"არ ვიცი, რატომ უნდა გვქონდეს ეს ჯოჯოხეთი, მაგრამ ჩემ თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია ტრიალებს" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რატომ უნდა გვქონდეს ეს ჯოჯოხეთი, მაგრამ ჩემ თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია ტრიალებს"

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ირგვლივ უამრავი განსაცდელია, თითოეული ადამიანის ტრაგედია მაინც სამყაროს გადაწონის. სწორედ ამიტომ მინდა, ქობულეთის ერთ პატარა სოფელში მცხოვრები ერთი ღირსეული კაცის, მალხაზ გორჯელაძის ტრაგედიაზე დავწერო. ეს მშრომელი ადამიანი 15 წელიწადია, პარკინსონის დაავადებით იტანჯება. ვინც ამ დაავადებას იცნობს, იცის, რატომაც არის ის უმძიმესი. ეს სენი, რომელიც ადამიანის სხეულის ყველა ნაწილს იმორჩილებს, კიდურების კანკალით იწყება, მერე კი მთელ სხეულს ითრევს. ბოლოს დაავადებული ვეღარ იმორჩილებს ხელებს, ფეხებს, თავს, მეტყველებას, სმენას და თვით ცრემლებსაც კი, რომელიც თავისით სცვივა თვალებიდან. ვიდრე ლაპარაკი შეეძლო, მალხაზ გორჯელაძე ამ ტკივილებზე გამუდმებით საუბრობდა. ახლა კი იგი ვეღარ მეტყველებს, მხოლოდ ცრემლები მოსდის. ბოლოს მაშინ იტირა, როდესაც მეუღლემ უთხრა, - ნუ გეშინია, მგონი, სასწაული ხდება, ამ დაავადების განკურება დაიწყო, რადაც უნდა დამიჯდეს, ოპერაციის ფულს ვიშოვი და გიშველიო. თუმცა ეს გზაც ისეთივე მტანჯველი გამოდგა, როგორიც გორჯელაძების  ცხოვრება იყო აქამდე - ოჯახის დიასახლისმა სად არ იარა, თანხის ნაწილი შეაგროვა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეავსო.

მაყვალა შავლიძე, მალხაზ გორჯელაძის მეუღლე: - არ ვიცი, რატომ უნდა გვქონდეს ეს ჯოჯოხეთი, რატომ უნდა იტანჯებოდნენ ასე ადამიანები, მაგრამ ჩემ თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია ტრიალებს. ყველაფერი ხელების კანკალით დაიწყო. მახსოვს, როგორი შოკი მქონდა, როდესაც ჩემს ქმარს ხელების კანკალი შევამჩნიე. დამამშვიდა, ნუ გეშინია, ანერვიულებული ვარ და იმიტომ მაკანკალებსო. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დაავადება თავიდანვე იმდენად მძიმედ დაიწყო, რომ ერთადერთ შვილსაც ვერ იჭერდა ხელში, ბავშვი არ გამივარდესო. მერე კი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ახლა ყველა მამოძრავებელი ფუნქცია მოშლილილი აქვს. გამუდმებული შეტევები ემართება, გაუსაძლისი ტკივილებით.

- როგორ გამოიხატება, როგორ იწყება ტკივილები? - საშინელი ტკივილი ორგანიზმის ხან რომელ ნაწილს შეუტევს, ხან რომელს - ხან მუცელში, ხან თავში, ხან კიდურებში... თანაც ისე, რომ ოდნავი შვების მოგვრისთვის ვერც ყვირილს ახერხებს და ვერც ხელების მოძრაობას, რათა ატკივებულ ადგილას შეეხოს, მერე ძირს ეცემა და კანკალებს. ამ დროს წამალი უნდა მიაშველო, რომ ტკივილი დაუამდეს. 15-20 წუთის შემდეგ ტკივილი კი უყუჩდება, მაგრამ სულ სხვა უბედურება იწყება - ხტუნვითი მოძრაობები, რასაც ექიმები "ცეკვას" ეძახიან და საშინლად დამღლელია. ეს ყველაფერი მასაც და ჩვენც მორალურად გვხოცავს. როგორია იმის გაცნობიერება, რომ ყველა ფუნქცია დაკარგული გაქვს, სხეული შენი არ არის?! ჩემი ქმარი ამას ისე განიცდის, აღარაფერი აღარ უნდა. ადამიანების დანახვის რცხვენია. რცხვენია უცხოს თვალწინ ჭურჭელი ხელიდან რომ უვარდება და ემტვრევა, რცხვენია, რომ ვეღარ ლაპარაკობს და ვერავის ვერაფერს აგებინებს, რცხვენია, რომ გამუდმებით "ცეკვავს". ამას გაძლება ხომ სჭირდება!  ასეთი შეტევა დღეში ხანდახან 15-16-ჯერაც ემართება.

- საარსებო თანხის შოვნას, მუშაობას როგორ ახერხებთ? - მუშაობას თითქმის ვერ ვახერხებ. შინ ერთი ძროხა გვყავს, რომელიც როგორღაც "გვარჩენს" და ბოსტანიც მაქვს. მაგრამ როგორც კი შინიდან გავდივარ, იმ წუთში უკანვე შევრბივარ გულგახეთქილი, რადგანაც შვილი მეძახის, - დედა, მამა წაიქცა, დამეხმარეო. აი, ასე მიდის ჩვენი ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რა სასწაული იყო, როდესაც გავიგე, რომ, თურმე, ამ უკურნებელი საშინელების განკურნება დაწყებულა. ჯერ თურქეთმა დაიწყო, ამისთვის ოპერაციები თავის ტვინში კეთდება. მეც პირველად თურქეთში მინდოდა მალხაზის წაყვანა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა - ვერც ფული ვიშოვე და ვერც დაავადებული კაცის წაყვანა შევძელი. ახლა კი ეს ოპერაციები უკვე საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაშიც დაიწყო. მაგრამ ფასი აქაც კატასტროფულია - 75000 ლარი!

- მოსმენაც კი შეგაშინებს, ამხელა ფული როგორ უნდა იშოვოს სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ერთი ძროხა გააჩნია საარსებოდ? - წარმოიდგინეთ, ნაწილი ვიშოვე. ვის არ შევჩივლე, ვის არ მივადექი, მოვიარე აჭარის მთავრობა და ჯანმრთელობის სამინისტრო და 50 000 ლარი გადმომირიცხეს. თვითონაც კი არ მჯერა, რომ ეს ასეა. მაგრამ დანარჩენს ვეღარ ვშოულობ, 25 000-ლარს. მაგრამ ეს ფული თუ არა მექნება, უნდა ჩავთვალო, რომ დანარჩენიც არ მაქვს და ჩემი ქმრის წამებასაც ბოლომდე უნდა ვუყურო. ისიც ვიფიქრე, სახლს ჩავდებ ბანკში-მეთქი, მაგრამ საიდან გადავიხადო ის ფული? ეს ხომ შეუძლებელია! ჩემი ქმარი რომ გამოჯანმრთელდეს, უჭეროდ სად ვაცხოვრო?!

- ვერ დავიჯერებ, რომ თუნდაც თქვენი ასეთი თავგანწირვის გამო სასწაული არ მოხდეს და ეს ფული არ იშოვოთ. ამქვეყნად უამრავი ადამიანია, ვისაც შეებრალებით და დაგეხმარებათ. - ყველაფრის რწმენა რომ დავკარგო, სიკეთის რწმენას მაინც ვერ დავკარგავ. ამიტომაც მივმართავ იმ ხალხს თხოვნით, ვისაც მცირედის გაღება შეუძლია. ჯოჯოხეთური ტკივილებიდან ადამიანის ხსნის სიკეთე არავის არსად დაეკარგება. ოდესმე კი, სხვისთვის ხელის გაწვდენა, იქნებ ჩემმა ოჯახმაც შეძლოს.

მალხაზ გორჯელაძის დახმარების მსურველთთვის აქვე რეკვიზიტებს გთავაზობთ:

"თიბისი ბანკი". ბანკის კოდი: TBGBG 22 ანგარიში: GE63TB7592645064300025

მიმღები: მაყვალა შავლიძე

(სპეციალურად საიტისთვის)