"მყავს მეუღლე, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ვგრძნობ, როგორ ვჭირდები"
05-12-2020
"მყავს მეუღლე, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ვგრძნობ, როგორ ვჭირდები"
"როდესაც ადამიანს ვაწყენინებ - ყოველთვის მამახსოვრდება"

სახელი, გვარი: გვანცა დარასელია.
ასაკი: 31 წლის.
პროფესია: ტელე-რადიოგადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: გადაცემების - "სხვა შუადღე" და "თქვენი კლინიკა" წამყვანი.
ჰობი: სიმღერა.
ცხოვრების დევიზი: "არ შეგეშინდეს ცვლილებების".

- როდესაც სარკეში იყურები, ვის ხედავ?
- ახალგაზრდა დედას - ჩემს ყველაზე მთავარ მიღწევად მაინც ეს მიმაჩნია და ალბათ, საკუთარ თავს ასე ამიტომ ვხედავ. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით: როდესაც სარკეში ვიყურები, მართლა ძალიან ჩვეულებრივ გოგოს ვხედავ, რომელმაც
ამ ასაკში ბევრი რამე მოასწრო.

- ბავშვობაში როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდი და დღევანდელი რეალობა როგორია?
- ტელეწამყვანობაზე ვოცნებობდი და ეს სურვილი ამიხდა. საერთოდ, მეოცნებე არ ვყოფილვარ. ძალიან მაგარია, როდესაც ბავშვებს დიდი ოცნებები აქვთ, რომლებზეც სულ ფიქრობენ და მათ განხორციელებაში დროს, ენერგიას "დებენ". პირადად მე, ყოველთვის პრაგმატული, რეალისტი
ვიყავი - ყველაფერს საქმიანად ვუდგებოდი.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- არა, არასოდეს. ჩემთვის ეგ შეგრძნება უცხოა, რადგან მყავს მეუღლე, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ვგრძნობ, როგორ ვჭირდები. ჩემს შვილებსაც ძალიან ვჭირდები. ასევე, ჩემს საქმეში თავს აღიარებულად ვგრძნობ.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენია?
- სიმართლე გითხრათ, უკვე ზრდასრული ვიყავი, როდესაც ერთი ადამიანის შესახებ სხვასთან რაღაც ცუდად ვთქვი. საღამოს შინ დაბრუნებული მივხვდი, რომ ეს ადამიანები ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები იყვნენ და შეიძლებოდა, მას, ვისთანაც ვისაუბრე, ჩემი ნათქვამი სწყენოდა. ძალიან შემრცხვა. დავურეკე და ბოდიში მოვუხადე. ასეთი რაღაცები - როდესაც ადამიანს ვაწყენინებ - ყოველთვის მამახსოვრდება.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?
- უპირველეს ყოვლისა - სიზარმაცე. ბევრად მეტი რამის მოსწრება შემიძლია, ვიდრე ვაკეთებ. კიდევ, მავნე ჩვევად ტელეფონთან უაზროდ გატარებულ საათებს მივიჩნევ. ჩემი უარყოფითი თვისება ისიც არის, რომ ცვლილებების მეშინია - სიტუაციებსა და ცხოვრების გარკვეულ პერიოდებზე მიჯაჭვული ტიპის ადამიანი ვარ.

- დროს სოციალურ ქსელებს უთმობ?
- ჰო, მერე კი საკუთარი საქციელის გამო, ყოველთვის ნერვები მეშლება, რადგან შემეძლო, ეს დროს სხვა, ბევრად საჭირო რამეში გამომეყენებინა.

- სოციალურ ქსელებში შენს ყურადღებას რა იქცევს?
- სხვათა შორის, ყველაზე მეტ გამოხმაურებას ლილეს (ჩემი გოგონას) ვიდეოებზე ვიღებ. ხშირად ჩემი "ფოლოვერები" შენიშვნასაც მაძლევენ - ბიჭის ფოტოებს და ვიდეოებს რატომ არ "დებ", გოგონა გამორჩეული გყავსო? უბრალოდ, ბიჭს გადაღება და ვიდეოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება არ უყვარს. მისი ნებართვის გარეშე, ასე არასოდეს ვიქცევი. გოგონას თავადაც მოსწონს, როცა ფოტოს ან ვიდეოს ვუღებ... ძირითადად, სოციალურ ქსელებში ჩემს ყურადღებას მაინც სასარგებლო გვერდები და თემები (რაც რაღაცას მასწავლის) იქცევს. ასევე, რეცეპტების ნახვაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ მერე, ყოველთვის ნერვები მეშლება, რადგან რაღაცას "დავასეივებ" - ამას მოვამზადებ-მეთქი, მაგრამ მეზარება...

