"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის?" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს პასუხობს - კვირის პალიტრა

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის?" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს პასუხობს

არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში - როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში "რემდესივირის" შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული; ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომი დაახლოებით ორი კვირის ვადაში იქნება.

"მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები, ასაკთან ერთად მაქვს თანმხლები დაავადება არაჰოჯკინის ლიმფომა გამოხატული იმუნოდეფიციტით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე მაღალი რიკის ჯგუფია კოვიდავადმყოფებისთვის, რამეთუ არსებობს რისკი დაავადების ძალიან აგრესიულად წასვლის და მძიმე გამოსავლის. საბედნიეროდ, მე ამას გადავურჩი. დაიწყო ვირუსი ყელის ტკივილით, ცხელებით, ხველით და იყო როგორც მოსალოდნელია იმუნური სისტემის მკვეთრი გაუარესება. 14-ში აღმომაჩნდა ვირუსი და 16-ში დაიწყო იმუნური სისტემის გაუარესებს. ოთხ დღეში ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოვიდა. რომ არა ზომების მიღება, მას შესაძლოა, მოჰყოლოდა ცუდი შედეგები, ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამესხა ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი", რომელიც სადღეისოდ ერთადერთი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების გაიდლაინით, მაგრამ მას ყველა ერთნაირად არ აფასებს. მაგალითად, ჯანმო-ს კვლევებით ითვლება, რომ ეს მედიკამენტი ეფექტური არ არის. საქართველოში ეს პრეპარატი შემოტანილი ჯერ არ არის. ხელშეკრულება გაფორმებულია და დაახლოებით, 10 დღეში 2 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. "რემდესივირის" გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება და 5 დღეში ჩემმა იმუნურმა სისტემამ საწყის ზღვარს მიაღწია. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია "რემდესივირთან", რადგან ერთი ადამიანით ამის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ჩემზე ასე იმოქმედა.

არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში. როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში "რემდესივირის" შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული. მე ჩემს თავზე შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო, თუ მე მისი მწამს. ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის. ეს არ იყო სახელმწიფო მარაგიდან, მედიკამენტი ჯერ არ შემოსულა. გუშინწინ მოეწერა ხელი, ჩემი გაჯანმრთელების მერე დადგენილებას და მედიკამენტი დაახლოებით, ორ კვირაში შემოვა. მე მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ეს ვის შეუძლია შეზღუდოს, თუკი პაციენტს და მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!" - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"