"38 წელი გავიდა და მტკივა უშენობა, გამოჩნდი, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი" - კვირის პალიტრა

"38 წელი გავიდა და მტკივა უშენობა, გამოჩნდი, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი"

"შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ტყუპისცალი ვარ და ჩემი და გარდაცვლილია. 2004-2005 წლებში ყველაფერი შეიცვალა"

დაკარგული, გაშვილებული და ერთმანეთის მაძებარი ადამიანი საქართველოშიც ბევრი არის. რომ გაიკითხოთ, თქვენ გარშემო ერთს მაინც აუცილებლად ნახავთ, დას, ძმას ან მშობლებს რომ ეძებდეს. 38 წლის მუსიკოსი, საქსოფონისტი ნინო ბერიშვილი სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ნინო ტყუპისცალია და უკვე რამდენიმე წელია, ეძებს დას, რომელიც ცოცხალია, საქართველოში ცხოვრობს და, ალბათ, არ იცის, რომ მას მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები ელოდებიან.

ნინო ბერიშვილი: - მეუღლე და 2 შვილი მყავს. ჩემი მეუღლე მხატვარია, ერთი შვილი ორი წლის არის, მეორე - 20-ის. ზრდასრულობის პერიოდიდან ჩემს ტყუპისცალს დავეძებ, ამ თემაზე ხშირად არსად ვწერდი, თუმცა საჯაროდ ლაპარაკი მაინც გადავწყვიტე.

8-თვიანი დავიბადე, მე 2,200 კილოგრამს ვიწონიდი, ჩემი და ჩემზე დიდი იყო. პატარა ვიყავი, როდესაც მითხრეს, ტყუპისცალი გყავდა და დაბადებიდან მალევე გარდაიცვალაო. უბრალოდ, შევეგუე ამ ფაქტს და ცხოვრება განვაგრძე. რამდენიმე წელიწადში, როდესაც წამოვიზარდე, შემთხვევით გავიგე, რომ ადრე ბავშვებს ყიდდნენ და აშვილებდნენ - საბჭოთა კავშირში, რიგ სამშობიაროებში ეს მიღებული იყო. ამ ამბების მოსმენის შემდეგ შინ ჩემი დის შესახებ კიდევ ერთხელ ჩავევკითხე მშობლებს, მაინტერესებდა ბავშვის ცხედარი ვინმეს ნანახი თუ ჰქონდა და ამ ამბის სრული ისტორიაც მოვისმინე.

მაშინ საქართველოში ექოსკოპია არ იყო, ჩემებს უთხრეს, რომ ტყუპი ჰყავდათ, თუმცა დაზუსტებით არავინ იცოდა. პოლიკლინიკის ექიმი ვარაუდობდა, რომ ორი ბავშვის გულისცემა ესმოდა. დედას, თურმე, მოულოდნელად, მე-8 თვეში დაეწყო მშობიარობა. იმ მომენტში ბებია და ბაბუა ჩვენთვის რაღაცების საყიდლად მოსკოვში იყვნენ წასულები და მამაც საქმეებზე იყო სხვა ქალაქში. დედას მშობიარობა რომ დაეწყო, იმ დროს მის გვერდით მხოლოდ ბიცოლაჩემი იყო. ბიცოლას პატარა ბავშვი ჰყავდა და დედას სრულყოფილად ვერ აქცევდა ყურადღებას.

