"მამაჩემს ორი ქალიშვილი ჰყავდა და ეს სიყვარული ორივეს ჩაგვინერგა. ახლაც მახსოვს ის დღეები..."
"მამაჩემს ორი ქალიშვილი ჰყავდა და ეს სიყვარული ორივეს ჩაგვინერგა. ახლაც მახსოვს ის დღეები..."
ნოემბერი საქართველოში უსიამოვნო მოვლენებით დატვირთული თვე იყო: საკამათოდ ქცეული არჩევნები, დაძაბული პოლიტიკური გარემო, ჩაკეტილი ქალაქები და უმუშევრად, ულუკმაპუროდ დარჩენილი ათასობით ადამიანი... ამ ფონზე ერთადერთი გამონათება ლანჩხუთის გოგონათა გუნდის გამარჯვება იყო: მოგეხსენებათ, მათ რუმინელები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.
დავინტერესდით, რას ფიქრობენ წარმატებული ქართველი ქალები ამ მოვლენაზე და საერთოდ, უყვართ თუ არა ფეხბურთი. როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა კარგ ფეხბურთს დიდი სიამოვნებით უყურებს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა"
გამოქვეყნდა:

სალომე ღვინიაშვილი, ტელეწამყვანი:

"ჩემი მეუღლე - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთელია. ის საკმაოდ წარმატებულია თავის პროფესიაში. ახლა უკვე მწვრთნელია და როგორ შეიძლება, სპორტის ეს სახეობა არ მიყვარდეს? ჩემს ოჯახში ყოველი დღე ფეხბურთით იწყება და მთავრდება. სხვათა შორის, ბავშვობაში ფეხბურთი მეც მითამაშია და ძალიან მომწონდა..."

ლალი ტოტიკაშვილი,
მოდელი:

"ჩემი მეუღლე და შვილი თითქმის ყველა თამაშს უყურებენ და თუ შევატყობ, საინტერესო მატჩია, მათ სიამოვნებით ვუერთდები. თინეიჯერულ ასაკში გოგონებმა ხშირად იციან ამა თუ იმ ცნობილი ფეხბურთელის "გაფანატება", მაგრამ მე გამორჩეული ფეხბურთელი არ მყოლია, არც ვინმეს ფანი ვყოფილვარ. მეც ძალიან გამახარა ლანჩხუთის ქალთა გუნდის გამარჯვებამ. ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთი ქალის საქმე არ არის, მაგრამ ამას არ ვეთანხმები..."

მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი:
"ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა. მამაჩემს ორი ქალიშვილი ჰყავდა და ეს სიყვარული ორივეს ჩაგვინერგა. თვითონაც ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. ახლაც მახსოვს ის დღეები: არ გამომიტოვებია არც ერთი ჩემპიონატი, თბილისის "დინამოს" არც ერთი მატჩი და ძალიან ბედნიერი ვიყავი... წარმოიდგინეთ, ამხანაგური მატჩიც მითამაშია: ამ ათიოდე წლის წინ "ახალი მემარჯვენეები" სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობასთან ვმეგობრობდით. სოფელში გაიმართა ამხანაგური მატჩი, ამ მატჩში მამაკაცებიც მონაწილეობდნენ და ქალებიც..."

სოფო ხალვაში, მომღერალი:
"როცა ჩემპიონატი იწყება და ვხედავ, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთზე ვგიჟდები. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოს საქმე პირველ რიგში, კულტურა და სპორტია. ძალიან მინდა, ფეხბურთმა საქართველოში იმ მწვერვალებს მიაღწიოს, რასაც გულშემატკივრები ამდენი ხანია ნატრობენ..."

ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი:

"ყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ ჩვენი "დინამოს" თამაშს ვეღარ ვუყურებ, როცა ახლანდელი გუნდის თამაშს იმ ფეხბურთს ვადარებ, რომელსაც ქართველები 1980-იან წლებში თამაშობდნენ... ჩვენი გოგონების გამარჯვებამ მეც გამახარა, მაგრამ გამოგიტყდებით: ქალი და ფეხბურთი ერთად ვერ წარმომიდგენია..."

წერილს სრულად ჟურნალ "გზის" 3 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები