"ვიცოდი, რაც მაშინ ხდებოდა და ჩემთვის მიუღებელი იყო" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, რაც მაშინ ხდებოდა და ჩემთვის მიუღებელი იყო" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე

"თუ ჩვეულებრივი მოქალაქე იმავეს აშავებს და კანონის წინაშე აგებს პასუხს, პოლიტიკოსს რატომ ეპატიება?"

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, პოლიტიკურ თემებსა და სერიალ "გამბიტთან" დაკავშირებულ kvirispalitra.ge-ს შეკითხვებს პასუხობს.

- ქალბატონო ნონა, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, ოპერაცია გაიკეთეთ. არსებული ეპიდვითარება, შეზღუდვები თქვენზე რა გავლენას ახდენს?

- გარკვეული პოსტოპერაციული პრობლემები ჯერ კიდევ მაქვს, ამიტომ, ძირითადად, შინ ვარ, იშვიათად გავდივარ სადმე.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, ადამიანებს ისედაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამაზე კორონავირუსის დამატება, საერთოდ, საშინელებაა... ვინ იფიქრებდა, რომ ამ საუკუნეში ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა მსოფლიოში. ეს ის პრობლემაა, რომელიც ყველას ეხება და რეკომენდაციებიც საკუთარი თავის გამო მაინც უნდა დავიცვათ ყველამ. ეკონომიკურად, მესმის, რომ რთულია - ვის უნდა უმუშევრობა? მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეალობისა და არჩევნის წინაშე დავდექით. იძულებულები ვართ, ყველაფერს შევეგუოთ და ჯანმრთელობა მაინც რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა წესს ვიცავთ.

ვინ მოთვლის, რამდენგზის მოგვიწოდებენ, რეკომენდაციები დაიცავითო, მაგრამ ზოგი ვერაფერმა შეაჩერა. ვისაც არ სურს და არ სჯერა, მაინც იმავეს აგრძელებს. როცა ასეთი კრიტიკული სიტუაცია დგება, ადამიანმა თვითონ უნდა გაითავისოს, სხვის მიერ მოწოდება მაინც არაფერს უშველის.

- ალბათ, თვალ-ყურს ადევნებთ პოლიტიკურ მოვლენებს. როგორია თქვენი აზრი დღევანდელ, არეულ სიტუაციაზე?

- მე, დიდი ხანია, პოლიტიკურ თემებზე აღარ ვლაპარაკობ. თუმცა, გეტყვით, რომ ის, რაც დღეს ხდება, უბრალოდ, ნერვების მომშლელია. თვითონ მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ? თან სულ ძველი სახეებია და მათ არ იციან, ადრე როგორ ტარდებოდა არჩევნები და ახლა როგორ ტარდება? ძალიან კარგად იციან. წააგეს და რისი იმედი აქვს ოპოზიციას? ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთ პოზიციაზეა.

ჩემი აზრით, თუ პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფომ მათ ფული არ უნდა გამოუყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანმა სამსახურში არ იაროს და ხელფასი მაინც მოითხოვოს. პოლიტიკურ ფიგურებს კი სხვა მოქალაქეებთან შედარებით, ისედაც ბევრი უპირატესობა და პრივილეგია აქვთ. როცა ისინი დანაშაულს სჩადიან, რატომღაც, სხვებზე გაცილებით მეტი ეპატიებათ და პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. რატომ? თუ ჩვეულებრივი მოქალაქე იმავეს აშავებს და კანონის წინაშე აგებს პასუხს, პოლიტიკოსს რატომ ეპატიება? ამიტომ, მე მგონია, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლოს, მაგრამ ამაში დანაშაულის კვალი არ უნდა იყოს. თუ ისინი ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად გრძნობენ თავს, კეთილი ინებონ და პარლამენტში შევიდნენ.

- იმ ამომრჩეველს რას ეტყვით, ვისაც "ქართულმა ოცნებამ" იმედი გაუცრუა?

- როგორც აღვნიშნე, დიდი ხანია, პოლიტიკაზე საუბრის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს.

- რამ გამოიწვია ეს?

- რამ გამოიწვია და, უბრალოდ, აღარ მჭირდება ეს ამბავი. "სახალხო კრებაში" რომ ვიყავი, ის ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა არ იყო. შესაძლოა, მანამდე, რაღაც გარკვეული დოზით ვიყავი, მაგრამ მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ჩავთვალე, რომ "სახალხო კრების" ფუნქცია ამით ამოიწურა და მეც დავასრულე.

- ანუ ეს იყო ერთგვარი პროტესტის გამოხატვა წინა ხელისუფლების მიმართ და მათი წასვლის შემდეგ, იქვე დასრულდა?

