობდნენ, საშინელ სანახაობას ყველა ვერ უძლებდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჩვილების, უპატრონო ბავშვებისა და მოხუცებისათვის ცალ-ცალკე აეშენებინა თავშესაფარი. მან, თავად უპოვარმა, ამის გაკეთება 111 ქვეყანაში შეძლო. "ფეხშიშველ ბავშვებს დააკვირდი, როცა შენს შვილებს ბალიშს გაუსწორებ, გაიხსენე, მილიონობით ბავშვის სასთუმალი ქვაა!" - უთხრა მან პრინცესა დაიანას.

კანონიზაციის ცერემონიალი ძალზე რთულია. ასობით მოწმეა დასაკითხი. გამოირკვა, რომ წმინდანად უნდა შერაცხონ ქალი, რომელსაც საავადმყოფოს მედპერსონალი და არაერთი მონაზონი სისასტიკეში სდებენ ბრალს. საქმე იმაში იყო, რომ ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ცოცხალ-მკვდარ ჩვილს ერთწუთიანი თბილი აბაზანის შემდეგ, დედა ტერეზა მონაზონს აძლევდა და აიძულებდა, მკერდში ჩაკრული ჰყოლოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. წლების შემდეგ, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სწორედ სხეულის სითბო უბრუნებდა ჩვილს რწმენასა და სიცოცხლის სურვილს, უქმნიდა ილუზიას, რომ იგი გადაგდებული არ არის, დედასთანაა... დედა ტერეზა წმინდანად შერაცხეს. არავინ მკითხავს, მაგრამ მე ვფიქრობ, უფლის საცოლე, დედა ტერეზა, არაჩვეულებრივად მოსიყვარულე და კარგი დედა იქნებოდა". კობას ვკითხე, თუ რატომ წამიკითხა ეს ამბავი და მითხრა, დედა ტერეზა თუ სხვებზე ზრუნავდა, ჩემი ცოლისთვის რომ ძალიან ცოტა გავაკეთო, ეს რატომ უნდა ჩამეთვალოს გმირობადო... იმ ღამეს ვიპოვე ერთი მარტივი საშუალება ტკივილისა და უიმედობის საწინააღმდეგოდ - ფიქრი იმაზე, რომ იმედი არ უნდა გამეცრუებინა მეუღლისთვის, რომელიც ფიქრშიც არ მღალატობს!

ახლახან ვირუსი დამიდასტურდა. იშვიათად, მაგრამ მაინც გავდივარ გარეთ. კობა არ მაძლევს უფლებას, არ ვიდიასახლისო. ყოველთვის ჩემი სიტყვაა ბოლო, რა უნდა ვიყიდოთ მაღაზიასა და ბაზარში. ორმეტრიანი კაცი ბაწარგამობმული ბოჩოლასავით დამდევს უკან, გაივსებს ხელს, წავა, ჩააწყობს მანქანაში, მერე ისევ მობრუნდება დაუზარებლად... კოვიდი დამიდასტურდა და ტემპერატურის აწევის გარდა, სუნის და გემოს შეგრძნება დავკარგე. კობამ, სად მიაგნო, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთი დღე ამ მონათხრობით გადავატარეთ:

"ვირუსები არიან დედამიწის პირველი ცოცხალი ბინადრები. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი მოვიდნენ კოსმოსიდან და ზუსტად მათი აქტივობის წყალობით დედამიწაზე წარმოიქმნა ჟანგბადი, ანუ სიცოცხლე, რადგან ისინი არიან ცოცხლები, მათ შეუძლიათ გამრავლება, კვება (გადამუშავებული საკვებისგან დაცლა), გადარჩენა მათთვის რთულ პირობებში და ცვალებადობა გადარჩენისთვის (მუტაცია). ერთხელ ერთი ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ აბსოლუტური სტერილობის შემთხვევაში, ცოცხალი ორგანიზმი (ადამიანიც) ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი. ხშირ შემთხვევაში, ვირუსებთან კონტაქტი განაპირობებს იმუნური სისტემის სიძლიერეს. მედიცინაში არსებობს ტერმინი "ცინგლიანი ასაკი". საუბარია 2-დან 9 წლამდე, როცა ადამიანის ორგანიზმი ეცნობა ვირუსებს და ხშირად მსუბუქად ავადმყოფობს, რაც სავსებით ნორმალური და კარგია. ამ დროს ადამიანი გამოიმუშავებს იმუნიტეტს და ემზადება პლანეტაზე ცხოვრებისთვის. იმ პლანეტაზე, რომელზეც, მის გარდა, ცხოვრობენ ვირუსებიც. ვირუსთან ბრძოლა ანტიბიოტიკებით შეუძლებელია, რადგან ანტიბიოტიკები ებრძვიან ბაქტერიებს და არა ვირუსებს. დაავადებები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ "ბატონებს", ვირუსებია, ხოლო ტუბერკულოზი, ტიფი და ანგინა - ბაქტერიები. ვირუსებს უყვართ ცხოვრება ადამიანის, ცხოველის ან მცენარეს უჯრედებში. ზუსტად იქ მრავლდებიან. მაგრამ მათ შეუძლიათ გადარჩნენ ორგანიზმის, ანუ სიცოცხლისთვის სათანადო პირობების მიღმა. მათ უყვართ წვიმა, სიცივე და ნისლი. ასევე ორთქლი, რომელიც წარმოიქმნება სუნთქვისას. ასეთ პირობებში ისინი ყველაზე ადვილად გადადიან ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსები არ დაბინავდებიან ადამიანში სახლში დატოვებული ქუდის, გახსნილი ქურთუკის ან ცივი სასმლის გამო. აი, ხმამაღალი ლაპარაკის დროს კი... ვირუსების შეტევის დროს ადამიანს შეიძლება დაემართოს დროებით აზროვნების გაფანტულობა, არ არის რაიმე ახალი და მხოლოდ კორონასთვის დამახასიათებელი. გემოს და სუნის დაკარგვაც არაა განაჩენი..."

ამის მერე ეს ვირუსებიც კი შემიყვარდა, ჩემში რომ შეაფარეს თავი. ვდარდობ, კობაშიც არ მოინდომონ ცხოვრება... არ მინდა, ჩემზე ზრუნვით დაღლილს დაემატოს საფიქრებელი. ავუკრძალე ორ მეტრზე ახლოს მოსვლა და ისიც, ბაწარჩაბმული ბოჩოლასავით მემორჩილება. მჯერა, მალე ვირუსებსაც გავისტუმრებ, ორივე სიმსივნესაც! საწყისი სტადიების გარდა, ისიც მაიმედებს, რომ გვერდით ადამიანი მყავს...

ბევრმა უნდა წაიკითხოს ეს წერილი. უიმედობაში ნუ იქნებიან. ახლა, დრო ბევრი მაქვს, ვზივარ ჩემს კომპიუტერთან და გწერ მარტივად, სხვის სანუგეშებლად. ღმერთმა იმედი და საიმედოები არ დაგვილიოს. ყველაზე იაფი და იოლი რეცეპტი სიყვარული და პატივისცემაა. ჩემთვის ეს რეცეპტი კი, გითხარით, ვინცაა...

და თუ მოვკვდები, დამიჯერე, ციდან ბევრჯერ გამოვიქცევი, სიკეთე რომ გავაკეთო..."

როლანდ ხოჯანაშვილი ჟურნალი "გზა"