აქტივისტები ცესკოს შენობაში კარტოფილის შეტანას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა - კვირის პალიტრა

აქტივისტები ცესკოს შენობაში კარტოფილის შეტანას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

ცესკოს შენობასთან, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომის პარალელურად, აქცია პერფორმანსი მიმდინარეობდა, ვითარება დაიძაბა.

სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

როგორც აქტივისტები ამბობენ, მათ ცესკო-ს შენობაში კარტოფილის შეტანა სურთ, რომელიც სიმბოლურად მოპარულ არჩევნებს გამოხატავს.

„ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი, ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩვენ, თითოეულმა ახალგაზრდამ 20 ივნისს მოვიპოვეთ, მაგრამ თავზე გადაგვახიეს, პროპორციულიც თავზე გადაგვახიეს, კონსტიტუციაც, ყველაფერი აურიეს აბსოლუტურად, ხალხს ხოცავენ და არჩევნებს იპარავენ. ივანიშვილი არის უზურპატორი, რომელსაც სურს მუდმივად იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ასე არ გამოვა, ქართველი ხალხი არის გაბრაზებული. 300 000 ხმაზე მეტი მოიპარეს, ამიტომ ამ კარტოფილით, რომელიც აქ მიჭირავს, მოპარულ არჩევნებს ვაპროტესტებთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ამასთან, აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა ტრანსფარანტი დაწვეს წარწერით: "შემაჯამებელი ოქმი", რითაც კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის მიღება გააპროტესტეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ცესკომ დღეს არა შემაჯამებელი ოქმი არამედ გაყალბებული ოქმი გამოიტანა. მათი თქმით, ისინი სახელმწიფოს მიტაცებას არ დაუშვებენ.

ცნობისთვის, ცესკო-ს დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"