კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა - რას ამბობს ექიმი ბათუმში გარდაცვლილ პაციენტზე? - კვირის პალიტრა

კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა - რას ამბობს ექიმი ბათუმში გარდაცვლილ პაციენტზე?

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა, იგი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შედეგად იმშობიარა, შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკა "მედინაში" მოათავსეს.

"მედინაში" ამბობენ, რომ რუსუდან კოკობინაძეს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა და მას ძლიერი სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ექიმების თქმით, ახალშობილი ჯანმრთელია და სახლში უკვე გაწერეს.

"მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან, მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება ახალი კორონავირუსი ინფექციის გამო. ის ბათუმის სამშობიარო სახლში იწვა, კორონავირუსის დიაგნოზით. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებდოდა.

კერძოდ, გამოხატული ცვლილებები - ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა ორსულის მდგომარეობაზე, ასევე აისახა ნაყოფის მდგომარეობაზე.

25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთა ჩატარდა, ვინაიდან, არ იყო პირობები იმასა, რომ ემშობიარა. ბავშვის მდგომარეობა კარგია, გაეწერა სახლში. სამწუხაროდ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 27 ნოემბერს სამშობიარო სახლში კლინიკა "მედინაში" გადმოიყვანეს. მას კვლევის შედეგად ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება, პნევმონია და 23 - პროცენტიანი დაზიანება აღენიშნებოდა.

მას მაღალი ნაკადით ჟანგბადი მიეწოდებოდა. პირველ და 2 დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. ფილტვის რეანიმაცია ჩატარდა, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა", - აღნიშნა კლინიკა "მედინას" ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ.

ambebi.ge