"არ ვიცით, 24-ში დილიდან რა დატრიალდება ქვეყანაში... იქნებ, არ ავიწყვიტოთ" - კვირის პალიტრა

"არ ვიცით, 24-ში დილიდან რა დატრიალდება ქვეყანაში... იქნებ, არ ავიწყვიტოთ"

"მე რომ სამსახური შემინარჩუნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარშემო ყველაფერი კარგადაა"

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის შეზღუდვა მოქმედებს და საზოგადოება ცდილობს მეტ-ნაკლებად შეეგუოს და ფეხი აუწყოს იმ რეალობას, რომლის წინაშეც პანდემიამ დროებით დაგვაყენა. თუმცა, ზოგი ვერ, ან არ ემორჩილება და წესების დარღვევას მაინც არ ერიდება... ამას ის ასეულობით ჯარიმაც ადასტურებს, რისი გამოწერაც სამართალდამცველებს ყოველდღიურად უწევთ...

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე kvirispalitra.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული შეზღუდვები პირადად მასზე ნეგატიურად არ მოქმედებს, თუმცა, მის სიმპათიას მაინც ის მოდელი იმსახურებს, რომელიც გერმანიაში შეიმუშავეს:

- დაწესებული შეზღუდვები, პირადად ჩემზე, დიდად არ მოქმედებს, რადგან, ასე ვთქვათ, სახლის ადამიანი ვარ, რესტორნებში ჭამა-სმა და ხალხმრავლობა დიდად ისედაც არ მიყვარს, ეს უფრო მზღუდავს. მეტწილად სახლში ვარ. მე რომ სამსახური შემინარჩუნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარშემო ყველაფერი კარგადაა.

შეზღუდვების მომხრე ნამდვილად ვარ, თუმცა, ძალიან მომწონს, მაგალითად, ის სისტემა, რაც გერმანიაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გააჩერეს, სკოლები არ დახურეს, მაგრამ სასწავლო პროცესს სხვადასხვა დროს იწყებენ, რომ ტრანსპორტი არ გადაიტვირთოს, ბევრ ბავშვს არ ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ბევრი ადამიანი არ დაზარალდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ ამ გამოცდილებას ჩვენც გავიზიარებთ.

"ისპანკას" შემდეგ, ჯერ წინ ვერ წავედით. როგორც მაშინ იყო უებარი საშუალება პირბადე, ისეა დღესაც. ოღონდ, სწორად გამოვიყენოთ, ცხვირზე ავიწიოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სოციალური დისტანცია დავიცვათ. ამაზე კარგი, ჯერ არაფერი ვიცით, რა შეგვიძლია გავუკეთოთ საკუთარ თავებსაც და გარშემომყოფებსაც. გადაცემაც კი გავაკეთე პირბადეებზე, არაერთი სპეციალისტი ჩავწერე, რომლებიც უშუალოდ პირბადეებზე მუშაობენ და ყველა მათგანი ამბობს, რომ ერთადერთი უებარი საშუალება არის სამედიცინო პირბადე, სხვები კი, თუ ოთხ შრიანი არ არის, ჩათვალეთ, რომ საერთოდ არ გიცავთ. გიკეთიათ უბრალოდ აქსესუარი, რომელიც უბრალოდ გახრჩობთ და გარეგნობას გილამაზებთ.

- "ლოკდაუნამდე" რაც მოხდა, უკვე ვიხილეთ. თქვენი აზრით, წინასაახალწლოდ, როცა დროებით მოხსნიან შეზღუდვებს, რა სიტუაციას მივიღებთ? რას ფიქრობთ, ასევე, ერთჯერად ფულად დახმარებებზე?

- სწორედ ამიტომ, პირადად მე, ძალიან მეშინია ამ 24 რიცხვის. მგონია, რომ 24-დან 2 იანვრამდე კარგი რამ არ მოხდება და ამას, შემდგომ კვირებში მოვიმკით. თუკი, მანამდე, რაიმე რეგულაცია არ შეცვალეს. სპეციალისტი არ ვარ და ამ საკითხს სიღრმისეულად ვერ განვიხილავ, თუ რისი დახურვა ჯობდა, ან რისი - არა, მაგრამ მომწონს გერმანიის მაგალითს რომ ვხედავ, რომელიც სისტემურად ასე კარგადაა გადანაწილებული - დიდად არ დააზარალეს არც მშობლები, ვისაც შვილის დამტოვებელი არ ჰყავს და ეპიდემიაზეც იზრუნეს. ვისურვებდი, რომ ამ დისციპლინით ჩვენც დავემსგავსოთ მათ.

რაც შეეხება დახმარებებს, როდესაც ბიზნესი, ნორმალური შემოსავალი გაქვს, მაგრამ უცებ მის გარეშე რჩები და 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას გაძლევენ, ცხადია, შესაძლებელია, რომ ეს მართლაც არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ სულ არაფერს, ვფიქრობ, მაინც კარგია.

- როგორია ხოლმე თქვენი წინასაახალწლო სამზადისი? - სიმართლე გითხრათ, ამ დღისთვის განსაკუთრებულად არც არასდროს ვემზადებოდი, არასდროს მქონია ორსართულიანი სუფრა, გოჭებით და ამბებით, ყოველთვის მოკრძალებულად აღვნიშნავ და წელსაც იგივე იქნება, არაფერი განსაკუთრებული.

ვისურვებდი, 24-ში რომ "აგვიშვებენ", იქნებ, რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ ყველაფერს ერთად არ მივაწყდეთ. ამაზე მართლა სერიოზულად მეფიქრება, არ ვიცით, დილიდან რა დატრიალდება ქვეყანაში...

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)