კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა

კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი) გარდაიცვალა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში მკურნალობდა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა სასწრაფო გამოძახებაზე ვერ მივიდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ამის შემდეგ სასულიერო პირი კლინიკა "ვივამედში" თავისი ფეხით მივიდა. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბერ-დიაკონი კირიონი 47 წლის იყო. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ ფეისბუქ გვერდზე "საპატრიარქოს უწყებანი" გამოქვეყნდა:

"გუშინ, 2020 წლის 3 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი). მამა კირიონი დასვენებული იქნება ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ კირიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და საძმოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერ-დიაკონი კირიონი" - ნათქვამია ინფორმაციაში.