მე რომ დავიბადე, ექიმს უთქვამს, უი, კიდევ ერთი ბავშვი ჩნდებაო და იდენტური გოგო, ტყუპისცალი დაიბადა. როგორც ვიცი, მშობიარობის დროს ექიმმა სიტუაცია დაამძიმა და როდესაც დედამ იმშობიარა, მას უთხრეს, რომ ერთ გოგოს, ჩემს ტყუპისცალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, ბავშვი ასფიქსიით დაიბადა. ნაადრევ მშობიარობას დედას ჯანმრთელობის პრობლემებიც დაერთო, სიარული უჭირდა და ჩვენ პირველად ერთად ბიცოლამ გვნახა. სულ მეუბნება ხოლმე, რომ ზუსტად იდენტურები ვიყავით, უბრალოდ შენს დას ოდნავ სილურჯე გადაჰკრავდაო. ბიცოლას ამ მდგომარეობისა და ექიმების დიაგნოზის შეეშინდა და კერძო პედიატრი მოიყვანა, რომელსაც მდგომარეობა მანქანაში მგზავრობისას გააცნო და შემდეგ ბავშვი ანახა. კერძო პედიატრი გაკვირვებული უყურებდა ბიცოლას, უთქვამს რა ჯანმრთელობის პრობლემა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, გოგონები ერთნაირები არიანო. ისე გამოვიდა, რომ დიაგნოზი სამშობიაროს ექიმის მოგონილი იყო.

ბიცოლაჩემმა პედიატრი შინ წაიყვანა, დედასთვის საჭმელი იყიდა და უკან გაბრუნდა, სადღაც, 5-6 საათისთვის უკვე სამშობიაროში იყო და ექიმს ბავშვის მდგომარეობა გამოჰკითხა. პერსონალისგან უკმეხი პასუხი მიიღო, - რა, შენ არ იცი, ბავშვი რომ მოკვდაო? ბიცოლამ მითხრა, ადგილზე გავშრი, ტირილი ამივარდა და ისტერიკაში ჩავვარდიო.

იმავე დღეს ექიმმა ბიცოლას ჰკითხა, წაიყვანდნენ ბავშვს თუ თვითონ დაეკრძალათ სამშობიაროს სასაფლაოზე. რა თქმა უნდა, ბავშვის იქ დატოვებას არავინ აპირებდა, ოჯახს საგვარეულო სასაფლაო ჰქონდა და იქ აპირებნდნენ ბავშვის დაკრძალვას. ერთი შეხედვით, აქ პრობლემა არაფერი უნდა ყოფილიყო. ბიცოლაჩემს უთხრეს, რომ ზეწარი მოეტანა და ბავშვის სხეულს გაატანდნენ, თუმცა 4 დღე ქალი გააწამეს, ეუბნებოდნენ ხვალ მოდით, ზეგ მოდით, ცოტა ხანში შემოიარეთ და წაიყვანეთო. როგორც შემდგომ გავიგე, იმ პერიოდში შესაძლებელი იყო სხვა ბავშვის ცხედარი გაეტანებინათ და რადგან ბიცოლას უკვე ნანახი ვყავდით, იოლად მიხვდებოდა, ჩემი და იყო ის, თუ - არა, მას ვერ მოატყუებდნენ.

ამასობაში მამაჩემი, რომელიც სხვა ქალაქში იყო, დედასთან ჩამოვიდა, შეიტყო ეს ამბები და ბავშვის წამოსაყვანად მივიდა. მამა ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო, სულ ეკლესიაში დადიოდა და მიტოვებულ მონასტრებს უვლიდა. მივიდა მამა სამშობიაროში, იქ დაძაბული სიტუაცია დახვდა, ცალკე ჩემს გადარჩენაზე ფიქრობდნენ, ცალკე დედის მდგომარეობა იყო საყურადღებო და მამას უთხრეს, რომ ბავშვი სამშობიაროს ეზოში უკვე დაკრძალული ჰყავდათ. მაგრამ მამა, რომელიც ასეთი გამორჩეული ადამიანი იყო, ბავშვს უცხო ადგილას დასასაფლავებად არ დატოვებდა, უბრალოდ, მას ექიმებმა ბავშვი არ გამოატანეს.

- რა მოხდა შემდეგ?

