რიკოთის ურელტეხილზე დონ კიხოტი წამომართულა - კვირის პალიტრა

რიკოთის ურელტეხილზე დონ კიხოტი წამომართულა

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტობუსის გასვლამდე თითქმის მთელი საათია დარჩენილი. ავტობუსის ფანჯრის ჭუჭყიანი მინიდან დიდუბის მტვრიანი ავტოსადგური ჩანს, და კიდევ - გახუნებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ე.წ. გარე მოვაჭრეები, ხელებგარუჯულებს გულზე წიგნები, გაზეთები, ბავშვის სათამაშოები, ქაღალდის ხელსახოცები,  ფუთნუშები, ბანანები და ათასი რამე რომ აუხუტებიათ  და ავტობუსიდან მიკროავტობუსამდე ან პირიქით ერთი და იმავე შინაარსის  ტექსტს გაჰყვირიან:

"იყიდეთ ფუნთუშა, ახალი გამომცხვარი, პირში თაფლივით დნება"; "ლიმონი ზუგდიდური, ისეთი წვნიანია, რო უჩხვლეტ, "კრანივით" ასხამს"...

აქ თითქმის ყველა წიგნი ლარად იყიდება, მათ შორის - "ნიკო ბური-ბაგრატიონიც"... და უცებ ავტობუსის სალონში მესმის: "იცი, ვინ იყო ნიკო ბური? მის მშობლებს 15 ვაჟი ჰყავდათ და კაცებად ზრდიდნენ, დღევანდელი მშობლებისგან განსხვავებით. რა გგონია, წიგნებს რომ ვყიდი, უვიცი ვარ?" წიგნის გამყიდველ ქალს წიგნები ჩაუხუტებია და მყიდველის პოვნას ცდილობს. მინდა ფოტო გადავუღო, მაგრამ სევდიან თვალებს მაპყრობს და ოდნავ მკაცრი ტონით მთხოვს:

"ნუ გადამიღებ, მეც ხომ მაქვს უფლება, ეს აგიკრძალო?" ვემორჩილები. "მე  აღარც ქალი ვარ და აღარც ადამიანი და იცი ეს როდის ვიგრძენი? ერთხელ ჩვენი ხმაურით გაბეზრებულმა მგზავრმა პოლიცია რომ გამოიძახა და სთხოვა,  გაყარეთ ავტოსადგურის ტერიტორიიდან, მათი ხმაური ნერვებს მიშლის, არადა, უფლება მაქვს, კომფორტულად ვიმგზავროო.

KvirisPalitra.Geიმ დღეს მივხვდი, რომ მე აღარც ადამიანის სტატუსი მაქვს; ჩვენ აქ მოჩვენებები ვართ, რომლებიც ავტობუსში ეცხადებიან მგზავრებს, რათა ჯიბეზე ხელი გაიკრან და იყიდონ ის, რაც, შესაძლოა, იმწუთას არც კი სჭირდებოდეთ. ვხვდები, რომ ჟურნალისტი ხარ, იყიდე რომელიმე წიგნი, გამოგადგება"... - ისევ  დაზეპირებული ტექსტი გაიმეორა და მეც სერვანტესის “"დონ-კიხოტის" ძველი გამოცემა შევარჩიე.

"იყიდე, შვილო, მზესუმზირა, სუფთად მოხალულია, არ შეგეზარება," - შუახანს გადაცილებული, ძაძებიანი ქალი ამოდის ავტობუსში და მგზავრებს ვედრებით სავსე თვალებით უყურებს. მზესუმზირასაც ვყიდულობ, სხვისგან - ბავშვის სათამაშოსაც, რომელსაც ვინმეს ვაჩუქებ და ვხვდები, თუ ავტობუსი მალე არ გავა, ჯიბეში კაპიკი აღარ დამრჩება.

ბოლოს და ბოლოს, ავტობუსიც გადის. მეც "დონ-კიხოტს" ვფურცლავ და უკვე მერამდენედ ვკითხულობ ჩემი საყვარელი წიგნის სტრიქონებს. თითქმის საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მძღოლი რიკოთის უღელტეხილზე,  გზისპირა, ეგრეთ წოდებულ კვების ობიექტთან აჩერებს ავტობუსს. "ათი წუთი შეისვენეთ და წავედით", - აფრთხილებს მგზავრებს. უცნაურია - რიკოთზე დონ კიხოტი "დგას"! ვიფიქრე, მგზავრობით დაღლილს ეტყობა მომეჩვენა-მეთქი. თვალებს ვიფშვნეტ, მაგრამ... ლითონის ქანდაკება აშკარად მომჩერებია... "რა უნდა დონ კიხოტს რიკოთზე, თანაც როსინანტისა და სანჩო-პანსას გარეშე?" - ღიმილით ვეკითხები კვების ობიექტის  მომსახურე პერსონალს.

ეს ქანდაკება აქ სასადილოს მეპატრონეებს დაუდგამთ. მათ მეგობარს სადიპლომო ნამუშევრად დაუმზადებია და რადგან სახელოსნოში დიდ ადგილს იჭერდა, მისი გაჩუქება გადაუწყვეტია.

"ჩემი ძმა და რძალი აი, მაგის ქვეყანაში წავიდნენ, მუშაობენ, ფულსაც ჩემზე მეტს იღებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სულ სხვაა, როცა შენს მიწაზე გიდგას ფეხიო. მეც დავაპირე წასვლა, მაგრამ ვერ წავედი, რაღაცამ არ გამიშვა", - ღიმილით მიხსნის ერთი სანჩო პანსასავით ჩამრგვალებული ბიჭი და გულზე ხელს იდებს...