"ახლა მთავარია, ყარაბაღის ამბებმა რაღაცები გვასწავლოს - ომით დაბრუნებას არასდროს მოაქვს მშვიდობა" - კვირის პალიტრა

"ახლა მთავარია, ყარაბაღის ამბებმა რაღაცები გვასწავლოს - ომით დაბრუნებას არასდროს მოაქვს მშვიდობა"

"90-იან წლებში ყველას არა, მაგრამ ზოგს ეგონა, გულწრფელი ემოციები და პატრიოტიზმი საკმარისი იყო. შევცდით. ვაღიარებთ, მაგრამ პროცესები მაინც ისე ვითარდება, როგორც სხვას, არაკეთილმოსურნეს სურს. ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით..."

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ნაღმები, რომლებიც საბჭოთა სისტემამ ჩადო, მიყოლებით აფეთქდა. სამხრეთ კავკასიაში პირველი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში დაიწყო, შემდეგ იყო სამაჩაბლო და აფხაზეთი. ომის შემდგომ სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია თავის აფხაზ მეგობარ ბათალ კობახიასთან ერთად დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში და ამგვარი ომების მსგავსებებსა და თავისებურებებს სწავლობდა. იყო მთიან ყარაბაღშიც.

- მე ვარ ასიათასობით დევნილიდან ერთ-ერთი, რომელმაც სოხუმში ყველაფერი დატოვა, მაგრამ ის, რაც ყარაბაღში მოხდა, მიუღებელია - მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს... ბევრისგან, მათ შორის დევნილებისგან, ხშირად მსმენია, რომ თუ ეს ყარაბაღში მოხდა, რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც იგივე მოხდესო, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ უნდა მივაგნოთ ისეთ მოდელს, რომ ერთმანეთისკენ არათუ მშვიდობიანი, სინანულით აღსავსე ნაბიჯები გადავდგათ, არამედ სწორად მოლაპარაკება, დათმობაც ვისწავლოთ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ბევრი მსმენია და თავადაც ვყოფილვარ. ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, სადაც ომის სხვადასხვა მხარე იქნება აღწერილი. საზოგადოების უმეტესობა კონფლიქტებს საინფორმაციო წყაროებიდან ან პოლიტიკოსებისგან იცნობს და არა სიღრმისეულად. ეს კი ბევრ რამეს უარესობისკენ ცვლის... მედია და პოლიტიკოსები სხვა ჭრილში, ხშირად ზერელედაც უყურებენ პროცესებს, მათი მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია. არადა, შესაძლოა ზოგჯერ ერთ სიტყვასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს - გააღვივოს ან სხვა ფაზაში გადაიყვანოს კონფლიქტი. ყველა ომი და მისი თანამდევი პროცესი ხომ რაღაცით, თუნდაც უდანაშაულო, დევნილად ქცეული ადამიანების ბედით ჰგავს ერთმანეთს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კონფლიქტების უმეტესობა კრემლის ინსპირირებული იყო და მათ დღემდე მართავს. ყველა მათგანი თავად "მონათლეს" - ეთნიკურ-პოლიტიკური, ქართულ-აფხაზური ომი, ეთნიკური ომი თუ საქართველოს აგრესიული ქმედებები უწოდეს. ჩვენ კი ვერ აღმოგვაჩნდა უნარი, რომ სისხლის ღვრა შეგვეჩერებინა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა, რომელიც პირველი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ვერაფერი გვასწავლა...

სამივე მათგანი თან ჰგავს ერთმანეთს და თან განსხვავდება. დროს თავისი გააქვს და ერთ დროს მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, რომელთა შორისაც ომი ჩადგა, ახლა თანდათან შორდებიან ერთმანეთს. არადა, შეგვეძლო გვეპოვა მომლაპარაკებლები, რომელთაც კონფლიქტურ მხარეებთან ურთიერთობა ექნებოდათ და დანაღმულ ველზე სიარული იციან, იციან, სად რა თქვან, როგორც ჭადრაკის ოსტატებს შედეგის რამდენიმე სვლით ადრე განჭვრეტა შეუძლიათ. ეს სამივე კონფლიქტში რთული აღმოჩნდა. კრემლი დღემდე ჩვენი გათიშვის პოლიტიკის ერთგულია, თავის საქმეს ბევრნაირად აკეთებდა და აკეთებს.