- დიახ, ვიცოდი, რაც მაშინ ხდებოდა და ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ, ვინც იქ ვიყავით, ფაქტობრივად, მერე ყველანი განზე გავდექით. "სახალხო კრებაში" იმიტომ მოვხვდი და იმიტომ ვიყავი იქ, რომ იმ მომენტში მძიმე სიტუაცია იყო, ყველას რაღაც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მე უკვე ასაკოვანი ადამიანი ვარ და ეს ამბები არაფერში მჭირდება.

- რაც შეეხება ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალს - The Queen's Gambit, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც თქვენ შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს?

- ვინც ეს ფილმი გადაიღო, ვკითხოთ მას, თუ რატომ გადაიღო ასე... ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს, როცა გამოგონილ რაღაცაზე ფილმს იღებ და მასში რთავ რეალურ ადამიანს, რომელიც მართლა მოჭადრაკე და მსოფლიო ჩემპიონი არის, ასეთი შეცდომები დაუშვებელია. ამიტომაც მოჰყვა მას ასეთი გამოხმაურება და დაინტერესება მთელი მსოფლიოს მხრიდან. რამდენიმე ინტერვიუს მიცემამ მომიწია ინგლისურ, ამერიკულ და რუსულ პრესასთან, საქართველოში ყოველ დღე ზარები არ წყდებოდა...

შეცდომა კი არის ის, რომ თითქოს მე მამაკაც მოჭადრაკეებთან არ ვთამაშობდი, არადა, სინამდვილეში, აბსოლუტურად პირიქითაა, სწორედ მე დავიწყე მამაკაცებთან თამაში და მე გავხდი პირველი ქალი დიდოსტატი, რომელმაც ვაჟი დიდოსტატის წოდება მივიღე. ამაზე დიდი უხეშობა არ არსებობს. უცხოეთში ასეთ რაღაცებს არ პატიობენ.

- თქვენ რა რეაგირება მოახდინეთ ამ საკითხზე?

- არაფერი, უბრალოდ, ეს ამბავი ძალიან საწყენი და შეურაცხმყოფელი იყო.

- ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ ეს განგებ გააკეთეს?

- აქამდე არ მივდივარ, არა მგონია. უბრალოდ, ვინც ეს გააკეთა, ალბათ, სერიოზულად არ მოეკიდა ამ ამბავს. ფაქტია, რომ პოპულარული სერიალია. ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი იკითხა, რომ ეს სერიალი ინგლისში იმდენად პოპულარულია, ჭადრაკის წრეებში ბევრი ახალგაზრდა ეწერება და რას ურჩევდითო? ჰოდა, როცა ასეთი სერიალი კეთდება, რომელიც ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, თემას პატივისცემით უნდა მოეპყრან. დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა ამას, ინტერნეტში შესულიყვნენ და აეკრიფათ ჩემი სახელი და გვარი, ხომ ამოუგდებდა ყველანაირ ინფორმაციას? კონსულტანტიც კი არ დასჭირდებოდათ, ისე გაიგებდნენ ყველაფერს. ამიტომ, რბილად რომ ვთქვა, სერიოზული, უხეში შეცდომაა.

- გასაგებია. ქალბატონო ნონა, ახლა, როცა ძირითადად შინ გიწევთ ყოფნა, დღის განმავლობაში რას საქმიანობთ ხოლმე? მაგალითად, ჭადრაკს თუ თამაშობთ, თუნდაც, ინტერნეტში?

- არა, ამას მიჩვეული არ ვარ, სად იყო ჩვენ დროს კომპიუტერები (იცინის)! ინტერნეტში ინფორმაციებს ვკითხულობ ხოლმე. თუ რომელიმე სერიალი მაინტერესებდა, კომპიუტერში ყველა ვნახე, იქ ეს დაუსრულებელი რეკლამები არ არის. სპორტულ გადაცემებს ვუყურებ და წიგნებს ვკითხულობ. თვითონ ვისწავლე აიპადში წიგნების ჩატვირთვა და, ასე ვთქვათ, სულ ბესტსელერებთან მაქვს ურთიერთობა (იცინის). ასე რომ, ამით ვერთობი. თვითონ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, უკვე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მოფრთხილება უნდა. მენჯ-ბარძაყზე დამჭირდა ქირურგიული ჩარევა, ასაკოვან ადამიანებში ეს ხშირია. ამიტომ, მითხრეს, ბევრი იარეო. მე კი სიარული არ მიყვარს, თამაშები უფრო მიყვარდა ყოველთვის (იცინის), მაგრამ ოჯახში მოიფიქრეს, რომ ტელეფონში ნაბიჯების მთვლელი ჩამირთეს. სპორტული ინტერესი გამიჩნდა, თუ არა, ყოველ დღე 10 ათას ნაბიჯს ვაკეთებ და ამის წყალობით, სიტუაცია გაცილებით გამიუმჯობესდა.

- ძალიან კარგი, ჯანმრთელობას გისურვებთ.

- დიდი მადლობა.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)