"ვაფრთხილ­ებდით, რომ ქაოსი გარდაუვალი იყო" - უშუქოდ დარჩენილი აფხაზეთი და კრიპტოქარხნები ენგურჰესის ხარჯზე... - კვირის პალიტრა

"ვაფრთხილ­ებდით, რომ ქაოსი გარდაუვალი იყო" - უშუქოდ დარჩენილი აფხაზეთი და კრიპტოქარხნები ენგურჰესის ხარჯზე...

"წყლის გამომყენებელი სადგური ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ ყოფილიყო, ოკუპირებული აფხაზეთის კლანს უფასო ელექტროენერგიის განიავების მადა დაეკარგებოდა"

კვირაზე მეტია აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო - მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. როგორც "Чегемская правда"-ს მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი წერს: "სოხუმის ქუჩებში დიზელისა და სალიარის შავი ზოლები გაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ მის ხაზებს იმ ოჯახებსა და დაწესებულებებში მიჰყავხარ, სადაც გენერატორი მუშაობს". ხაშიგი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა აფხაზეთში ენერგოკრიზისია, უეცრად გაჩნდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის "საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების ღონისძიებების პროექტი".

დოკუმენტი, რომელშიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადასვლა იგეგმება, ინტერნეტში 25 ნოემბერს განათავსეს. მას ხელს აწერენ პრეზიდენტი ასლან ბჟანია, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი და რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი.

"ბევრი რამ დეტალურად გაუწერელია, მაგრამ ჩონჩხიდანაც იკითხება სახიფათო სიგნალები. არის პუნქტები, რომელთა თანახმად, პენსიები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასები ისევ რუსეთის ბიუჯეტზე იქნება მიბმული, რამდენიმე პუნქტის მიხედვით კი დამოუკიდებელი აფხაზეთის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც გულისხმობს აკრძალვების მოხსნას იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა აღიარეს. ასე რომ, რუსები მოიპოვებენ უფლებას, აფხაზეთის მოქალაქეობაც მიიღონ და არანაკლებ მთავარი - აფხაზეთის ენერგეტიკის ბაზარზე რუსული კომპანიები შემოვლენ... აფხაზებს ყოველთვის აქვთ მოლოდინი, თავიანთ სამშობლოში კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდნენ", - წერს აფხაზი ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ ამ კრიზისის დროს შემოგდებული პროექტი ყელში წაჭერილი ყულფია...

აფხაზები შიშობენ, რომ ელექტროენერგია ფასიანი გახდება. ცნობისთვის: ამჟამად აფხაზეთში 1კვტ 40 კაპიკი ღირს (დაახლოებით 1 ცენტი), რუსეთში კი 6 რუბლამდე (დაახლოებით 7 ცენტი). აფხაზური მედიის ცნობით, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია დენი რუსეთისგან იყიდოს, ეს კი უტყუარი წინა პირობაა, რომ მოსახლეობას გადასახადები გაეზრდება.

ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი კრიპტოვალუტის მზარდი წარმოებაა. მაგალითად, Апсадгьыл-инфо-ს უწყებით, მხოლოდ სოხუმში 1000-მდე, გულრიფშში კი 600-ზე მეტი კრიპტოვალუტით მოვაჭრე აღმოაჩინეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში 150 კრიპტოფერმაა და აღჭურვილია მაღალი მონაცემების კომპიუტერებით, რომელთაც უწყვეტი ენერგიის წყარო სჭირდებათ. მაინერები ძირითადად, რუსეთიდან შემოდიან. მათი სერვერები ოკუპირებული რეგიონის ელექტრონულ რესურსზეა მიბმული. აფხაზეთში კრიპტობიზნესის გადმოტანის მსურველი მრავლდება - არალეგალური საქმიანობისთვის კარგი ნიადაგია ელექტროენერგიის სიმბოლური ფასი და კონტროლიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. რეგიონისთვის ყველაზე მსხვილი ენერგომიმწოდებელი ენგურჰესია. შესაბამისად, როგორც სამომხმარებლო, ასევე "შემოპარული ბიზნესის" ხარჯი ჰიდროელექტროსადგურის ანგარიშზეა.

ქართველი ენერგეტიკოსების ცნობით, მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის მაინერები აფხაზეთით დაინტერესდნენ, რეგიონში ენერგომოთხოვნა 48%-მდე გაიზარდა. ენერგეტიკოსის, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის გია არაბიძის აზრით, თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური არ გაიზარდა და რეგულაციები არ გამკაცრდა, რეგიონს ნამდვილად ემუქრება წყვდიადში დარჩენა. იანვრის შუა რიცხვებში ენგურჰესში აუცილებელი სარემონტო სამუშაო იწყება, სადგური დაიკეტება, ეს კი, დიდი ალბათობით, აფხაზეთში დენის გრაფიკს გაზრდის.

