"აღსდექ, ვაჟკაცო! ებრძოლე სიკვდილს!" - კვირის პალიტრა

"აღსდექ, ვაჟკაცო! ებრძოლე სიკვდილს!"

ხშირად ისე ხდება, რომ დიდი ხელოვანის მიერ ყოფით ვითარებაში ნათქვამი სიტყვა  უფრო ზუსტად და სრულყოფილად ასახავს მის მრწამსსა და სულისკვეთებას, ვიდრე კრიტიკოსთა მიერ დაწერილი ვრცელი ბიოგრაფია თუ გამოკვლევა.

შესანიშნავი ლიტერატორი, ნიკა აგიაშვილი, აღწერს რა ლადო ასათიანის უკანასკნელ დღეებს, ერთ ამბავს იგონებს: "ერთ საღამოს, როცა მეტისმეტად გაუარჯლდა ხველება, მისი განუყრელი ანიკო ექიმთან გაიქცა. კიბეზე კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა, ლადოს სანახავად მომავალს. კონსტანტინემ დახედა მძიმე ავადმყოფს და გასამხნევებლად შესძახა: - აღსდექ, ვაჟკაცო, ებრძოლე სიკვდილს, სალმობამ არ დაგაძაბუნოსო! გაბადრულ მთვარესავით გაუხდა ლადოს ნატანჯი სახე.

ლოგინიდან წამოდგა, კონსტანტინეს სკამი შესთავაზა და სრულიად მშვიდად, დაწყნარებულმა გაუბა საუბარი. ხველებაც დაუცხრა და შვება იგრძნო. შემდეგ ანიკოსათვის უთქვამს: ამაზე უკეთეს ექიმს ვერსად ვიშოვნიდი. ნეტავი, ყოველდღე მოვიდეს, თუ ასე მოვმჯობინდებიო."

"აღსდექ, ვაჟკაცო (ქართველო), სალმობამ არ დაგაძაბუნოს!" - უპირველესად ეს მოწოდება ხმიანდება მკითხველის გულში, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას წიგნს იღებს ხელში.

თავად მწერლის სიტყვებით, ცხოვრების გზა 1893 წელს (მკვლევართა აზრით, 1891 წელს) სოფელ აბაშაში დაიწყო, მსოფლიოს უმცირესი მდინარის, ზანას პირას, რომელიც შუაზე ჰყოფდა გამსახურდიების ისლით დაფარული სახლის ეზოს. ბევრ ჩვენგანს, ალბათ, მოსმენილი აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც უკვე ღრმად მოხუცებული მწერალი ახალგაზრდული ჟინით გასძახის აუდიტორიას: "უცხოეთში სასწავლებლად წასული, არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: შენ, ეი, მსოფლიოს უმცირესი მდინარის პირას შობილო ბიჭო, არ დაგჯაბნონ უდიდესი მდინარის პირას დაბადებულებმა." ეს მაშინ მოხდა, როდესაც "განსწავლის წლები" მოახლოვდა.

მეოცე საუკუნის ოციანი წლები იდგა.  რუსეთმა, ამჯერად წითელმა,  საქართველო ხელმეორედ დაიპყრო, რასაც 1924 წლის აჯანყება და ქართველთა მორიგი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. ერთი წლისთავზე გამოდის კონსტანტინე გამსახურდიას პირველი რომანი ,,დიონისოს ღიმილი", სადაც სამშობლოდაკარგულ, სასოწარკვეთილ გმირს წითელი მამალი ჩაუძღვება ჯოჯოხეთის საუფლოში, იქ "მარმარილოს ტახტზე ღაწვმაღალი, ყვითელეპოლეტებიანი მონღოლი იჯდა. თავზე ჩრდილოეთის მეფის გვირგვინი აქვს, მუხლზე ორთავიანი არწივი უზის.

ერთ თავზე ბაგრატიონის გვირგვინია! გვირგვინში - თამარის ალმასი!.. ვუბაკუნებ ფეხს - დამიბრუნე დედაჩემის ალმასის თვალი... შენ - ყინულეთი, მე - მზისგული, შენ - თოვლი, მე - ცეცხლი, შენ - მურტალი, ღორის ტყავის ფარივით ფართო და რგვალი, მე - ქართულ სატევარსავით ბასრი და წვეტიანი... მე და შენ ერთ სახლში ვერ დავეტევით". ალეგორია ძნელი ასახსნელი არ იყო, თუმცა მაშინ ასეთებისათვის ჯერ კიდევ არ ხვრეტდნენ - ხან დასცინოდნენ, ხანაც ლანძღავდნენ... ციხეს მაინც ვერ გადაურჩა. 1926 წელს დააპატიმრეს. ორი წელი სოლოვკის არქიპელაგზე, საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა.

ჩვეულ გეზს მაინც არ კარგავს. ,,მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია", - ამბობს მისი ახალი რომანის გმირი, - საუკუნეებს გამოტარებული ეროვნული კულტურისა და შეგნების მატარებელი და იღუპება ახალმოსულ, ველურ ძალასთან ბრძოლაში. ეს ,,მთვარის მოტაცებაა" - ქართული პროზის ერთ-ერთი შედევრი.

1936 წელი დგას. უკვე იგრძნობა სუსხი, რომელიც სულ მალე დატრიალდება და ერის საუკეთესო ნაწილს სასაკლაოს გზას გაუყენებს. ამ სასაკლაოს კონსტანტინე გამსახურდიას ორი ძმა ეწირება. თავად მწერალს, რომელსაც ფაშისტური და ნაციონალისტური იდეების მატარებლად მიიჩნევდნენ, არ შეხებიან.