- წლების წინ ყარაბაღში იყავით, რა ხდებოდა იქ? - მთიან ყარაბაღში მე და ჩემი აფხაზი მეგობარი, პუბლიცისტი ბათალ კობახია ჩავედით. აფხაზეთი უკვე დაკარგული გვქონდა. მე, როგორც, დევნილ მწერალს, ყველა ომში ჩემი საძიებელი მაქვს. მაინტერესებდა, ადამიანები, რომლებიც ერთ დროს გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, როგორ მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ერთმანეთისთვის ესროლათ. სოხუმში ხომ ჩემ თვალწინ სამოთხე ჯოჯოხეთად გადაიქცა. ამიტომაც ვცდილობდი სხვა ქვეყნების ომების სიღრმეებში ჩახედვას. ბათალიც მშვიდობისმოყვარეა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების ომში დები, ძმები და ძმისშვილები დაეღუპა, მაინც მომხრეა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების.

ჩვენ ერთად ვნახეთ, როგორ შეიცვალნენ ადამიანები ომი დროს - ვინც გმირი გვეგონა, სულაც არ აღმოჩნდა გმირი და პირიქით. ერთ დროს თითქოს საკუთარ თავზე მზრუნველმა ადამიანმა თავისი სიცოცხლის ფასად საპირისპირო მხარეს მდგომი ადამიანები გადაარჩინა, დასახვრეტად გაყვანილებს წინ გადაუდგა. ასეთები ორივე მხარეს იყვნენ. ამის მიხედვით დავწერე წერილი, "ჩვენი ომების უსახელო რაინდები".

პირველად აზერბაიჯანში ჩავედით. ბაქოდან დაახლოებით 180 კილომეტრში იყო "კარვების ქალაქი", სადაც იმ რაიონებიდან დევნილები ცხოვრობდნენ. ბევრ მათგანს ვესაუბრეთ, როგორც სომხებს, ასევე აზერბაიჯანელებს. ჩვენი მიზანი ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ იცოდა - ჩვენ ქართული, აფხაზური, ოსური, სომხური და აზერბაიჯანის ლიტერატურა მწერლობაში გაგვეცოცხლებინა, რათა შემდგომ უფრო ნათელი ყოფილიყო, თუ როგორ შეცვალა ომმა ყველაფერი.

მწერლობა ყველაფერს სხვაგვარად ხედავს. მან უნდა უპასუხოს, რა არის ომი, თუ როგორი იყვნენ ადამიანები ომში და მას შემდგომ.

როცა გაიგებდნენ, რომ ქართველი და აფხაზი ვმეგობრობდით, გაოცებული გვიყურებდნენ, მტრები არა ხართო, გვეკითხებოდნენ. როცა ვეტყოდით, ვინც ვიყავით, თავიანთ უმძიმეს ამბებს გვიყვებოდნენ. განსაკუთრებით მახსოვს ერთი ყარაბაღელი გოგონა, რომელმაც მითხრა, ვხვდები, რატომაც დადიხართ ერთად ქართველი და აფხაზი კონფლიქტურ რეგიონებში. "ვეფხვისა და მოყმის" ამბავი მაქვს წაკითხული, იქაც მოყმის დედა ვეფხვის დედასთან მიდის და ერთად ტირიანო. ერთმა ყარაბაღელმა გვიამბო, ომამდე სკოლის მასწავლებელი ვიყავი. ომი რომ დაიწყო, მეც იარაღი ავიღე. ერთხელაც აზერბაიჯანელის სახლში მოგვიწია შესვლამ, დაბომბილი და გაპარტახებული იყო. არეულ-დარეულობაში, მოსწავლეების საშინაო დავალების რვეულებს გადავაწყდი. ისე გამიხარდა, ვეცი ერთ-ერთს, გადავშალე და თითქოს სილა გამაწნეს, ისე მომხვდა სახეში პირველივე საშინაო დავალება. თემა "საბჭოთა ხალხების მეგობრობა" იყო. ვიჯექი მიწასთან გასწორებულ სახლში იატაკის ნაფლეთზე ღამენათევი, მშიერი, ჭუჭყიანი და ომისგან გამოძერწილი სხვა ადამიანი, იარაღისგან გაშავებულ და დამწვარ ხელებში ბავშვის რვეული მეჭირა, ცხოვრების სიყალბეს ვგრძნობდი და ვტიროდი. ბავშვი დიდივით წერდა, ნამდვილ მეგობრობას ეროვნება არა აქვს, მე სომეხი მეგობრებიც მყავს და აზერბაიჯანელებიც და ორივე ერთნაირად მეიმედებაო...

