"რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ჩემებიც არ მელაპარაკებოდნენ, ოჯახში დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ჩემებიც არ მელაპარაკებოდნენ, ოჯახში დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ..."

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა "პროფილის" ეთერში თავისი და ხათუნა ჟორდანიას ურთიერთობაზე ისაუბრა.

- ხათუნა უძლიერესი ადამიანია, უდიდესი პოტენციალი აქვს, უბრალოდ, გარშემო ბევრი ვყავართ მოსავლელი და მთელი დრო ჩვენ დაგვითმო, არადა, ეს დრო საკუთარი თავისთვისაც რომ დაეთმო, აუცილებლად იქნებოდა ძალიან წარმატებული ნებისმიერ შემთხვევაში.

- შენ ისეთი ქმარი ხარ მისთვის, როგორი ცოლიც თვითონაა?

- მე ვარ მისთვის ისეთი ქმარი, როგორსაც, ჩემი აზრით, ნამდვილად ვერ ნახავდა. "ფერი ფერს, მადლი ღმერთსო", ჩვენზეა ნათქვამი. შემიძლია ასე ვთქვა და გეტყვით, რა თვალსაზრისით. იყო წლები, როცა ზუსტად იგივე თანადგომასა და გვერდში დგომას საჭიროებდა. როცა ცოლად მოვყვანე, ერთად რთული წლები გამოვიარეთ - მერაბის პირველი დაჭერა, მეორედ დაჭერა და ა.შ.

- შენ მაშინ იყავი ბორჯომიდან ჩამოსული ძალიან ცნობილი ბიჭი, მაგრამ ასაკით პატარა. - ხათუნა დღესაც ჩემზე ახალგაზრდაა.

- იმ წრეში ადგილის დამკვიდრება არ იყო რთული? - დამკვიდრებული მქონდა თავი მანამდე, ხათუნას გაცნობამდე. უბრალოდ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდგარი ვიყავი, თორემ მე რომ შემდგარი ადამიანი არ ვყოფილიყავი, ხათუნას ცოლად არ მოვიყვანდი, რადგან მის გვერდით, სულ "ვიღაც" ვიქნებოდი, უკან მდგომი და საზოგადოებასთან ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის დიდი კომპლექსი იქნებოდა, მე სულით ლიდერი ვარ. ტელევიზიით ტიტრებში რომ აწერია ხოლმე, ზურა ხაჩიძის მეუღლეო, ამაზე სულ ვხუმრობთ ხოლმე ოჯახში.

რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ჩემებიც არ მელაპარაკებოდნენ, ოჯახში დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს სიყვარულით გადადგმული ნაბიჯი იყო და მის გარეშე არ მინდოდა ყოფნა. მე და ხათუნამ როგორ გადავწყვიტეთ ეს თემა? შევთანხმდით, რომ სადამდეც ერთმანეთი გვეყვარება, იქამდე ერთად ვიყოთ-თქო.

- მხოლოდ სიყვარული საკმარისია ოჯახისთვის? - არა, ძლიერი კაცი, ძლიერი ქალი და ერთად ყოფნის ძლიერი სურვილი.

- თქვენ შორის რომელი უფრო ძლიერია? - ხათუნა. რომ არა მისი სიძლიერე, კომპრომისები, შემტევი ხასიათი, ჩვენი ოჯახი ვერ გადარჩებოდა. ეს მისი დამსახურებაა.

- რა სუსტები ხართ კაცები... - სუსტები ვართ, უნდა ვაღიაროთ ქალის როლი ჩვენ ცხოვრებაში. მუდმივად მჭირს წაქცევები და ფეხზე დადგომაში, ხათუნას გარდა, არაერთი ადამიანი დამხმარებია.

წყარო