"ამ შლეგებს ჰგონიათ, სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება ან პატიება შემიძლია" - კვირის პალიტრა

"ამ შლეგებს ჰგონიათ, სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება ან პატიება შემიძლია"

2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა კობა დავითაშვილი. ცნობილია, რომ 2017 წელს მას ე.წ. ბეხტერეევის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობისას მისი მდგომარეობა დამძიმდა, ბოლოს კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს... გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა, განუვითარდა სეფსისი და სეპტიკური შოკი. იგი კვირას, 6 დეკემბერს, მშობლიურ სოფელ ნიაბში დაკრძალეს.

მცირე დოსიე:

კობა დავითაშვილი დაიბადა 1971 წლის 31 ივლისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზებისა და მენეჯმენტის სპეციალობით. 1993 წელს მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში.

1999-2004 წლებში იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" სიით, მეექვსე მოწვევის პარლამენტში იყო გლდანის მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკიდან "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა". 2006 წლის ნოემბრამდე საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე გახლდათ, მერე პარტია დატოვა, 2007 წლის ივლისში კი დააარსა "ხალხის პარტია" და იყო ამ პარტიის თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ "ეროვნული საბჭოს" სიით მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, მაგრამ მაშინ დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა საარჩევნო ბლოკიდან "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", მაგრამ 2013 წელს მოულოდნელად დატოვა პარლამენტი. მიზეზად საქართველოს მთავრობასთან უთანხმოება დასახელდა.

ალბათ, ყველას ახსოვს, როგორ გაუსწორდა წინა ხელისუფლება კობა დავითაშვილს. თავდასხმისა და ცემის დროს მან მძიმე დაზიანებები მიიღო და კარგა ხანს მკურნალობდა.

2007 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ქარსელაძეს დაავალა, სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. ელიავას, ვაგზლისა და ლილოს ბაზრობები, იქ ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე აღეკვეთათ ბაზრობის ტერიტორიაზე მათი აგიტაცია და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ცდა. 7 ნოემბერს, დილით "ელიავას ბაზრობაზე" კობა დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა ელექტროგენერატორის შესაძენად, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის სჭირდებოდათ. სამართალდამცველებმა კობა იძულებით ჩასვეს მანქანაში. ვინაიდან მას თავისუფლების აღკვეთისას თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები გორის ჰოსპიტალში წაიყვანეს.

ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

"სულ ვკამათობდით - მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: - კობა 91 წელს გავიცანი, წითელი "კერასინკის" წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და "პელეს" სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვგეგმავდით. იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში ოთხი წელი მორიგეობით ტელეფონთან ვყარაულობდით, სასოწარკვეთილ, დაჩაგრულ ადამიანებს იურიდიულ დახმარებას ვუწევდით... არასოდეს დამავიწყდება არსენა მარაბდელის ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე - ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი, რომელიც სწორედ კობას მიჰყავდა. სულ ვკამათობდით - მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში. ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა ერთმანეთს სწორედ ერთად ყოფნით გადავატანინეთ - თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმაში ხელს ვტაცებდით... ინგაც (კობა დავითაშვილის მეუღლე - ავტ.) ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ, იმ კედლებსა და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი... შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა... მერე იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებული საათები...

კობას გარდაცვალება "ფეისბუკით" გავიგე…- ასე მძიმედ თუ იყო, არ ვიცოდი და თავზარდაცემულმა ვიყვირე. აქ ვიღაც არაჯანსაღი - მაინც მგონია, ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან. ვიღაც შლეგებს საკუთარი სისუსტეებისა და სიპატარავის გამო, ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო ჰგონიათ. ამ შლეგებს ჰგონიათ, სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება ან პატიება შემიძლია. ალბათ, მართლაც ასე ჰგონიათ, იმიტომ, რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა, წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ახლა გაბოროტდნენ, თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ, ვისაც სცემდნენ და ავიწროებდნენ... საკუთარ სიპატარავესა და შიშში ჩაკარგული, გამაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული "ფეისბუკის" "ვეფხვები" იმასაც კი ვერ ახერხებენ, წონასწორობა დაგაკარგვინონ, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა... დღეს, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება.