მხარზე წებოვანი ლენტშემოხვეული "კალაშნიკოვით" ჩვენს გონებადაბნეულ ცხოვრებას ვტიროდი. უკანდასახევი არ მქონდა, იქიდან გასულს, ისევ უნდა მესროლა ვინმესთვისო... ერთი აზერბაიჯანელი კაცი იხსენებდა, თუ როგორ ლოცულობდა ერთი მეომარი ყოველი შეტევის წინ: ღმერთო, ჩემი ტყვია ნუ მოხვდება უმწეო ბავშვს, ქალს, მოხუცსა და უდანაშაულოსო. ის გადამწყვეტ ბრძოლაში დაღუპულა. იგივე გვიამბეს ყარაბაღელ სომეხზე.

ერთი ასეთი ამბავიც გვიამბეს: იქაური სომეხი მოსკოვში წასულა სამკურნალოდ. ოპერაცია აზერბაიჯანელს გაუკეთებია. თავადაც ყარაბაღელი ყოფილა და უამბო, მეც მქონდა იქ სახლიო, უთხრა მშობლიური ქალაქის სახელი და სახლის მისამართი. როდესაც სომეხი ყარაბაღში დაბრუნდა, იპოვა თავისი აზერბაიჯანელი ექიმის სახლი, რომელიც ომის დროს დაებომბათ. მეგობრებიც აიყვანა, ღვინო აიტანა და ვიდეო გადაიღო, სადაც მადლობას უხდიდა ადამიანობისთვის - რატომ უნდა ყოფილიყო ომი ჩვენნაირებს შორის, რა გვქონდა გასაყოფი, იქნებ ვიფიქროთ, ომის გარეშე როგორ გავაგრძელოთ ცხოვრებაო. ვიდეო ძალზე პოპულარული იყო აზერბაიჯანელებშიც.

- ეს ისტორიები ძალიან ჰგავს ქართულ-აფხაზურს.

- დიახ, მათაც აქვთ შერეული ოჯახები, როგორც ჩვენ. ერთმა მიამბო, დეიდამისი აზერბაიჯანში ყოფილა გათხოვილი და ქალი ომის შემდგომ სომხეთში დაბრუნებულა. მანამდე 19 წლის ვაჟი დაღუპვია, რომლის საფლავიც იქ დარჩა. ერთხელაც ვერ მოითმინა და იქით წასვლა დააპირა. დაუშლიათ, ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან, მოგკლავენო. არ დაიშალა და წავიდა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისთვის აუხსნია, სადაც მიდიოდა და მათაც გაუტარებიათ. თავის სახლშიც შეუვლია, სადაც სომხეთიდან დევნილი აზერბაიჯანელი ოჯახი ცხოვრობდა. არაფერს ვითხოვ, მხოლოდ შვილის საფლავის ნახვა მსურსო, უთქვამს. ძალიან კარგად მიუღიათ, დაუპურებიათ და სასაფლაოზე წაუყვანიათ... იმ ბიჭის საფლავს მერე აზერბაიჯანელები უვლიდნენ.

უამრავი ასეთი ისტორიაა, მაგრამ მედია და რადიკალურად განწყობილი პერსონები ისეთ თემებს წამოსწევენ, როგორიც ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეოა, სადაც ასახულია, თუ როგორ ანადგურებენ აზერბაიჯანელები სომხების საფლავებს. ეს ყველაფერი ხომ თავად მოვისმინეთ, პირადად შევხვდით ამ ამბების გმირებს და მაინც, როცა ვყვებოდით, ზოგიერთი მაინც ვერ იჯერებდა და მაგალითად სასტიკი მკვლელობების ამბავი მოჰყავდათ. არავინ ამბობს, რომ ყველა გადამრჩენელი იყო, ასე რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა...

