"ეხლა რა­საც დავ­წერ არა­სო­დეს არა­თუ არ და­მი­წე­რია, არც კი მი­ფიქ­რია აქამ­დე...შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია" - კვირის პალიტრა

"ეხლა რა­საც დავ­წერ არა­სო­დეს არა­თუ არ და­მი­წე­რია, არც კი მი­ფიქ­რია აქამ­დე...შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია"

2 დეკემბერს, დილით, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. მეგობრები და თანამებრძოლები პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში იხსენებენ...

თინა ხიდაშელი (პოლიტიკოსი): ეხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე. ყოველთვის ვცდილობ ყველაფრის რაციონალიზაციას, მათ შორის სიბრაზის, სიბრიყვის...კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი კერასინკის წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და პელეს სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა ქვეყნის მოქცევას, შემობრუნებას, გადარჩენას შევძლებდით. იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში.

4 წელი მორიგეობით ტელეფონთან ვყარაულობდით სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, დაჩაგრული ადამიანებისთვის იურიდიულ დახმარებას ვეწეოდით, სახლიდან წიგნები მოგვქონდა და ერთმანეთს ვუზიარებდით, ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდით.არასოდეს დამავიწყდება არსენა მარაბდელის ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი, რომელიც სწორედ კობას მიჰყავდა.

13 წელი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთამენთი არ გვენახა, სულ ვკამათობდით - მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში :(ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთ - თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ხელს ვტაცებდით ...ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი...შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისევ სულ ვკამათობდით, ვდაობდით :( მერე იყო იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებული საათები ...ბოლო 5-6 წელია არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან ტელევიზორიდან. ხან საერთო მეგობრებისგან...

კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე რომ ასე მძიმედ თუ იყო ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან.ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუტეების და სიპატარავის გამო, ალბათ მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო გონიათ. ამ შლეგებს გონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია, ან პატიება შემიძლია.

ამ უგუნურ შლეგებს გონიათ არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი. ალბათ მართლაც გონიათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ეხლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროვებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნირებით და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგინონ.მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს ....ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება.

ვალერიან ხაბურძანია (პოლიტიკოსი): კობა დავითაშვილი გარდაცვლილა, გაანათლოს. ჩვენი თაობის უდავოდ გამორჩეული, ნიჭიერი და ჯიუტად პრინციპული ადამიანი, იურისტი და პოლიტიკოსი. უპრინციპო საზოგადოება პრინციპულ ადამიანებს ვერ იტანს, კობას მოღვაწეობა ამის მაგალითი, სიცოცხლე ამის მსხვერპლი.

ეკა ბესელია (პოლიტიკოსი): ძალიან, ძალიან მეტკინა გული ჩვენი თანამებრძოლის კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო... მადლიერება გამოვხატოთ მისი ბრძოლის და ყველა იმ დღის გამო ,რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის, სამართლიანობისთვის გაიღო! ნათელში იყოს და სამძიმარი მის ოჯახს...“ იხილეთ სრულად