ჩემი კოვიდთავგადასავალი - კვირის პალიტრა

ჩემი კოვიდთავგადასავალი

თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ კორონა მათგან ძალიან შორსაა და არასოდეს მიეკარებათ, მაშინ, ალბათ, მეც მათ შორის ვარ, უფრო სწორად, ვიყავი, მაგრამ კორონავირუსი ჩემთანაც მოვიდა და ყველაფერი ამომიყირავა. თავდაპირველად აუტანელი შეცივებით "მესტუმრა". რასაც ნახევარ საათში ასევე აუტანელი ცხელება მოჰყვა - 38,5. აი, სწორედ მაშინ შემეპარა ეჭვი, რომ შეიძლებოდა კორონავირუსი მქონოდა და თითქმის იმ წუთშივე გაჩნდა შიში იმ ადამიანებზე, რომელთაც წინა დღეებში შევხვდი. ვფიქრობ, ამ ვირუსის დამანგრეველი ძალა სწორედ ეს არის - შიში იმ ადამიანების გამო, რომელთაც მთელი ცხოვრება უფრთხილდები, უცებ კი უდიდეს საფრთხედ ექცევი.

მერე საკუთარი თავის შემოწმებას შევუდექი და სამზარეულოს კარადაში ნიორი მოვძებნე, რადგან გამახსენდა, რომ კორონავირუსს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ახასიათებს. "თუ ყნოსვა გაქვს, ესე იგი, კორონავირუსი არ გაქვს", - მესმოდა ახლობლებისაგან. ჰოდა, ნიორი სასწრაფოდ დავყნოსე და მისმა მძაფრმა სუნმა იმედი ჩამისახა.

"ყნოსვა მაქვს, გემო მაქვს, ესე იგი, კორონა არა მაქვს" - გავიფიქრე გახარებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილისაგან თავი მისკდებოდა. შუაღამისას ჩემს სადაზღვევო კომპანიაში დავრეკე და დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ოპერატორის თანაგრძნობით სავსე ხმა გავიგონე: "სამწუხაროდ, ექიმს ვერ დაელაპარაკებით, რადგან სამუშაო საათები დამთავრებულია. თუ გნებავთ, გასაუბრებაზე ხვალ საღამოსთვის ჩაგწერთ. მანამდე შეგვიძლია "სასწრაფო" გამოგიგზავნოთ, თუმცა რადგან ცხელება გაქვთ, ექიმები ეკიპირებით მოვლენ, რისი თანხაც თქვენ უნდა გადაიხადოთ. ისე, "სასწრაფო" ბევრს მაინც ვერაფერს გაგიკეთებთ, მხოლოდ ფილტვებზე მოგისმენთ. რასაც აზრი არა აქვს, რადგან თუ კორონავირუსი გაქვთ, ანთება მოსმენით არ გამოჩნდება".

ხომ საოცარი მონოლოგია?! რას ვიზამდი, ოპერატორს ისღა ვკითხე, ტესტს თუ მაინც გამიკეთებთ ვირუსის დასადგენად-მეთქი. უარი მტკიცა, თუმცა ისევ თანაგრძნობით სავსე ხმით - სამწუხაროდ, არც ეს შეგვიძლია, კორონავირუსზე ტესტს სადაზღვევო კომპანიები არ აკეთებენ, ეს მომსახურება სახელმწიფომ იკისრაო.

არადა, ეს ხდება მაშინ, როცა ჩემთვის ექიმის კონსულტაცია ჰაერივით იყო საჭირო. ვისაც ეს ვირუსი არ გადაუტანია, ალბათ, ვერ გაიგებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ დროს თუნდაც შორს მყოფი ექიმის რჩევა-დარიგებას, ამიტომ სადაზღვევო კომპანიისგან იმედგადაწურულმა "112"-ში დავრეკე. თუმცა უიმედოდ - ვიცოდი, რომ აქ პასუხს საათობით და ზოგჯერ დღეების განმავლობაშიც ელოდნენ! წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ექიმი დაახლოებით 25 წუთში დამიკავშირდა და დაღლილი, თუმცა მშვიდი ხმით გამომკითხა სიმპტომები, მერე კი მითხრა, საშიში არაფერია, ტემპერატურა რამდენიმე დღის შემდეგ, სავარაუდოდ, დაიწევს, მთავარია, არ დამძიმდეთ, სუნთქვა არ გაგიძნელდეთ და ქოშინი არ დაგეწყოთო, მერე ოთახის ხშირად განიავება, ბევრი სითხის დალევა და აქტიურად მოძრაობა, ვირუსის გამოვლენის მეხუთე დღე კი ტესტის გაკეთება მირჩია და დამემშვიდობა. მისმა მშვიდმა ხმამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ მშვიდად ჩამეძინა. დილით ზურგისა და თავის აუტანელმა ტკივილმა, მაღალმა ტემპერატურამ და შიშმა ერთდროულად გამაღვიძა. "ნუთუ მართლა კორონავირუსი მაქვს?" - გავიფიქრე, მაგრამ მაშინვე თავი გავიმხნევე: "ასეც რომ იყოს, არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი. მთავარია, ვიფიქრო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მანამდე კი ზურგის ეს აუტანელი ტკივილი უნდა მოვიშორო!" - და ისევ "112"-ის ექიმს დავურეკე. მისი ხმა ჩემთვის ისევ "აბი გლუკოზა" აღმოჩნდა. - გინდათ, ზურგის ტკივილისთვის რამე გირჩიოთ? მაგრამ ვფიქრობ, როგორც კი ტემპერატურა დაიწევს, ტკივილი მაშინვე გაგივლით. თუმცა თუ ვერ უძლებთ, შეგიძლიათ გამაყუჩებელი დალიოთ - და რამდენიმე მედიკამენტი დამისახელა, რომელთაგან ერთ-ერთი შინ აღმომაჩნდა. ტკივილი გაყუჩდა და ისევ ჩამეძინა. დილით ისევ შიშით, ტემპერატურით და ტკივილით გავიღვიძე, ოღონდ ყველაფერი უკვე შენელებული იყო. სუნთქვას დავაკვირდი და მივხვდი, ფილტვების ანთება არც ამჯერად მქონდა. ასე განმეორდა მესამე და მეოთხე დღესაც, მეხუთე დღეს კი ტემპერატურა გაქრა და ტესტის გასაკეთებლად გავწიე.

თავს ვირწმუნებდი, თუ მართლაც კორონავირუსი მქონდა, ყველაზე რთული დღეები, ალბათ, უკან მოვიტოვე-მეთქი. საპატრიარქოს კლინიკის მისაღებში, სადაც უზარმაზარი რიგი დამხვდა, უფრო დავმშვიდდი, განსაკუთრებით - ერთი ექიმი ქალბატონის მშვიდი ნათქვმის გაგონების შემდეგ: "დადებითი ვარ, ხომ? არა უშავს, ახლა წავალ შინ და ორი კვირით დავისვენებ". (?!)

მართალია, ჩემი დადებითი პასუხი სულაც არ აღმოჩნდა ჩემთვის დასვენების პირობა, რადგან მაინც უამრავი საქმე გამომიჩნდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ კორონავირუსს ადვილად მოვერევით, თუ არ შეგვეშინდება, იმედს არ დავკარგავთ და თავს მოვუვლით. მივხვდი, რომ სიცოცხლე სწორედ იმ ადამიანებისთვის ღირს, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ, ვისთვისაც მზად ვართ, ყველაფერი გავიღოთ და ვინც მზად არის, განსაცდელში მყოფებს ხელი შეგვაშველოს.