- გავიდა რამდენიმე წელი, მე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ტყუპისცალი ვარ და ჩემი და გარდაცვლილია. 2004-2005 წლებში ყველაფერი შეიცვალა. სოლოლაკში, მთაწმინდაზე ვცხოვრობ. იმ პერიოდში, 3 წლის განმავლობაში ჩვენთან ოჯახის ნათესავი ცხოვრობდა. ძალიან კარგი კაცი იყო, მეცნიერი, კვლევებს ატარებდა ხოლმე. ერთ დღესაც სახლში მივედი და რეზომ თვალი ამარიდა, არ დამელაპარაკა. გამიკვირდა, მეორე დღესაც იგივე გაგრძელდა, საერთოდ არ მიმჩევდა და ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობას. ბოლოს ვკითხე, რაში იყო საქმე. რეზომ მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო "ქორთიად მერიოტთან" ვიღაცებთან ერთად დამინახა, მოვიდა, დამიძახა, მე ვიუარე, არ გიცნობთ-მეთქი და გზა გავაგრძელე. ამას მეუბნებოდა ადამიანი, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ვცხოვრობდი. გავოგნდი, მსგავს რამეს როგორ ჩავიდენდი, მითუმეტეს - იმ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არავისთან ერთად არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ვიუარე, მოვუბოდიშე, მე არ ვყოფილვარ-მეთქი. რეზო მიმტკიცებდა, რომ იმ დღეს დუტის ჟილეტითა და ჯინსებით სასტუმროს წინ მნახა. რეზოს ვერ დავაჯერე, რომ ის გოგო მე არ ვიყავი.

რამდენიმე თვეში დამთხვევა კიდევ განმეორდა. სილამაზის სალონში სტილისტს მე და ჩემი იდენტური გოგონა ერთმანეთში ავერიეთ. თმის დავარცხნისას მითხრა, შენ რა ყოველდღე ივარცხნი თმებსო, არადა კვირების განმავლობაში იმ სალონში ნამყოფი არ ვიყავი. ამის შემდეგ მეტ დამთხვევას აღარ ველოდებოდი, თუმცა ბოლო ფაქტმა ნამდვილად გამაოცა.

იმ პერიოდში ერთ ბიჭს ვხვდებოდი, ეს ბიჭი დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა. ერთ-ერთ საღამოს უნდა მენახა, თუმცა ბავშვი დამიტოვეს და ვერ მოვახერხე გასვლა, ამ ბიჭს ვუთხარი რომ შეხვედრა სხვა დღეს დაგვენიშნა და სახლში დავრჩი. საღამოს ბავშვთან ერთად მეც ჩამეძინა და ტელეფონი საბნის ქვეშ ჩამივარდა, მთელი ღამე მირეკავდა ეს ბიჭი, რა თქმა უნდა, არ გამიგია და დილით ათობით გამოტოვებული ზარი დამხვდა. გადავურეკე, რა მოხდა მეთქი და გაბრაზებული ტონით ასეთი რამ მითხრა, - ღამით მაჩაბლის კუთხეში სად დადიოდიო? გავიკვირვე, - ღამით სახლში ვიყავი, ბავშვს ვუვლიდი და, უბრალოდ, ადრე ჩამეძინა-მეთქი. ვერც იმ ბიჭს დავაჯერე, რომ იმ ღამეს გარეთ, მაჩებელზე მე არ ვიყავი. მოგვიანებით ჩვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ზოგადად გამიგია, რომ ტყუპს ერთმანეთთან დაკავშირებული გრძნობები აქვთ და ამას მეც ხშირად ვგრძნობ. შეიძლება უეცრად ხასიათი შემეცვალოს, შეიძლება წინათგრძნობა გამიჩნდეს. მთელი ცხოვრება ეკლესიურად ვცხოვრობ, ვისაც კი ვიცნობ, ყველას ლოცვებში ვიხსენიებ. რამდენჯერ მიცდია, რომ გარდაცვლილთა სიაში ჩემი დაც მომეხსენიებია, მაგრამ - ვერა, ვერც იმ სიაში შემყავს და ვერც სანთელს ვანთებ მისი სულის მოსახსენიებლად. ხელი სულ უკან მრჩება, შინაგანად ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ცოცხალია.