- ყველაზე უკეთ რომელი კერძის მომზადება გამოგდის?
- საერთოდ, გარშემო მყოფებს ჩემ მიერ მომზადებული კერძები მოსწონთ. ბოლოს მეგობრებისთვის სადილად იტალიური ლაზანია მოვამზადე, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად. აზიური სამზარეულოდან სუპებს ვამზადებ, რომლებიც მოსწონთ... ბორშჩზე და მსგავს წვნიანებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს!.. ასევე, სალათებსაც ვამზადებ... პრინციპში, ყველაფრის მომზადება შემიძლია, თუკი ამისთვის დრო და ენერგია მაქვს.

- შენი ხასიათის რომელი თვისება მოგწონს?
- პოზიტიური აზროვნება. სიტუაციების, ადამიანების შესახებ ყოველთვის უკეთესს ვფიქრობ, ცუდს არ ველოდები, ეჭვის თვალით არ ვუყურებ. მგონი, ეს ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ადამიანს ეხმარება, რათა საკუთარ თავს სტრესი არ მიაყენოს და ცუდზე არ იფიქროს... კიდევ, ჩემს დადებით თვისებად კეთილსინდისიერებას მივიჩნევ. ამბობენ, ეს შენი ზოდიაქოს გამოაო (ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარ), მაგრამ ჰოროსკოპით არ ვინტერესდები. უბრალოდ, ეს თვისება - კეთილსინდისიერება ნამდვილად მახასიათებს: ჩემთვის დისკომფორტია, როცა მაგალითად, რამეს პატარა თაღლითობით აღწევენ. შეიძლება, ეს დამაზიანებელი არავისთვის იყოს, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, სასურველს სწორი და კეთილსინდისიერი გზით მივაღწიო.

- მაღაზიებში ნაადრევად გამოჩენილი საახალწლო აქსესუარების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- სხვათა შორის, ასეთი რაღაცების მოყვარული არ ვარ. საერთოდ, ახალი წლის დღესასწაულის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს - გადამეტებული მზადება, ეიფორია მაგრად მეზარება. მით უმეტეს, ჩემს პროფესიაში ეს დატვირთული პერიოდია - როგორც წესი, წინასაახალწლოდ ძალიან ვიღლები, რადგან უამრავი გადაღება, ჩაწერაა ხოლმე. უბრალოდ, ბავშვების "ჩართულობაზე", საჩუქრებზე ზრუნვას ვცდილობ. საჩუქარი ოჯახის თითქმის ყველა წევრისთვის მაქვს და ნაძვის ხესაც ვრთავ, რა თქმა უნდა... მყავს მეგობრები, რომლებიც საახალწლო სამზადისს 2 თვით ადრე იწყებენ, ყოველ წელს ახალ აქსესუარებს იძენენ... ასე ნამდვილად არ ვიქცევი.

- ახლობლები მოფერებით რას გეძახიან?
- ჩემი მეუღლე რას აღარ მეძახის... სხვათა შორის, მამაჩემი "პაწის" მეძახდა. მერე, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, მანაც ასე მომმართა. ძალიან დაემთხვა (იცინის). ახლაც ასე მომმართავს. ისე, ჩემი სახელის სხვადასხვა კნინობითი ფორმით (მაგალითად - "გვანცულიკ") ხშირად მომმართავენ.

