"როცა კახი უწმინდესს ახსენებს, ყოველთვის ფეხზე დგება..." - კვირის პალიტრა

"როცა კახი უწმინდესს ახსენებს, ყოველთვის ფეხზე დგება..."

ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსს ებრძვის. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. თავიდან კი მისი მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა, ახლა გაუმჯობესება დაეტყო და იმედი აქვთ, რომ მალე სრულიად გამოჯანმრთელდება. ჩვენ ვესაუბრეთ მის ძმას, იმერი კავსაძეს, რომელიც ასევე კორონავირუსს ებრძვის.

- ამ ეტაპზე კახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს და უახლოეს დროში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდება. ის ამჟამად რეანიმაციაშია და ტელეფონი არა აქვს, ამიტომ ვერ ვუკავშირდებით. მხოლოდ ექიმის მეშვეობით ვეხმიანებით, ის გვეუბნება, როგორ არის და ჩვენ მისი გვჯერა. ძალიან კარგად მკურნალობენ. როცა კახი გამოჯანმრთელდება, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. კახი კარგი ძმაა, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური, შევაბერდით ერთმანეთს, ყველა თემაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ისეთი დედა გვყავდა, მასზე საუბარი არ გვბეზრდება... მან ერთმანეთის და ნათესავების სიყვარული შთაგვინერგა.

- ბატონი კახი და პატრიარქი...

- ეს ცალკე თემაა, იმიტომ, რომ პატრიარქმა უდიდესი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში... ეს იყო სასწაული და მე ამის მოწმე ვიყავი.

- ვინც ვერ მიხვდა, რაზე ვლაპარაკობთ, ვუთხრათ, რომ წლების წინ ბატონ კახის ოპერაცია დასჭირდა... - დიახ, ოპერაციამდე კი პატრიარქმა დალოცა და ისე გაუშვა საზღვარგარეთ. იქ ოპერაციის წინ რომ ნახეს, უთხრეს, აქ არაფერია ხელმოსაკიდი, წადი სახლშიო...

კახი რომ ჩამოვიდა, მაშინვე ეახლა პატრიარქს და ყველაფერი უამბო. მთელმა საპატრიარქომ იცის ეს ამბავი. ილია მეორე მართლაც უწმინდესია და სასწაულთმოქმედი. როცა კახი მას ახსენებს, ყოველთვის ფეხზე დგება. ქართველი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი დიდი პიროვნება მოუვლინა. ის ჩვენი ერის სულიერი მამაა.

- რა ვერსია გაქვთ, ბატონი კახი, ან თქვენ სად დაინფიცირდით?

- ძნელია თქმა... ჩვენ მაინც გავდიოდით გარეთ. მას უამრავი ადამიანი ხვდება... კი ვცდილობდით, დისტანცია დაგვეცვა, პირბადეც ყოველთვის გვეკეთა, მაგრამ... ჩვენ ერთად დავინფიცირდით, განსხვავება ის არის, რომ მე შედარებით იოლი ფორმით მაქვს ყველაფერი. ტესტი რომ გავიკეთეთ, მაშინვე დადებითი პასუხი აჩვენა, ამიტომ უკვე მერამდენე დღეა, მეც და ჩემი მეუღლეც იზოლაციაში ვართ. აივნიდან თუ გავიხედავ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ - ეს არის და ეს. პროდუქტი მოაქვთ და კართან გვილაგებენ. ყველამ უნდა დავიცვათ წესები, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს. გვერდში უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მედიკოსებს და შეძლებისდაგვარად შევუწყოთ ხელი, რომ ეს პანდემია გადავაგოროთ.

კახიზე ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ღმერთმა გადაგვარჩინა.

"ჩიტივით ვარ, ბატონებო, არ ვიცი, გავფრინდე თუ გამოვფრინდე"

"ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? - ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვი რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს, კახიო... ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება. ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი... იმან კიდევ, - ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო... გამიხარდა. დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო.

ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ვხედავ, უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდ და იმას უნდა გავატანოთო... ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესავო და სამეზობლო...

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ. ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა... 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ - 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15... მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო... - ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო... გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი."თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი... მე სიკეთის ძალის მჯერა - ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავს. თბილისში მოვფრინავ…ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის. გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, სასწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი... სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება". - ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის ამ მოგონებამ - "სიკეთის სასწაული", ინტერნეტსივრცე დაიპყრო...