2-3 წლის წინ, ზაფხულში, რთული პერიოდი მქონდა. ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული. იმ პერიოდში აღელვებული ვიყავი და ვშფოთავდი, თუმცა ეს ჩემს დას არ უკავშირდებოდა, რაღაც უეცრად დამეწყო აღელვება. ისეთი პირობები მქონდა, რომ მსგავს პრობლემებს არ უნდა შევეწუხებინე, არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, შესანიშნავი შვილები და იდეალურად იყო ყველაფერი, თუმცა შფოთვა არ მასვენებდა.

მივედი ფსიქოლოგთან, ვესაუბრე ჩემს ცხოვრებაზე და ტყუპისცალზეც ვუთხარი. ვიზიტებისას რაღაც სეანსი, პროგრამა უნდა გამევლო, რითიც გავიგებდი საიდან მოდიოდა ჩემი შფოთვა. ამ პროგრამის ბოლო ეტაპი მეხსიერების დალექილ ნაწილში გრძნობების გახსენებას მოიცავდა. დამაწვინა, მითხრა რომ თვალები დამეხუჭა და გამეხსენებინა ეს ჩემი შფოთვა და უცნაური განცდები საიდან მოდიოდა. რამდენი ხანიც დამჭირდებოდა, იმდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი ასე. დაბადების წამიდან დღემდე ყველა გრძნობას ვიხსენებდი. ბავშვობის ტრავმა არაფერი მქონდა, უდარდელი ბედნიერი ბავშვობა გავატარე, თუმცა სადღაც ეს შფოთვა ყოველთვის ერია.

დავწექი, დავხუჭე თვალები. მეცინებოდა, დაბადების წამიდან რა უნდა გამეხსენებინა ან რა მემახსოვრებოდა ჩვილობის პერიოდიდან. რამდენიმე წამში გონებაში კადრები დამილაგდა, ეს კადრები ზუსტად 3-4 წამს გაგრძელდა, მეტი რომ ყოფილიყო, გავგიჟდებოდი. ასეთ რამ დავინახე: კარის მარჯვენა მხარეს ვიწექი, ჩემ წინ ორი ქალი იდგა, ერთი პუტკუნა, მეორე მაღალი და გამხდარი, ორივეს თეთრი ხალხთი ეცვა. როგორც ჩანს, სამშობიარო პალატა იყო. ვიღაც, მაღალი, ულვაშებიანი კაცი შემოვიდა, ხალათი მისცეს, მოიცვა, მოვიდა, ბავშვი აიყვანა და ოთახიდან გავიდა. ეს ყველაფერი წამებში გაქრა და ისტერიული ტირილი დავიწყე, მეც და ფსიქოლოგიც ერთად ვტიროდით.

მოგვიანებით ამ ქალმა მითხრა, რომ შფოთვის მიზეზიეს რომ არ ყოფილიყო, ამხელა ემოცია ამ მოგონებას არ მოჰყვებოდა, ეს იქნებოდა შენი ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც ასე მტკივნეულად არ აღიქვამდიო. ბოლოს ისიც მითხრა, რომ მოგონება სიმართლეა, რომელიც შენს ქვეცნობიერშია დალექილიო.