- შვილებს სახელები როგორ შეურჩიე?
- პირველ ბავშვზე ორსულობისას, სქესი რომ გავიგე, უბრალოდ, სპონტანურად ვთქვი, - ერეკლე ხომ არ დავარქვათ-მეთქი? ჩემი მეუღლე დამეთანხმა - ეს სახელი ძალიან მოეწონა და ბევრი აღარ გვიფიქრია; გოგოს სახელს რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ჩემს გოგონას ლილეს დავარქმევდი, რადგან როცა დავიბადე, დედამ ლილე დამარქვა, შემდეგ ოჯახი შეეწინააღმდეგა და დედამ ვერ შეძლო, ჩემთვის ოფიციალურად ეს სახელი დაერქმია. მერე, ლილე თითქოს ჩემი მეორე სახელივით იყო... მეუღლეს ჩვენი გოგონასთვის შერჩეული სახელიც არ გაუპროტესტებია: თავიდანვე ვიცოდით, თუ გოგონა გვეყოლებოდა, ლილეს დავარქმევდით.

- როგორ სიზმრებს ხედავ?
- ხანდახან საოცარ, სათავგადასავლო სიზმრებს ვხედავ, რომელშიც პერსონაჟები და სიუჟეტები ერთმანეთს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე უკავშირდებიან. სამწუხაროდ, ხშირად მავიწყდება, სიზმრად რა ვნახე - მხოლოდ წამიერად მახსოვს, მაგრამ ძირითადად, ძალიან საინტერესო სიზმრებს ვხედავ.

- ავტომობილის მართვისას, გაბრაზებული "ცხელ გულზე" ყველაზე ხშირად, რა ფრაზას ამბობ?
- ამას ვერ ვიტყვი (იცინის). ზოგჯერ ზოგიერთი მძღოლის ქცევა ძალიან გასაბრაზებელია. მგონია, რომ მძღოლი საერთო საგზაო მოძრაობის მონაწილეა. ვიღაც საკუთარ თავს ჩემზე მაღლა რომ აყენებს და წესრიგის მიმართ ჩემს პატივისცემას არაფრად აგდებს, ასეთ დროს ნერვები მეშლება. მაგალითად - საცობში, ჩემს ზოლში ვდგავარ, ვიღაც კი საპირისპირო მიმართულებით, გზაზე გადადის, მასწრებს... პირადად მე, ასე არასოდეს ვიქცევი. იმ ავტომობილში ჯდომაც ყოველთვის მეუხერხულება, რომლის მძღოლიც ასე იქცევა და ყოველთვის შენიშვნას ვაძლევ.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების არარსებობა დისკომფორტს შეგიქმნიდა?
- მგონი - არა, რადგან ესთეტიკურ ცენტებს მხოლოდ კანის სიჯანსაღისთვის და მაგალითად, ფრჩხილის "გასაკეთებლად" მივმართავ, ანუ გარეგნობის შეცვლის და გაუმჯობესების მიზნით - არა. უბრალოდ, პრობლემური კანი მაქვს და იძულებული ვარ, ესთეტიკურ ცენტრებს მივმართო, გარკვეული პროცედურა ჩავიტარო, რათა კანს დავეხმარო, თორმე სხვა მხრივ, ამაზე დროს აბსოლუტურად არ დავკარგავდი.

- შენს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ვის მიუძღვის?
- ალბათ - დედაჩემს, რადგან ცხოვრებაში დედა ჩემთვის ყოველთვის ბიძგი და დიდი მოტივატორი იყო, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა, მეტი მეცადა, მეტი შესაძლებლობა გამომეჩინა...

- სიმღერის უნარის რეალიზებას სად, როგორ ახდენ?
- ამ სფეროში არ ვმუშაობ, რადგან დროს ჩემს პროფესიას და ოჯახს ვუთმობ. სიმღერის შესაძლებლობა ჩემს პროფესიაში ძალიან მადგება, რადგან ტელევიზია მეტ-ნაკლებად არტისტულობას საჭიროებს. ასე რომ, ტელევიზიაში სიმღერა, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა ხშირად მიწევს და სიმღერისადმი ჩემს სიყვარულს იქ ვიკმაყოფილებ. თან, სამეგობროც ისეთი მყავს, რომ როგორც წესი, ჩვენი შეკრება ყოველთვის სიმღერის ფონზეა. მოკლედ, ამის დანაკლისს ნამდვილად არ განვიცდი. უბრალოდ, სანახევროდ არანაირი საქმის კეთება არ მიყვარს. ხშირად მეკითხებიან, - რატომ არ მღერიო? მირჩევნია, ერთი საქმე ხარისხიანად ვაკეთო...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები