"მე და ჩემი ცოლი, 43 წელია, ერთად ვცხოვრობთ, კი ვჯაჯღანებ, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეგვიძლია"
"მე და ჩემი ცოლი, 43 წელია, ერთად ვცხოვრობთ, კი ვჯაჯღანებ, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეგვიძლია"
"არასდროს მიფიქრია, ისე ვიცხოვრო, რომ დიდხანს ვიცოცხლო-მეთქი და როგორ ვარ აქამდე, არ ვიცი..."

მიყვარს ზურა ყიფშიძესთან საუბარი. თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს. ლაპარაკობს ყოველგვარი პრანჭვისა და ვარსკვლავური ჭირვეულობის გარეშე, ამიტომ დროგამოშვებით ვუკავშირდები ხოლმე და გვეკარგება დროის განცდა. ამჯერადაც ასე მოხდა. მიამბეთ, რა მოხდა ჩვენი ბოლო ინტერვიუდან დღემდე-მეთქი, ვუთხარი საუბრის დასაწყისში, მერე კი არაერთ თემას შევეხეთ.

- ისეთები მოხდა...… მიშა გომიაშვილს ინფარქტმა დაარტყა, მერე გაუმეორა...გუშინ გამოვიდა საავადმყოფოდან. ახალ წლამდე ორი შუნტი
აქვს გასაკეთებელი და სტენტი... სხვა არაფერი ხდება. ხან ასე ვარ, ხან - ისე. ახლა ფილტვების ანთება მაქვს. გადაღებაზე გავცივდი.

- კოვიდს ხომ არ დაუკავშირეს ანთება?
- არა, გასინჯული ვარ უკვე.

- ცუდია, რომ ანთება გაქვთ, მაგრამ კარგია, რომ კოვიდი არ გაქვთ და უკეთესი, რომ ამ უძრაობის
ხანაში გადაღება მიმდინარეობს. რას იღებენ?
- გიორგი კიკალეიშვილი ყაზახებთან ერთად იღებს ფილმს, რომელშიც მე და ბუბა კიკაბიძე ვთამაშობთ მამა-შვილს. კარგია, ამ "კორონას" დროს რომ რაღაცას ვაკეთებთ, მით უმეტეს ისეთს, რასაც სიცილი და ხალისი ახლავს.

- ფილტვების ანთებით უნდა იმუშაოთ?
- მსახიობები ვართ, ანთებითაც გვიმუშავია და მოტეხილობითაც.

- თან თამაშსაც მონატრებული ხართ...
- აბა რა!.. ახლა მიშა გომიაშვილს ველაპარაკე და ნუ გადავაგდებთ "ART - ხელოვნებას", ხალხი დადის ამ სპექტაკლზე-მეთქი. 21 წელია ვთამაშობთ და სულ ანშლაგებია, მაგრამ თემურ ჩხეიძეს მოხსნა უნდა ამ სპექტაკლის. როდემდე შეიძლება ითამაშოთ, დაბერდით, არადა, იქ ახალგაზრდები უნდა თამაშობდნენო, ამბობს. მიშასაც ამოუვიდა... მე პირველი ვჯაჯღანებდი ამაზე, მაგრამ რადგან ხალხს უყვარს, ვთვლი, რომ ჯობია ვითამაშოთ.

- მართალია, სოლიდური ასაკი აქვს ამ სპექტაკლს, თუმცა თქვენი და გომიაშვილის მეგობრობა მასზე უფროსია.
- აბა რა... ჩვენ ახალგაზრდობაში ვხვდებოდით, მერე ვიშლებოდით და კვლავ სადღაც ვიკვეთებოდით. მერე მოსკოვში წავიდა, მაგრამ არ გამოვიდა მისგან ბიზნესმენი... თემურ ჩხეიძემ აეროპორტში ნახა და თეატრალურ ცხოვრებას დაუბრუნა. დადგეს "მარადი ქმარი". მეორე წელს სტრინბერგის "მამა" დავდგით. მე მანამდე 10 წლის გაჩერებული ვიყავი და ითვლება, რომ თემურ ჩხეიძემ მეც და მიშასაც მეორე სიცოცხლე გვაჩუქა, როგორც მსახიობებს. ინსტიტუტიდან ვიცნობ მიშას. სხვადასხვა ჯგუფში ვუკრავდით, ის - გიტარაზე, მე - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ნუგზარ კვაშალთან, მამუკა დუმბაძესთან და გია ეძგვერაძესთან ერთად. ჩვენს ანსამბლს "ჯეჯილი" ერქვა. ქუჩასა და კლუბებში რომ არ ვყოფილიყავით, დედაჩემის ინიციატივით ანსამბლი შევქმენით და მარჯანიშვილის თეატრის სახელით გამოვდიოდით.


- ხალხმრავლობა გენატრებათ...
- რა ვქნა, მხატვარი ან პოეტი რომ ვიყო, უფრო ადვილად გადავიტანდი... დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მაინც მინდა... არ შემიძლია ასე ჯდომა, გავგიჟდი... ხანდახან შვილიშვილთან განვმარტოვდები ხოლმე, ან ძაღლს ვასეირნებ.

