"დამიჯერეთ, ყველა ექიმი ცდილობს, პრიორიტეტული იყოს მძიმე პაციენტი და ნაცნობობის ფაქტორი აქ გამორიცხულია" - კვირის პალიტრა

"დამიჯერეთ, ყველა ექიმი ცდილობს, პრიორიტეტული იყოს მძიმე პაციენტი და ნაცნობობის ფაქტორი აქ გამორიცხულია"

"ინტენსიური ტესტირებით გავრცელება შემცირდება და ამასთან, თავიდან ავიცილებთ გართულებას, რომელიც გვიან ვლინდება და შეიძლება გარდაცვალებითაც დასრულდეს. ვფიქრობთ, დღეში 20 ათასამდე ადამიანის ტესტირებას შევძლებთ. ეს ჯერ შემთხვევათა სტაბილიზაციას გამოიწვევს, შემდეგ კი შემცირებას..."

ქვეყანა "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ჯანდაცვის სისტემის მესვეურები მუხლჩაუხრელად მუშაობენ. ჩვენ ვაფასებთ მათ თავდადებას, თუმცა, სისტემის ხარვეზებსაც ვხედავთ. ამ ხარვეზებსა და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ვესაუბრებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას.

- მთავარი და საყურადღებოა, რა პირობებში გვიწევს დღეს საქმიანობა და რამხელაა ტვირთი, რომელიც პანდემიამ დააკისრა ჯანდაცვის სისტემას... რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებიდან, ამას მოჰყვება პირველადი ჯანდაცვა - ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. როდესაც ადამიანი ავად ხდება და სისტემაში გზის გაკვლევა სჭირდება, ვის უნდა მიმართოს, თუ არა ოჯახის ექიმს? ამის შემდეგ მოდის ჰოსპიტალური ქსელი, სადაც უნდა მოხვდეს პაციენტი სამკურნალოდ.

ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მაქსიმალური მობილიზება, რომ სისტემა მზად ყოფილიყო დარტყმისთვის. მაგრამ ერთი მხრივ, მძიმე ტვირთი დააწვა ჯანდაცვის სისტემას, მეორე მხრივ კი დაავადების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით. სწორედ ეს იყო თავი და თავი ბევრი პრობლემის, რომელთაც ჩვენ დღეს ვაწყდებით, კერძოდ, მკურნალობის მეთოდები ცნობილი არ არის, ჯერჯერობით არც ვაქცინაა და ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი გზა კვლავ ჩვენი ქცევაა - პირბადის გამოყენება, დისტანცირება, ჰიგიენა. რა თქმა უნდა, პირველად ჯანდაცვას გაძლიერება სჭირდება - დიდი ხანია, ამაზე ვლაპარაკობთ. ექიმების და განსაკუთრებით ექთნების დეფიციტიც ჩვენი სისტემური პრობლემაა და პანდემიამ ეს უფრო მწვავედ წარმოაჩინა.

რაც შეეხება საწოლფონდს, სისტემის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ საწოლები გვაკლია - საწოლფონდი გვაქვს იმაზე დიდი, ვიდრე რომელიმე ჩვენს მეზობელ ქვეყანას - არამედ მისი და სამედიცინო პერსონალის თანაბარი განაწილება და ერთნაირი ხელმისაწვდომობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