არა გვგონია, ამისთვის საკმარისი ყოფილიყო ის საჯარო გამოსვლები, რომლებშიც მწერალი "შეცდომებს" აღიარებდა და ერთგულებას ჰპირდებოდა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა". არც ერთი შემოქმედებითი დაჯგუფების წევრი არ ყოფილა. საერთოდ, მისი ხასიათიდან, ტემპერამენტიდან გამომდინარე, ადამიანებს ძნელად უახლოვდებოდა და შინაგანად უაღრესად მგრძნობიარე, გარეგნულად ამპარტავანი, პირქუში პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა (ერთხელ, წიგნზე მისი სახელი და გვარი ასე წააწერეს - კონ. გამსახურდია.

ერთი ამბავი დააწია გამომცემლებს - ვინ არისო თქვენი "კონ"!), იქნებ ამან გადაარჩინა. ანდა, ღვთისგან ასე უხვად მომადლებულმა ნიჭმა იხსნა და თვით უსასტიკეს ჯალათებსაც მოულბო გული. რაც შეეხება კომპრომისებს, ამაზე აკაკი ბაქრაძე შესანიშნავად წერს: "კონსტანტინე გამსახურდია ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც სახლში პური მიაქვს და უკან კბილდაღრჭენილი ქოფაკი მისდევს. პური რომ შინ მიიტანოს, იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. მთელი ცხოვრება ასე გაურბოდა მწერალი უკან დადევნებულ საბჭოთა ხელისუფლებას, უყრიდა მწერლური პურის ნატეხებს - "ბელადს", "ვაზის ყვავილობას"... რათა ქართველი ხალხისათვის დაეტოვებინა "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი".

გადარჩა, მადლობა ღმერთს!

"დიდოსტატის მარჯვენა" 1938 წელს დაასრულა. რომანი არავის გაუკრიტიკებია. მკითხველი მონუსხული იყო წიგნის ფურცლებიდან გადმოღვრილი მშვენიერებით. და, რაც მთავარი იყო წიგნისა და თვით ავტორის "უსაფრთხოებისთვის", რომანი მოეწონა სტალინს. ამჯერად მშვენიერებამ მართლაც შეძლო დრაკონის განიარაღება.

მწერალი ამბობდა, სიყრმიდანვე მხიბლავდაო გელათის კედელზე გამოსახული ცისფერთვალება, ომახიანი ვაჟკაცის ხატება. "დავით აღმაშენებელი" 25 წელი იწერებოდა. განვლილი ცხოვრების მანძილზე მოხვეჭილი მთელი სიბრძნე და გამოცდილება ჩააქსოვა ამ ვრცელი ისტორიული, მხატვრული ტილოს შექმნას ავტორმა. "მოგზაურობისა და განსწავლის წლებში დიდხანს ვატოლებდი და ვაზომებდი აღმაშენებელს მაკედონელთა მოუხეშავ კეისრებს, იტალიის გარყვნილ ტირანებს, გაკრეტინებულ რომანოვებს, საქართველოს დამხობისა და დაქცევის პერიოდში წარმოშობილ უჭკუო მეფეებს.

ამ შედარებისას უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს გულში თავდადება და სიყვარული დავით მეფისადმი, რომელიც  თავისი ეპოქის უმამაცესი და უგანათლებულესი სუვერენი იყო იმ ბნელ საუკუნეებში, როცა გერმანიის იმპერატორები ძლივს ითვისებდნენ წერა-კითხვას", - გვიამბობს მწერალი. საქართველოს გამთლიანება, ქვეყნის ერთიან, კულტურულ, რელიგიურ სხეულად შეკვრა - ეს იყო მიზანი, რომლის განხორციელებას შეალია თავისი ზეკაცური ძალა და ენერგია დავით აღმაშენებელმა. შესაბამისად, დავითის "საკვირველ" საქმეთა ღირსეული ასახვა უმძიმეს ტვირთად დააწვა მწერალს. ამიტომ გაუგრძელდა შრომა.

მაშინდელი განათლებული საზოგადოებისათვის, რომელიც წიგნით საზრდოობდა, საოცარი მოლოდინითა და სიხარულით აღსავსე იყო ეს 25 წელი. ტეტრალოგიის თითოეული წიგნის გამოსვლის შემდეგ მკითხველი წლობით ელოდა მომდევნო წიგნის გამოსვლას. ყველაზე დიდხანს მეოთხე წიგნმა დაიგვიანა - ათი წელი ალოდინა მკითხველი. მწერალი თავადაც ღელავდა, ეშინოდა, სიბერეში შესულმა ვაითუ ვერ დავასრულო დაწყებულიო. დააცალა განგებამ - საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინების მატიანე 1962 წელს გაასრულა.

მწერლის მიერ გადახდილი "უკანასკნელი ომიც" მისთვის ჩვეული ქართული არტისტიზმით იყო გაჯერებული: უკანასკნელ წუთებში ახლობლებისთვის უთხოვია - წამომაყენეთო. ასე, ფეხზე მდგომი, შეგებებია სიკვდილს...

ჩვენს მკითხველს ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად, "დავით აღმაშენებლის" მეორე ტომის გარდა, პირველი ტომის შეძენაც შეეძლება. პირველი წიგნის გამოცემას ვიმეორებთ, ვითვალისწინებთ რა, მკითხველის ინტერესს (მთელი ტირაჟი "ისტორიანის" მარტის ნომერთან ერთად ერთ კვირაში გაიყიდა), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სულიერ საზრდოს ჩვენში გურმანი არ გამოლევია, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მოყვარულ კაცს დღესაც (როგორც ყოველ დროს), გაჭირვების კბილდაღრჭენილი ქოფაკი უკან მისდევს, მაგრამ, ბატონი კონსტანტინესი არ იყოს, "პური" მაინც მიაქვს შინ.

ლადო გოგუაძე