"ყველა ხელისუფლებას თავისი თავი წარმოუდგენია ელმავლის როლში, ხოლო საზოგადოებას ისე უყურებენ, როგორც ამ ელმავალზე მიბმულ ვაგონებს" - კვირის პალიტრა

"ყველა ხელისუფლებას თავისი თავი წარმოუდგენია ელმავლის როლში, ხოლო საზოგადოებას ისე უყურებენ, როგორც ამ ელმავალზე მიბმულ ვაგონებს"

"თუ მოვიწადინეთ, უსაშველო არაფერია. ჩვენ ადამიანობა, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაკლია. ყველა პოლიტიკოსმა თავის კრედოდ უნდა აქციოს აქილევსის სიტყვები, აგამემნონს რომ მიმართავს, შენ იბრძვი ძალაუფლებისთვის, მე ღირსებისთვისო. ღირსებისთვის ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლებისთვის. ჩვენს ხელისუფლებას მინდა ვუსურვო პოლიტიკური სიქველე, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია", - ამბობს ჩვენი სტუმარი პოეტი და მწერალი ერეკლე საღლიანი:

- ამ ეპიდემიის დროს ვცდილობ დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახის წევრებიც, იშვიათად გავდივართ გარეთ, ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას და ჯერჯერობით შევძელით თავის დაცვა... ვფიქრობ, მსოფლიო პანდემია შემთხვევითი არ არის. იყო ძნელბედობა ჩვენს ისტორიაში, მაგალითად მოვიყვან მონღოლების ხანას, როცა ჩვენი ეკლესიის პოზიცია სწორი იყო - მეთაურები ხალხს ჩააგონებდნენ, რომ ეს იყო ღვთის სასჯელი ჩვენი საქციელის გამო.

რაციონალური და ირაციონალური სამყარო არ არის ერთმანეთისგან გათიშული, პირიქით, ერთმანეთს ავსებენ - ანუ კორონავირუსი იმის გამოძახილია, რაც ჩვენ ჩავიდინეთ.

XX საუკუნის ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა, ადამიანი არის ის, რაც არ შედგაო. გარკვეულწილად არის ამაში სიმართლე და იმისთვის, რომ პანდემია გაქრეს, ადამიანი თავის თავს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის პირველი წამალი, თორემ რამდენი ვაქცინაც უნდა გამოიგონონ, არ უშველის. უპირველესად, უნდა გავათავისუფლოთ საკუთარი თავი შემბოჭველი მარწუხებისგან. ცხოვრების წესი, რომელიც დღეს დედამიწაზეა გამეფებული, ადამიანს აიძულებს მოლიპული გზებით იაროს. ეს მის სულში ილექება, ბოლოს კი ცოდვები, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებს, გარსს იკეთებს და სულიერ სამყაროში ადის. ქართველები ბედნიერი ხალხი ვართ იმით, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული აღმსარებლობა გვაქვს. უნდა დავუბრუნდეთ დედაეკლესიას, ვიცხოვროთ ღვთის კანონებით...

- ყველა მოვლენას ახლავს როგორც უარყოფითი, ისე დადებითიც... პოზიტივი თუ მოგიტანათ ეპიდემიამ?

- უფრო ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, ჩემს ხარვეზებს, ცოდვებს და ვცდილობ მათ გამოსწორებას. პოზიტიური იყო ისიც, რომ ეს პერიოდი შემოქმედებითად ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ბევრი ლექსი დაიბადა.

- პოლიტეპიდემიის გარდა, კრიზისია თითქმის ყველა სფეროში. როგორ უნდა დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი? - როცა ხელისუფლების სათავეში ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია - არ შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ხუშტურზე იცეკვო. რასაკვირველია, ოპოზიციამაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს... ყველამ კარგად დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ვაჟკაცობა საკუთარი შეცდომების აღიარებაა და ეს ნებისმიერ ხელისუფლებას აკლდა. დათმობაზე უნდა წავიდეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

ხომ გახსოვთ გენიალური სპექტაკლი "კავკასიური ცარცის წრე"? ბავშვი თავისკენ უნდა გადაქაჩონ დედამ და ძიძამ და მას ძიძა უშვებს ხელს, გასაგლეჯად ხომ არ გავიმეტებ ბავშვსო... ხელისუფლებას მინდა ვუსურვო იმ ძიძის როლში ყოფნა და არა ვაიმშობელი დედის როლში, რომელმაც გასაგლეჯად გაიმეტა შვილი.