- ერთ-ერთმა ექსპერტმა მითხრა, საწოლები სახლშიც გვაქვს, თუ არ იქნება შესაბამისი აპარატურა და მომზადებული მედპერსონალი, მხოლოდ საწოლები ვერაფერს გვიშველისო. - რა თქმა უნდა, ასეა... თუმცა, მაგალითად, აჭარაში სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში პერსონალის ნაწილი დაინფიცირდა და დიდი დატვირთვის პირობებში ეს სერიოზულ პრობლემად იქცა. ეს დღესაც გამოწვევად რჩება. საწოლფონდი მუშაობს ექიმებისა და ექთნების მაქსიმალური დატვირთვის ხარჯზე. ეს დატვირთვა გაორმაგებული ან გასამმაგებულია, რათა მძიმე პაციენტების მართვა შევძლოთ. რაც შეეხება სუნთქვის აპარატებს, რაოდენობა საკმარისია. მათ თავიდან აქტიურად იყენებდნენ, ახლა ჟანგბადის მომარაგების საჭიროება გაჩნდა და სულ მცირე ორჯერაც გაიზარდა, ამიტომ მეზობელი ქვეყნებიდანაც მოგვიხდა შემოტანა. საწოლფონდის განტვირთვისთვის კი დავიწყეთ სასტუმროების გამოყენება, რამაც დიდი შეღავათი მოგვცა, რადგან ყველა პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალური სერვისი და ზოგჯერ ექიმის მეთვალყურეობით მათ მშვიდად შეუძლიათ იმკურნალონ სასტუმროში. კარგად იმუშავა ამ მოდელმა. იყო რა თქმა, უნდა მძიმე შემთხვევები, გარდაცვალების ფაქტიც, თუმცა უეცარი თრომბოემბოლიური გართულება შეიძლება ჰოსპიტალშიც იმავე შედეგით დასრულდეს ანუ ეს არ არის მიზეზი, რომ ამ ტიპის სერვისზე უარი ვთქვათ.

ყველაფერს აქვს ზღვარი. დღეს 20 000 აქტიური პაციენტია ქვეყანაში და ნახევარზე მეტი, სახლში მკურნალობს, რაც კარგია. შედარებით ნაკლები, დაახლოებით 6 000 პაციენტამდე კლინიკებშია, დანარჩენი - კოვიდსასტუმროებში, სადაც სწორი ტრიაჟის შემთხვევაში უსაფრთხოდ და მინიმალური რისკით არის შესაძლებელი მკურნალობა.

- თუმცა ზოგჯერ კოვიდსასტუმროში ხვდებიან იმიტომ, რომ ჰოსპიტალში მათთვის ადგილს ვერ პოულობენ. გარდაიცვალა 19 წლის გოგონა, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. მისი მშობლებისგან ყველამ მოისმინა, რომ სანამ სასტუმროში მყოფი ერთ-ერთი ინფიცირებული არ დაეხმარა, გოგონა საავადმყოფოში ვერ მოხვდა, თუმცა უკვე გვიანი იყო... - ამ შემთხვევის დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა, მიმდინარეობს მოკვლევა და ზუსტად გვეცოდინება, მაშინვე რატომ ვერ მოხვდა პაციენტი ჰოსპიტალში. სამინისტროს პროტოკოლით, თუ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თანმხლები დაავადების მიუხედავად, ექიმის გადაწყვეტილებით მან შეიძლება სასტუმროში იმკურნალოს იმ პირობით, რომ ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევები, მაგრამ ამ შემთხვევაში სწრაფად დამძიმდა...

- სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ტრაგიკული ფაქტი. ამ ეტაპზე, გარდაცვალების რამდენი შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს? - ჩვენ გვაქვს მექანიზმი იმისთვის, რომ შევისწავლოთ გარდაცვალების შემთხვევები, განსაკუთრებით - ახალგაზრდების სიმპტომები. უფრო სიღრმისეულად ვსწავლობთ სადავო მდგომარეობას, როცა პაციენტის ოჯახი თვლის, რომ მას არ მიაქციეს ჯეროვანი ყურადღება, ან არის გარემოება, რის გამოც კითხვა უჩნდება სამინისტროს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექსპერტების შეფასება, რათა გავარკვიოთ, იყო ეს საექიმო შეცდომა, გადაცდომა, პროტოკოლის დარღვევა თუ სამსახურებრივი გულგრილობა, რაც იშვიათად ხდება... ამას შემდეგ ყველაფერს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო და თუ მაინც რაღაც დარჩა სადავო, მაშინ საკითხის შესწავლას უკვე სხვა ორგანოები იწყებენ.

- რამდენი შემთხვევაა ასეთი? - ეს არის ის შემთხვევები, რომლებიც ბოლო პერიოდში იყო რეზონანსული: მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალბატონის გარდაცვალება ბათუმში, გოგონას გარდაცვალება, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი და ერთი შემთხვევა მცხეთის სამედიცინო ცენტრში. ამ ეტაპზე ამ სამი შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს, თუმცა არის სხვა შემთხვევებიც, რომელთა კვლევა მაშინვე დაიწყო და ექსპერტების დასკვნას ველოდებით.

