"არ მინდა, დაჩოქილი კაცი ვიყო" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, დაჩოქილი კაცი ვიყო"

სასიმამროსგან სიკვდილისთვის გამეტებული

"კომაში მყოფს მზე მახსოვს, ფანჯარაში რომ შემოდიოდა და გაყინულს მათბობდა"

ოთხი წლის წინ ვწერდით - გურჯაანელ თემურ ორველაშვილს შეყვარებულის მამამ საგანგებოდ დააჯახა მანქანაო. თემო, ჩანს, უფალმა დაინდო და... გადარჩა. თუკი ამას გადარჩენა ერქვა - თავისქალაჩამტვრეულს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ბიჭი გონს ვერ მოიყვანეს.

ოჯახმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და - სიკვდილსა და  სიდუხჭირეს შეებრძოლა. თემოს ძმა, ზაზა, რედაქციაშიც მოვიდა. მისი თვალები ოთხი წლის შემდეგაც კი გვახსოვს - ძმა მიკვდება, მიშველეთო. რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ, წერილიც გამოვაქვეყნეთ სახელწოდებით - "ეგებ მასაც ხვდეს თავისი წილი ბედნიერება" და მკითხველს ვთხოვეთ, კიდევ ერთი დედისთვის გადაერჩინა შვილი. ჩვენმა მკითხველმა, როგორც ყოველთვის, უკანასკნელი გაიღო და თემო სიკვდილს არ დაანება... ძმა ისევ უგონოდ ჰყავდა, ზაზა რედაქციაში მადლობის სათქმელად რომ მოვიდა, გული ჩაგვწყდა...

96 დღის შემდეგ თემო გონს მოვიდა, თუმცა ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. "კვირის პალიტრა" მის ამბავს სულ კითხულობდა - გვეუბნებოდნენ, სულით არ დაცემულა და მისი მდგომარეობა ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდებაო. გადავწყვიტეთ გურჯაანში, სოფელ ვეჯინში, ორველაშვილები მოგვენახულებინა. ჩვენს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ, ჩვენ - უფრო. თემო ინვალიდის სავარძლიდან ამდგარა! სასწაული არ არის?

ქალბატონი იზო, თემოს დედა: - იმ ავადსახსენებელ დღეს, 14 თებერვალს შინიდან ისე გავიდა, თითქოს საკუთარ ქორწილში მიდისო - გაუთოებული პერანგი ხელმეორედ გამაუთოებინა. სიყვარულის დღეა და მაიას სუნამო უნდა მივართვაო. მალე მეზობელმა დამიძახა, - თემო ავარიაში მოხვედრილაო. გურჯაანის საავადმყოფოში დამხვდა. შვილო, რა მოგივიდა-მეთქი! არაფერი, დედი, კოჭთან მტკივა ცოტაო და თვალი მილულა... იმ დღის მერე, 96 დღე ჩემი შვილი თვალგახელილი არ მინახავს. ჩვილის საჭმელს, "ჰუმანას", ჩემი ხელით ვასხამდი ზონდით... ხან ვიფიქრებდი, ჩემი ხმა ესმის=-მეთქი. წამწამებს შეარხევდა. მეტი არაფერი. 9 მარტი იყო, კომპიუტერულ გადაღებაზე მიჰყავდათ. ძმაკაცი დაუხვდა წინ, - თემო, გაიცინე, ბიჭოო. ამანაც - შეარხია ტუჩები და თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.

KvirisPalitra.Geბატონი გივი, თემოს მამა: - პალატაში ხან მარტო იყო, ხან ვინმეს დაუწვენდნენ. ერთხელ ერთი ბიჭი შეიყვანეს. ბიძა ახლდა... გამოვიდა ექიმი - გარდაიცვალაო. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა... გივი ძია, თემო კი არა, მეორეო, - შემანჯღრია ექიმმა. ახლა ბიძამისი წაიქცა... ექიმმა კომპიუტერულ სურათს რომ დახედა - აფსუს, რა ვაჟკაციაო...

თავის ქალა ჩამტვრეული ჰქონდა, ძვლები ტვინის მარჯვენა სფეროს ისე აწვებოდა, რომ მარცხენას ჭყლეტდა. სფეროების გამყოფი ღარი დაბრეცილი იყო. აპკს ზემოდან სისხლი იყო დაგუბებული. რა გვეშველება-მეთქი. ექიმმა, - ვერ დაგამშვიდებთ, ასეთი ავადმყოფი ათასიდან ერთი თუ გადარჩებაო...

თემოს მამის მონაყოლმა ძველი ტკივილი გაუღვიძა.

- თემო, რა დაუშავე, ასე რომ გაგწირა?

