"ამ ვირუსის შესახებ ეს ახლახან აღმოაჩინეს..." - რა შედეგებამდე მივიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები "კოვიდ-19"-ის კვლევისას - კვირის პალიტრა

"ამ ვირუსის შესახებ ეს ახლახან აღმოაჩინეს..." - რა შედეგებამდე მივიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები "კოვიდ-19"-ის კვლევისას

"დადგინდა, რომ კოვიდინფიცირებისას ფილტვების ანთებას სისხლძარღვთა თრომბოზი იწვევს"

კაცობრიობის უხილავი მტრის კვლევა-შესწავლა ჯერაც არ დასრულებულა. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები სამეცნიერო ჟურნალებში "კოვიდ 19"-ზე დროდადრო ახალ-ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ. როგორც ირკვევა, ვირუსთან მიდგომები თანდათან იცვლება და მეცნიერები პერიოდულად სენსაციურ აღმოჩენებამდეც მიდიან. სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ მსოფლიო სიახლეებზე გვიამბობს:

- იტალიის ქალაქ პადუის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ კოვიდინფიცირებისას ფილტვების ანთებას სისხლძარღვთა თრომბოზი იწვევს. როცა ვირუსი სისხლში გადადის, აზიანებს სისხლძარღვთა შიდა შრეს - ენდოთელიუმს და ენდოთელიურ ანთებას იწვევს. ამ დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ზრდიან. მარტივად ავხსნათ ეს პროცესი: როცა ბიოქსოვილი ზიანდება, შესაძლოა ადამიანი სისხლისგან დაიცალოს, ამიტომ ორგანიზმს აქვს ბუნებრივი უნარი დაზიანების ადგილას სისხლდენა შეაჩეროს და ეს სწორედ სისხლის შედედებით ხდება. ჭრილობის ადგილას გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედების უნარს და ხდება თრომბირება - ანუ ენდოთელიუმის დაზიანება ჭრილობის თრომბით დახურვას იწვევს. კორონავირუსიც სწორედ ამგვარი დაზიანების იმიტაციას ახდენს და იწყება თრომბოზი.

ამჟამად ამერიკაში "კოვიდის" იოლი მიმდინარეობის დროს ყველას ასპირინს აძლევენ. დადგინდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსამდე კარდიოასპირინს იღებდნენ, დაავადება ნაკლები გართულებით მიმდინარეობს. "კოვიდის" მსუბუქი ფორმის დროს ასმევენ ასპირინს და უმატებენ ლიმონს, რომელსაც ასევე შედედების საწინააღმდეგო უნარი აქვს. დამტკიცდა, რომ ანტიკოაგულანტის (მედიკამენტი, რომელიც ამცირებს სისხლის შედედების უნარს) გარეშე ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება არაეფექტიანია და აუცილებელია ანტიკოაგულანტებით მკურნალობაც. რაც შეეხება ანტიბიოტიკს, ის მაშინ არის ეფექტიანი, როცა ვირუსს ბაქტერიული ანთება შეერევა.

- რას წერენ უცხოელი მეცნიერები "დექსამეტაზონზე", რომელსაც თვითმკურნალობის დროს ხშირად მიმართავენ?

- "დექსამეტაზონი" ეფექტიანია ვირუსის მძიმე ფორმის დროს, მაგრამ არც მისი გამოყენებაა რეკომენდებული ანტიკოაგულანტების გარეშე, რადგან სისხლის შედედების უნარს ზრდის. "დექსამეტაზონი" გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა თრომბოემბოლიის საშიშროება არ არსებობს. ეს პრეპარატი, პრაქტიკულად, ანთებსაწინააღმდეგოა და ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება.

ასევე საინტერესოა კვლევა, რომელიც ესპანეთში მარკ ვარდესილას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. დადგინდა, რომ კოვიდპაციენტთა 80%-ს ვიტამინების დეფიციტი აქვს. არადა, როცა ორგანიზმში აუტოიმუნური შტორმი ვითარდება, სწორედ ვიტამინის მოლეკულები თრგუნავენ ანთებით პროცესებს სასუნთქ არხებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემებში. გაირკვა ისიც, რომ მამაკაცებში მეტია ვიტამინების ნაკლებობა, ვიდრე ქალებში. შესაბამისად, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც უფრო მაღალია.