- ბოლოს დროს რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა. ამიტომაც რუსეთმა აფხაზებს გამოუცხადა, ჩვენ ამხელა რესურსი არა გვაქვს და სანამ ენგურჰესი სრული დატვირთვით ამუშავდება, კეთილინებეთ და, გრაფიკზე გადადითო... ბოლო სავარაუდო მონაცემებით, აფხაზეთში 200 000-მდე კაცი ცხოვრობს, თუმცა რეგიონი ყოველთვიურად 2 მილიარდ კილოვატ-საათს მოიხმარს, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება. ელექტროენერგიის ამხელა მოხმარება ნორვეგიაშიც არ არის. ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდის მიზეზი ბიტკოინების უზარმაზარი ქსელია, რომლის შენახვა სხვაგან ძალიან ძვირი ჯდება, აფხაზეთში კი სიმბოლური რეგულაციების გამო ძალზე იაფი. პრობლემაა აღრიცხვის მექანიზმის არარსებობაც. ამხელა მოთხოვნის დაკმაყოფილების რესურსი არც რუსეთს აქვს და აღარც ქართულ მხარეს.

- ამიტომ დაუწესდათ გრაფიკი.

- გრაფიკი ენგურჰესის რეაბილიტაციის დროს კი არა, მომავალშიც ერთადერთი გამოსავალია.

ქართულმა მხარემ არაერთხელ სთხოვა, თავად შემოვალთ ჩვენი სპეციალისტებით და აღჭურვილობით, ხარჯებით და აღრიცხვისთვის ინფრასტრუქტურას მოგიწესრიგებთო. ვაფრთხილებდით, რომ ქაოსი გარდაუვალი იყო. აფხაზეთს ბიტკოინების ქსელის განვითარების რესურსი არა აქვს, ის რუსეთიდან შემოვიდა. იქ მხოლოდ რუსები კი არა, სომხებიც მუშაობენ, ოღონდ რუსეთის გავლით შემოდიან აფხაზეთში.

- ვითარებიდან რა გამოსავალია? - პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარესაც რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო სამართლით ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და უფლება არა გვაქვს, ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ. გარდა ამისა, ენგურჰესი ჩვენი ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდია. ამასთან, კაშხალი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სამანქანო დარბაზი კი, სადაც ელექტროენერგია მუშავდება, გალში, ანუ აფხაზური მხარე აკონტროლებს, ეს კი დიდი პრობლემაა.

ენგურჰესის გვირაბში მხოლოდ აუცილებელი რემონტი ჩატარდება, სინამდვილეში იქ უმძიმესი მდგომარეობაა. კაშხალი 1978 წელს ამუშავდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია. ჩვენ მხოლოდ იმას ვარემონტებთ, რაც გადაუდებელია. ეს სადგური ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ იყოს, იქ, სულ ცოტა, ერთი წლის სამუშაო მაინც არის.

არსებობს ალტერნატიული პროექტიც, რომელიც ასევე საბჭოთა წლებშია შემუშავებული. მასზე მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ წინ ნაბიჯიც არ გადადგმულა. არადა, დაგეგმილი იყო გვერდით კიდევ ერთი სადგურის აშენება. ასეთი ვითარების გამო წყალი გვაქვს, სადგური - არა. წყლის გამომყენებელი სადგური ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ ყოფილიყო, ენგურის ხაზს მაქსიმალურად გამოვიყენებდით და ოკუპირებული აფხაზეთის კლანს უფასო ელექტროენერგიის განიავების მადა დაეკარგებოდა.

- სარემონტო სამუშაოს დროს აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება?

- არა, გრაფიკით მიეწოდება. ქართული მხარე გალის რაიონს ამარაგებს. აფხაზეთში რუსეთსაც შეაქვს ელექტროენერგია, რომლის ფასსაც ის ბიუჯეტიდან უქვითავს. იმდენად დაბალი ძაბვაა, მაცივარსაც ვერ რთავენ, რადგან გადანაწილება დაურეგულირებელია. ბუნებრივი აირი არა აქვთ და ელექტროქურების იმედად არიან. რა ქსელმა და ენერგომომარაგებამ უნდა გაუძლოს?! აღრიცხვა და გადახდა არ უნდათ, მაშინ გამოსავალი გრაფიკია და ასეც იქნება.