"ის წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო"

ეკა ბესელია, პოლიტიკოსი: - ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი, მაშინ, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქმნებოდა. მე სტუდენტი ვიყავი და მერიის შენობაში ვიკრიბებოდით ხოლმე. იქ იყვნენ დათო უსუფაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თინა ხიდაშელი. კობა ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის. იქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. პროფესიული სიახლოვეც მაკავშირებდა, რადგან ძალიან კარგი იურისტი იყო. მერე, როცა ოპოზიციაში წავედი, კობა უკვე აქტიურად იყო პოლიტიკაში ჩართული და არაერთი წელი ვიბრძოლეთ ერთად. ყველაზე მძიმედ მახსოვს 7 ნოემბერი, როცა საშინელი ინფორმაცია გავრცელდა - ითქვა, რომ ცემის შედეგად კობა გარდაიცვალა. ვეძებდით ყველგან... ცოცხალი რომ ვნახეთ, ვერ აღგიწერთ, როგორ გავიხარეთ... ის წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო. ბოლო წლებში, როცა კობა კენჭს იყრიდა მაჟორიტარად, ვუთხარი, მოგეხმარები-მეთქი. პარლამენტში ერთ-ერთ ინიციატივაზე ხელმოწერები რომ შემოიტანა, მაშინ შევხვდით ერთმანეთს. მერე, როცა შევეხმიანე და ვთხოვე ჩვენთან ერთად ჩართულიყო პროცესებში, მითხრა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობსო. კობა იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ძალიან საინტერესო იდეების მქონე ადამიანი... როცა "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, კობა იყო პარლამენტის წევრი, მაგრამ მალევე დატოვა პარლამენტი, თუმცა რატომ, არ უთქვამს. პერიოდულად ვეხმიანებოდით ერთმანეთს, მოსაზრებებს ვუზიარებდით... ძალიან აქტიური იყო, ლიდერის თვისებები ჰქონდა და ამ თვისებების გამო განსაკუთრებით მიყვარდა.

"ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს უმნიშვნელო წყენა"

ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილის შვილის ნათლია იყო (შეგახსენებთ - კობა დავითაშვილის ერთ-ერთი შვილის ნათლია მიხეილ სააკაშვილია), მერე მათი გზები გაიყო... პარტია "გამარჯვებული საქართველოს"" ლიდერი სოციალური ქსელით გამოეხმაურა ძველი მეგობრის გარდაცვალებას:

- თხელი ტყავის "პაპკით" დადიოდა უნივერსიტეტში, მძიმე ნაბიჯით. ყველას მორალს უკითხავდა და იმპერატიული, მტკიცებითი, დამაჯერებელი საუბარი უყვარდა. პირველი 100 დოლარი ერთად ვიშოვეთ - ჯოხთაბერიძეს ფირმა დავურეგისტრირეთ. მერე ამერიკაში წავედით კონფერენციაზე. ისე დავახლოვდით, რომ მეჯვარედ წამიყვანა და პირველი შვილი მომანათვლინა. 2004 წელს რაღაც უაზრობა ეწყინა - წასული ამბავია და არ ვიტყვი, რა, მაგრამ ჭეშმარიტი კასპელის ხასიათი გამოამჟღავნა და ჭეშმარიტი გორელის ხასიათით ვუპასუხე. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო...

2005-დან ურთიერთობა აღარ მქონია. საჯაროდ გამლანძღა რამდენჯერმე ისეთ რამეზე, რაც ვერ ვაპატიე. 2007-ის ნოემბერში საფრანგეთიდან დავურეკე, როდესაც იმ ნაბიჭვარმა მერაბიშვილმა სამაგალითოდ აცემინა, მოვიკითხე და ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მას მერე აღარ გვილაპარაკია. მაინც ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს უმნიშვნელო წყენა...

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს კობა დავითაშვილის ოჯახსა და მთელ ქვეყანას კარგი ქართველის გარდაცვალებას.