- ვიცით, რომ ვაქცინის შექმნაზე ბევრი ქვეყანა მუშაობს. პროგნოზიც დამაიმედებელია - ის ჩვენამდე თებერვალ-მარტში მოაღწევს. - ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოში 300-მდე ჯგუფი მუშაობს. ყველაზე შედეგიანი იქნება იმ კომპანიის ვაქცინა, რომელსაც მეტი ფული აქვს და მეტ რესურსს იყენებს. რუსეთსა და ჩინეთს თუ არ ჩავთვლით, დასავლეთში არის მილიარდერი ფარმაცევტული გიგანტი "ფაიზერი", რომელმაც ერთ-ერთ გერმანულ ბიოტექნოლოგიურ ფირმასთან დადო ხელშეკრულება და უკვე შექმნილია ვაქცინა 94%-იანი დაცვითი შედეგით. მეორეა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა, რომელსაც 90%-მდე შედეგი აქვს. მათ მოახერხეს პრეპარატის რეგისტრაცია მაშინ, როცა გამოცდის სტადიას გადიოდნენ. ვაქცინა ჯერ ცხოველებზე გამოცადეს, შემდეგ მოხალისე ადამიანებზე და ახლა უკვე 100 000 კაცზე მაინც ჩატარდა.

- ვისაც "კოვიდი" გადატანილი აქვს, ალბათ, ვაქცინა აღარ გაუკეთდება. - ვირუსგადატანილებს ვაქცინას, ალბათ, არ გაუკეთებენ, მათ იმუნიტეტი იცავს. თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს მოქმედებს ის. ჟურნალ "საიენსში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, "კოვიდის" შემდგომი იმუნიტეტი გრიპის იმუნიტეტს ჰგავს, ანუ 148 დღის შემდეგ სისხლში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება.

კვლევებით დადგინდა, რომ მსუბუქი სიმპტომების დროს ანტისხეულების კონცენტრაცია სისხლში ძალიან დაბალია, მძიმე პაციენტებში - უფრო მაღალი და 6 თვე რჩება, უსიმპტომოების 40%-ში კი 2 თვეში ქრება. მაგრამ აღმოაჩინეს ერთი მნიშვნელოვანი რამ - თუ ადამიანს ანტისხეულები ჰქონდა და გაქრა, განმეორებითი ინფიცირების დროს დაავადება გაცილებით იოლად მიმდინარეობს.

ვაქცინა, ალბათ, ჩვენამდე იანვრის ბოლოს მოაღწევს, მაქსიმუმ, მარტში. ჯერ ანტისხეულებზე ანალიზი უნდა გაკეთდეს. თუ ადამიანს არა აქვს ანტისხეულები, მაშინ უნდა აიცრას. თუ აქვს, აცრა არ სჭირდება, ხოლო თუ ჰქონდა და გაქრა, მაინც უნდა აიცრას. გრიპის მსგავსად, ვაქცინა სეზონურად უნდა გაკეთდეს.

- ამბობენ, რომ "კოვიდი" ორგანიზმში გადატრიალებას ახდენს და შესაძლოა შემდგომში სხვა გართულებები გამოიწვიოს. - იერუსალიმის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ ნახევარი წლის შემდეგ, როცა დაავადება ყველა სიმპტომით გაივლის, 20%-ს მაინც რჩება სისუსტე, 9%-ს აქვს სუნთქვის გაძნელება, ხოლო 15%-ს გემოსა და ყნოსვის დაკარგვა. შესაძლოა შესუსტდეს მეხსიერება, განვითარდეს არითმია, ნერვული ზედაპირული სენსორული დარღვევა, მაგალითად, შეხებისას შეგრძნების დაკარგვა, შეიძლება დაიწყოს თმის ცვენაც. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს ე.წ. პერსევერაცია - მაგალითად, ადამიანმა აიჩემოს, რომ ბანანს ბენზინის სუნი აქვს, ან ვერ იგრძნოს სუნამოს სუნი და იგრძნოს შარდის. ამ ვირუსის შესახებ ეს ახლახან აღმოაჩინეს.