- არაფერი. ვსწავლობდი. ბიჭებს ვავარჯიშებდი მძლეოსნობაში, თან ვმუშაობდი, მანქანებს სიჩქარის კოლოფს ვუცვლიდი - 80 კილომდეა, 2-3 კაცი ერთად ცვლის ხოლმე. მე კი მარტო ვერეოდი. მაია მაგრად მიყვარდა. ორი წელიწადი ტაქსის დავიჭერდი, მის კორპუსს შემოვუვლიდი და უკან მოვდიოდი. ფანჯრიდან რომ გადმომხედავდა, გული მინათდებოდა. მამამისი ტაქსის მძღოლია. გარაჟში მივაკითხე, მაია მიყვარს-მეთქი.

- რა გითხრა?

- მე რა შუაში ვარ. ეგე, ჩემი შვილი, ეგე - შენო.

- მაიამ?

- ხან "ჰოს" ამბობდა და ხან - "არას".

- 14 თებერვალს რაიმე სერიოზული უნდა გადაგეწყვიტათ?

- მაგაზე არ მიფიქრია. გურჯაანში რომ ავედი, ისე ვღელავდი, არაფერი მახსოვს. მერე ჩვენებური ბიჭის მონაყოლიდან შევიტყვე, მამამისსაც ვუნახივარ, მაიას რომ შევხვდი. შვილისთვის უთქვამს, ჩაჯექი მანქანაშიო, ჩემთვის კიდევ - მანდ დამიცადეო...

მერე მიამბო იმ ბიჭმა, - გოგო მანქანიდან გადმოუსვამს, მოსახვევიდან გამოვარდნილა, ჩემთვის დაურტყამს და გაქცეულა. ჩვენებური ბიჭი კი გაჰკიდებია, მაგრამ რას დაეწეოდა...

- 96 დღიდან მართლა არაფერი გახსოვს?

- ერთი სიზმარი. სადღაც მივდიოდი, გავიხედე, ბიჭები ისხდნენ. ერთი ჩვენი სოფლელი იყო, ნოდარ გველუკაშვილი, ჯარში დაიღუპა. გამიხარდა, - ნოდარ, როგორა ხარ-მეთქი? მან კი არ შემომხედა. მზეც მახსოვს. დიღმის საავადმყოფოში როცა ვწოლილვარ, იქ შემოდიოდა ფანჯარში თურმე. მციოდა და მათბობდა.

- ის დღე გახსოვს, გონს რომ მოხვედი?

- 27 მაისს ვარ დაბადებული და 26 მაისი იყო. უკვე ორთაჭალის საავადმყოფოში ვიწექი. თვითმფრინავის გუგუნი გავიგონე, შიშმა ამიტანა, შენობას არ დაეჯახოს-მეთქი.

- გიფიქრია, რომ უფალმა სასწაული მოგიხდინა?

- მიფიქრია. მაგაზეც და იმაზეც, რაც უნდა გავაკეთო - გაჭირვებულებს უნდა დავეხმარო და საკუთარ თავსაც - მარჯვენა ფეხს ბოლომდე მაინც ვერ ვხრი, მარჯვენა ხელის თითებიც ბოლო ხანს ავამუშავე. არ მინდა, დაჩოქილი კაცი ვიყო. ნელ-ნელა გირებით ვარჯიშიც დავიწყე.

- მაიაზე თუ ფიქრობ?

- არა, ეგ ამბავი მოკვდა.

- მამამისი?

- ციხეშია. თერთმეტი წელი აქვს მისჯილი. მაგაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

P.S. თემო  ეზოში გავიდა. შინ აღარც შემოუხედავს. სამაგიეროდ, მე მოვათვალიერე იქაურობა. სახლში, უკანასკნელი თაროს ჩათვლით, ყველაფერი გაყიდულია. ამასთან ერთად მამულებიც, სამი ბიძის ზვრებიანად. ასე რომ, ორველაშვილები ვერსაიდან გააჩენენ იმ ფულს, რომელიც საიქიოდან დაბრუნებულ კაცს მარჯვენა ხელ-ფეხის საბოლოოდ გასამართად სჭირდება - ამას რეაბილიტაცია ჰქვია. აი, ეს იყო პირველი ფიქრი, მეორე:

რახან ასეთი სასწაული მოხდა, თემოს მამას ბანკის რეკვიზიტები გამოვართვით (გურჯაანი, "ტაოპრივატ ბანკი". ანგარიში: SAMIG02000000918895, კოდი: GAVOGE22, მიმღები თეიმურაზ ორველაშვილი).

მან კი, იმდროინდელი ჯანმრთელობის მინისტრით დაწყებული ყველასთან მადლობა დამაბარა - არც ერთს არ უთქვამს, - შენი შვილის დახმარებას რა აზრი აქვსო...

ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ თემო ნამდვილ სიყვარულს აუცილებლად იპოვის!