- კითხვა: "ნაცნობი ხომ არ გყავს საავადმყოფოში?" აქტუალობას არ კარგავს. ამის გარდა, ხშირად ისმის საყვედური, რომ ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებიან. - თავიდან მართლაც რთული სიტუაცია იყო, რადგან ავადმყოფთა დიდი ნაკადი მიაწყდა სისტემას და ოჯახის ექიმებს ამასთან გამკლავება გაუჭირდათ. ახლა თვითონ ოჯახის ექიმები და პოლიკლინიკები რეკავენ. გარდა ამისა, არის ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც სამინისტროში ფუნქციონირებს და იქ მუდმივად 50 ადამიანი აკვირდება, ხომ არ დარჩა რომელიმე ზარი უყურადღებოდ. ცხადია, რჩება ერთეული შემთხვევები, მეც მეუბნებიან, ვერ დავრეკეთ ოჯახის ექიმთან, ვერც ცხელ ხაზზე და იქნებ დაგვეხმაროთო... ვცდილობთ, ყველაფერი სწრაფად გამოვასწოროთ. ასეთ პირობებში იდეალური სისტემა ვერ იქნება. რაც შეეხება ნაცნობობის თემას... როდესაც პაციენტი არის შინ და ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას, უნდა გვახსოვდეს, რომ 112-ს აქვს პაციენტების ჩამონათვალი, რომელიც ოჯახის ექიმმა გადასცა და რომელთაც სასწრაფოდ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ამიტომ ექიმები ჯერ ასეთ პაციენტებთან მიდიან. ყოველდღიურად კლინიკიდან ეწერება 800-დან 1000-მდე ადამიანი. მათი შევსება იწყება სწორედ იმ სიებიდან, რომლებიც ოჯახის ექიმებმა გადასცეს სასწრაფო დახმარების სამსახურს. ასევე არის თვითდინებით მისული პაციენტების ნაკადი, ვინც თვლის, რომ მძიმე მდგომარეობა აქვს. თვითდინებით მისულმა პაციენტმა შეიძლება დაიკავოს ის ადგილი, რომელიც განკუთვნილი იყო მძიმე და კრიტიკული პაციენტისთვის. ამ პროცესის მოწესრიგებასაც ვცდილობთ.

დამიჯერეთ, ყველა ექიმი ცდილობს, პრიორიტეტული იყოს მძიმე პაციენტი და ნაცნობობის ფაქტორი აქ გამორიცხულია.

- რას მოგვცემს ინტენსიური ტესტირება? - ერთი, რომ გავრცელება შემცირდება და მეორე, თავიდან ავიცილებთ გართულებას, რომელიც გვიან ვლინდება და შეიძლება გარდაცვალებითაც დასრულდეს. ვფიქრობთ, დღეში 20 ათასამდე ადამიანის ტესტირებას შევძლებთ. ეს ჯერ შემთხვევათა სტაბილიზაციას გამოიწვევს, შემდეგ კი შემცირებას.

- ბოლო დღეებში 5 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება... ხომ არ გგონიათ, რომ "შავი პარასკევის" "დამსახურებაც" არის ასეთი ზრდა? - ნებისმიერი ხალხმრავლობა შემთხვევების მატების წყაროა. დიახ, აქციებმაც და "შავმა პარასკევმაც" გამოიწვია ასეთი სწრაფი მატება.

- 2-3 კვირის შემდეგ ველით სიტუაციის გაუმჯობესებას, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დროებით იხსნება შეზღუდვები. ხომ არ იქნება ეს ისეთივე, არ ვიცი, შეცდომა დავარქვა თუ სხვა რამ, რაც ზაფხულში დავუშვით შიდა ტურიზმის აგიტაციით? - ზაფხულის მობილობის გამო, რა თქმა უნდა, მივიღეთ გართულებული სიტუაცია. რაც შეეხება საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქებას, ამ დროისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს სტაბილიზაცია და რეალური მონაცემები ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ. შემდეგ ისევ გაგრძელდება შეზღუდვები. მუდმივად მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი ვერ გვექნება. გარკვეული მოდიფიცირების პირობებში უნდა შევძლოთ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება.

- გაზაფხულზე შეიძლება საქართველოში ვაქცინა გვქონდეს? - შეიძლება უფრო ადრეც გვქონდეს. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.