- თითქოს დაგვებედა, რომ ყველა არჩევნებისას ლამის სამოქალაქო ომის წინა პირობა იქმნება. ამდენი წელია რატომ ვტრიალებთ სულ ერთსა და იმავე წრეზე? - ქვეყანაში არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და იმიტომ. საზოგადოებას ანგარიშს არც ერთი ხელისუფლება არ უწევს, ყველას თავისი თავი წარმოუდგენია ელმავლის როლში, ხოლო საზოგადოებას ისე უყურებენ, როგორც ამ ელმავალზე მიბმულ ვაგონებს. არც ერთი ხელისუფლება, თუ პირველს არ ჩავთვლით, არ იყო ხალხის ინტერესების გამომხატველი. არ შეიძლება ხელისუფლებაც და სახელმწიფოც ისე წარმოვიდგინოთ, თითქოს პრივატიზებულია. "ნაცმოძრაობის" კრახიც ამან განაპირობა...

- საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ერეკლე საღლიანმა პოლიტიკაში წასვლა? - მწერალი და პოეტი კაცი პოლიტიკაში მოსვლას რომ გადაწყვეტს, ეს არის ქვეყნისთვის დიდი უბედურება. რა თქმა უნდა, ეს საამო გადაწყვეტილება არ ყოფილა. ალბათ, იმიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებელია პოლიტიკაში ეროვნულმა ძალებმა მოიყარონ თავი. ეს იყო მთავარი მიზეზი და ნამდვილად არ მეპარება ეჭვი, რომ მე ერთ-ერთი ეროვნული კაცთაგანი ვარ.

- თქვენ "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარული სიით წარდგენილი კანდიდატი იყავით სვანეთი-რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. გული ხომ არ დაგწყვიტათ იმან, რომ სვანების რჩეული ვერ გახდით? - ბუნებრივია, მაჟორიტარულ ოლქებში "ოცნების" კანდიდატები გაიმარჯვებდნენ, მათ ხელშია ყველა ბერკეტი.

სისტემა უნდა შეიცვალოს. ამ საარჩევნო სისტემით ნებისმიერი ხელისუფლება მოიგებს... ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებით გავისტუმრეთ. "ნაცმო" ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დაღუპა, დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში და ვერ გათვალეს ხალხის უკმაყოფილება.

ახლა კი ამ საშინელმა ეპიდემიამ პირდაპირ "ოცნების" წისქვილზე დაასხა წყალი, იმიტომ, რომ დასაწყისში მართლაც იყოჩაღეს, მერე კი აუშვეს და ცუდად მოიქცნენ - "ოცნებამ" რა ხმებიც აიღო, იმის შედეგია, რომ ეპიდემიის დასაწყისში მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ.

- როგორც ამბობენ, ამქვეყნიური ჭირ-ვარამი ყველაზე მეტად პოეტებში აღიბეჭდება. თქვენში როგორ აღიბეჭდა ეს ყოველივე? - ერთ-ერთ ბოლო ლექსთაგანს გეტყვით, რომელსაც "ადამიანი" ჰქვია:

"გძრახავს ხმა ცათა ჩენილთა,/ ხარ უმწეოც და დიადიც,/ გარჯით, ოფლითა შენითა/ უნდა შეირგო ხმიადი./ იტანჯები და ევნები, /დამცველი მაინც გიცავსა,/ ღმერთი გრძნობს,/ როცა ცრემლებით/ დაალბობ დედამიწასა".

პოლიტიკოსების უმეტესობას უსინანულობა ღუპავს. დადიან ეკლესიებში, მაგრამ უფრო ფორმალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი აუცილებლად მათ ქმედებებში აისახებოდა.