კრემლი და მისი პოლიტიკის გამზიარებლები ასეთ ფაქტებს ყოველთვის წინ წამოსწევენ. ამას ყარაბაღელებიც ამბობდნენ. როგორც ჩვენ, ქართველებსა და აფხაზებს, მათაც მრავალწლიანი მშვიდობიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ. როცა სომეხი შვილს ნათლავდა, აზერბაიჯანელს, რომლის დანათესავება სურდა, მაგრამ რელიგიური განსხვავება ჰქონდათ, რაღაც სტატუსს მაინც უძებნიდა. აზერბაიჯანელი სომხის ბავშვის სწორ აღზრდაზე იყო პასუხისმგებელი. ასე იქცეოდა აზერბაიჯანელიც წინადაცვეთის დროს, სომეხი დამხმარედ მიჰყავდა.

იყო შემთხვევა, როცა ომამდე ერთმა მეორეს ფული ასესხა ხის საამქროს გასახსნელად, მერე ომი დაიწყო და აზერბაიჯანელები დევნილად იქცნენ, მაგრამ სომეხმა რაღაც გზებით მაინც იპოვა ის კაცი და ვალი დაუბრუნა. ასე რომ, მათაც ჩვენსავით ეგონათ, რომ მათ შორის სისხლი არ დაიღვრებოდა, მაგრამ ომი დაიწყო და თანაც ძალიან სასტიკი. ახლა სულაც არ მიკვირს რომელიმე მხრიდან სისასტიკე და თავზე ხელაღებულობა, რადგან მთელი თაობა გაიზარდა სხვადასხვა გარემოში. აზერბაიჯანელებმა იცოდნენ, რომ მათ სახლებში სომხები ცხოვრობდნენ, აგრესია ნელ-ნელა გუბდებოდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, იფეთქა.

ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიის ხუთივე ხალხის უფროსმა თაობამ ვერ შევძელით, რომ თქვენთვის, ჩვენი შვილების თაობისთვის, ომის შემდეგ მაინც შეგვექმნა შეძლებისდაგვარად მშვიდობიანი გარემო, მნიშვნელობა არა აქვს, რატომ, პოლიტიკური მიზეზით თუ სახალხო დიპლომატიის სისუსტით. ძალიან დაგვეჩაგრა შვილების თაობა. ვერ დავახვედრეთ ისეთი ქვეყანა, სადაც პიროვნულ წარმატებასა და ქვეყნის განვითარებაზე იქნებოდით ორიენტირებული.

ეს ეხება აფხაზებსაც, ოსებსაც, სომხებსა და აზერბაიჯანელებსაც, რომლებმაც ერთმანეთთან დაპირისპირებით შვილების თაობას მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივა წაგართვით. იმედია, ამაზე ოდესმე ვისაუბრებთ და თავის სახელს დავარქმევთ ყველაფერს, ჩვენს როლს, სხვების წვლილს, შეცდომებს, გადარჩენის გზებს... მთავარია, გვიანი არ იყოს. 90-იან წლებში ყველას არა, მაგრამ ზოგს ეგონა, გულწრფელი ემოციები და პატრიოტიზმი საკმარისი იყო. შევცდით. ვაღიარებთ, მაგრამ პროცესები მაინც ისე ვითარდება, როგორც სხვას, არაკეთილმოსურნეს სურს. ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით. ვისაც ქართველებთან თანაცხოვრება ახსოვს, ან ვერაფერს ამბობს, ან მისი ხმა სუსტად ისმის. მე-20 საუკუნის მიწურულს გვეგონა, რომ მომდევნო საუკუნეში მაინც ექნებოდათ ადამიანებს კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარების უნარი, მაგრამ შევცდით. ახლა მთავარია, ყარაბაღის ამბებმა რაღაცები გვასწავლოს, გულში ჩაგვახედოს. ომით დაბრუნებას არასდროს მოაქვს ხალხისთვის მშვიდობა, მით უფრო მათთვის, ვინც ერთ დროს მშვიდობიანად ცხოვრობდა და ომმა გახლიჩა.