ამდენი ფაქტი მაქვს, ფსიქოლოგმაც ასეთი სიტყვები მითხრა და დღეს შემიძლია დადასტურებით ვთქვა, რომ ჩემი და ცოცხალია. რამდენიმე წლის შემდეგ, იმ სამშობიაროში ნაცნობი სანიტარი ვიპოვე, დავუკავშირდი, თუმცა არაფერი იცოდა. მაშინ მსგავს საკითხებს, ექთნები, ბებიაქალები და ექიმები აგვარებდნენ. ძალოვანი სტრუქტურები სამშობიაროში შეკვეთის სახით ექიმს ეუბნებოდნენ, რომ კარგი ოჯახის შვილი, კარგი გენეტიკის მქონე ბავშვი უნდოდათ, ექიმები კი ასე, მოტყუებით ყიდდნენ ბავშვებს. მოგვიანებით ისიც გავიგე, რომ ამ სამშობიაროდან ყოველთვის იყიდებოდა ბავშვები და სოციალურ ქსელში გოგონა ვიპოვე, რომელიც ამავე სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდეს. სამშობიარო 2011 წელს ბავშვებით ვაჭრობის გამო დახურეს.

ნაცნობმა სანიტარმა ქალმა მითხრა, რომ სამშობიაროში "სიმართლის წიგნი" არსებობს, სადაც 90%-ით სიმართლე წერია, თუმცა გარანტია არ მაქვს, რომ პასუხს იქ მივაგნებ. შეიძლება წიგნში ეწეროს, რომ ბავშვი მკვდარშობილი დაიბადა, დედამ ორივე ბავშვი გაიყვანა ან უარესი - უარი თქვა რომელიმეზე. ახლა ამ წიგნს ვეძებ, წესით ჯანდაცვის სამინისტროს არქივში უნდა ინახებოდეს. პანდემიის გამო, გაჩერებული ვარ, როგორც კი ეს ამბები ჩაივლის, სამინისტროში მივალ.

ძირითადი პრობლემა ერთია, არავინ არ ეტყვის მას რომ იშვილეს და არც იმას ეტყვიან, რომ მის მშობლებს მკვდარი ჰგონიათ. ალბათ, ეცოდინება რომ დედამ უარი თქვა მასზე ან გაყიდა. შეიძლება არაბიოლოგიურ მშობლებსაც დაუმალეს და ვინმეს ხელით ისე გადასცეს ბავშვი, რომ მათ ამ უკანასკნელის ბიოლოგიური მშობლები გარდაცვლილი ეგონათ. ბევრი ფაქტორია, რაც მის პოვნას კიდევ უფრო ართულებს.

- თუ შენი და ამას წაიკითხავს, რას ეტყოდი მას?

- ხშირად მიფიქრია, მას, ალბათ, უკვე ოჯახი ჰყავს და ჩემი ჩარევით რამე სტრესული ხომ არ მოყვება ამას. უბრალოდ ვეტყვი, რომ ძალიან მინდა მისი პოვნა, მთელი ცხოვრება სიცარიელის შეგრძნება მაქვს და ვიცი, ეს სიცარიელე მხოლოდ მისი გამოჩენით შეივსება. ვეტყვი იმას, რომ ძალიან ბედნიერი იქნება, ყველაფერს გავაკეთებ რომ იმაზე ბედნიერი იყოს, ვიდრე ახლაა.

მინდა, პირდაპირ მივმართო, გწერ შენ, თუ ამას წაიკითხავ, შეიძლება საერთოდ არ ელოდე, რომ შენი მშობლების არაბიოლოგიური შვილი ხარ, უბრალოდ, დახედე ფოტოს და თუ მიხვდები, რომ ძალიან მგავხარ, დაფიქრდი, არ შეშინდე და გამოჩნდი.

ზუსტად ვიცი, რომ ახლაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენ 1982 წლის 11 თებერვალს დავიბადეთ. გაშვილებისას ხშირად არასწორ ასაკს აფორმებდნენ და ამიტომ შეიძლება 2-3 თვით ჩემზე “დიდიც“ აღმოჩნდეს.  მე მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი მაქვს და შენც ასე უნდა გქონდეს!

38 წელი გავიდა და მტკივა უშენობა, გამოჩნდი, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.

(სპეციალურად საიტისთვის)