- ყველაზე საიმედო გამოსავალი, ალბათ, მაინც მედიკამენტია და სავარაუდოდ, ისიც მალე წამოგვეწევა.

- ახლაც ცდიან 100-მდე წამალს. ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ყველაზე ეფექტიანი მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობაა - სისხლიდან იღებენ სხვადასხვა ტიპის ყველაზე ძლიერ ანტისხეულებს, ხელოვნურად ამრავლებენ, იღებენ მილიარდობით და დიდი რაოდენობით შეჰყავთ ორგანიზმში, როგორც დაცვა. მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა ექსპერიმენტულ სტადიაზეა და ადამიანებზე ცდიან. მაგალითად, დონალდ ტრამპს ამ მეთოდით უმკურნალეს. ამერიკულ პრესაში წერდნენ, რომ მეხუთე დღეს შესანიშნავად გრძნობდა თავს და მუშაობდა კიდეც. ასევე შექმნილია რამდენიმე პრეპარატი, მაგალითად, "ლეიტერგინი", რომელიც უკვე დარეგისტრირებულია და წარმოების ნებართვას ელოდებიან.

- რამდენად ეფექტიანად გვიცავს პირბადე? - გააჩნია, რამდენ ხანს რჩებით დაავადებულთან - ძალიან ახლოს, პირისპირ თუ ერთ საათს დაჰყოფთ, ვირუსი 90%-ით გადაგედებათ, ვინაიდან ის პირბადის ხვრელებში აღწევს. ამიტომ ყველაზე უსაფრთხოა სკაფანდრის ტიპის ნიღაბი, რომელიც ვირუსის ნაწილაკებს არ ატარებს, თუმცა ძვირია.

ბრიტანელმა მეცნიერმა საიმონ კლარკმა დაადგინა, რომ წვიმის დროს პირბადე ერთ საათში უნდა შევიცვალოთ, რადგან სველდება და დანიშნულებას კარგავს.

- როგორ მოქმედებს "კოვიდი" ორსულებზე? - კვლევებით დადგინდა, რომ ორსულის ორგანიზმში ხშირად მდგომარეობა მძიმდება, რადგან ორსულობის პერიოდში სისხლის შედედების უნარი ბუნებრივად იზრდება და შესაბამისად, მეტია თრომბოემბოლიური გართულების რისკიც. გარდა ამისა, ნაყოფიც ინფიცირდება - ვირუსი ნაყოფზე პლაცენტიდან გადადის და ამ ინფექციამ ახალშობილში შეიძლება მძიმე ფსიქიკური დაავადება გამოიწვიოს. ეს სან-დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქიატრიის სპეციალისტებმა განაცხადეს.

ორსულებში იმუნური სისტემის აქტივობაც დაქვეითებულია, ამასთან, გულსა და ფილტვებზე დიდი დატვირთვაა, ვინაიდან ის ჟანგბადითა და სისხლით ორ ორგანიზმს ამარაგებს. არავინ იცის, მკურნალობის დროს წამალი როგორ იმოქმედებს მათზე. მაგალითად, "ფავიპირავირის" (იაპონიამ და რუსეთმა ერთობლივად შექმნეს და უკვე იყენებენ) ინსტრუქციაში წერია, რომ ამ წამლის გამოყენება ორსულებში არ შეიძლება! შვედეთის კაროლინის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ვირუსი მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზეც - იმ ქალებში, რომლებსაც ვირუსი ჰქონდათ გადატანილი, უნაყოფობის პროცენტი მაღალია.

ვინაიდან ორსულები მაღალი რისკის ჯგუფია, ვინც შვილის გაჩენას აპირებს, უპირველესად, მათ უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია! ეს ვირუსი დემოგრაფიულ მონაცემებზე მოქმედებს და ჩვენს ისედაც პატარა ქვეყანაში უფრო შეამცირებს მოსახლეობას.

იხილეთ ასევე: "ის ერთი კვირა ჯოჯოხეთად არ უნდა აქციონ" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე