"ეს არ უკავშირდება კორონავირუსის ინფექციას" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე? - კვირის პალიტრა

"ეს არ უკავშირდება კორონავირუსის ინფექციას" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე?

ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

"შესაფერისი პროცედურა აქვს სიკვდილის მიზეზის დადგენას და ესეც დადგინდება. დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც არის ძალიან დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე, კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს, პაციენტების ნაკადები იყოს მართული შესაფერისად , რისთვისაც არის პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახური და საავადმყოფოს ქსელი. რა თქმა უნდა, არის რთული ამ პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით ეს ხერხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეზინფორმაციისგან თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდლილობთ, რომ როგორც კი არის ცრუ ინფორმაცია, მაშინვე მოხდეს სათანადო განმარტება,"- განაცხადა გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"