- მომიყევით პატარა კოსმო ყიფშიძეზე...
- უიმე, გვაგიჟებს! ეს არის დოპინგი. ხან აქ არის, ხან - მეორე ბებიასთან. ვერც ერთი ვერ ვძლებთ უმისოდ. ახლა იქით არიან და თან გაჰყვა ჩემი გული. აზრიანი კაცია. გავგიჟდი! საოცრება გვყავს! მცნობს, ვუყვარვარ. ამაზე ჩემი ცოლიც ეჭვიანობს და ძაღლიც, თუმცა ძაღლი თავისებურად მზრუნველობას არ აკლებს, იცავს. შავი ბაგირა მომიკვდა, ახლა ერთი ძაღლი დამრჩა, ბენი. ის გირჩით თამაშობდა ხოლმე - გადავუგდებდი, მომიტანდა. ეს არ გარბის, ბოთლის ჭრაჭუნი უყვარს კბილებით. ბაგირა სახლის უკან დავმარხე და საფლავზე რომ ჩავდიოდით მასთან, დავინახე, ამას პირით გირჩი მოჰქონდა. მიიტანა და საფლავზე დაუდო. გავგიჟდი...

კოსმო ძალიან ძლიერია. ხან კოსმიკოს ვეძახით, ხან - შვილის. სხვა შვილიშვილებიც ხომ მყავს... ეს სულ სხვანაირია.

- მგონი, საქმე ის არის, რომ ასაკი გაქვთ ისეთი, როცა ყველაზე უკეთ გრძნობენ ბაბუობას.
- მგონი... ადამიანი რომ ბერდება, ხომ ბავშვივით ხდება - სენტიმენტალური, ბუტია, ჯაჯღანა. ბებერი რასაც შვრება ხოლმე, იმას ვშვრები მეც.

- არა, ჯერ არ ხართ ბებერი...
- 67 წლის, აბა, ვინ ვარ?! არასდროს მიფიქრია, ისე ვიცხოვრო, რომ დიდხანს ვიცოცხლო-მეთქი და როგორ ვარ აქამდე, არ ვიცი... ახლა იძულებული ხარ, წინ გაიხედო. გამოირკვა, რომ ჯერჯერობით, 10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში. მე და ჩემი ცოლი, 43 წელია, ერთად ვცხოვრობთ, კი ვჯაჯღანებ, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეგვიძლია.

- პირბადეს როგორ მიეჩვიეთ?
- საშინელებაა, თან ენფიზემა გვაქვს მეც და ჩემს ცოლსაც და ძალიან გვიჭირს, თუმცა ვემორჩილებით. რეგულაციები საჭირო იყო, დაღლილი და დაინფიცირებული ექიმები უნდა დაასვენონ, რომ მერე მათ ჩვენ მოგვიარონ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ექიმებს. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ქირურგი ვიქნებოდი.

ახლანდელი თბილისი ცარიელია, პირბადიანი, დისტანციური... თან შავ-თეთრია, გაუგებარი არქიტექტურით. არ შეიძლება საპატრიარქოს გვერდით იყოს სამორინე, საშინელ ასოციაციებს იწვევს. გადათხარეს, ვერა ვერას აღარ ჰგავს, ვაკე - ვაკეს.

- პოლიტიკურ პროცესებს ადევნებთ თვალს?
- ვადევნებ, მინდა-არმინდა. ხანდახან ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს ყველა ტყუის, ყველა მედროვეა. ერთმანეთთან მატაობენ - პარტიიდან პარტიაში გადარბიან-გადმორბიან... ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი არ არის პოლიტიკაში.

- როლებზე ვისაუბროთ... გიყვართ თქვენი მონაწილეობით ფილმების ყურება?
- არ მომწონს, სულ ყალბი მეჩვენება. სულ სხვა რაღაც მინდოდა და სხვა გამოვიდა.
თეატრში უფრო ამაყად ვარ, იქ ყველაფერს ხელს მოვაწერ. ისეთი არაფერი მითამაშია, რომ პამიდორი ან კვერცხი მესროლონ, კინოში კი 90% ეგეთი როლები მაქვს.

- რომ მოგწონთ, ისეთი როლი რომელია?
- გოდერძი ჩოხელის "ცოდვის შვილებში" ჩემი ნათამაშევი როლის არ მრცხვენია. რამდენიმე ადგილი მომწონს "მარტოხელა მონადირეში". მიშა თუმანიშვილმა ეს ფილმი რომ ნახა, შემაქო. ერთი ეპიზოდია - ჩემი და მელაპარაკება ცოლზე. მე ვზივარ და ვუსმენ. ბატონმა მიშამ მითხრა, ზოგჯერ ასე მდუმარეს თამაში სჯობია ბევრ მოქმედებასო. თითქოს არაფერს აკეთებ, ამ დროს ისე ზიხარ, რომ საინტერესო საცქერი ხდები. "ბრავო, ალბერ ლოლიშიც" მომწონს, მომწონს ეპიზოდები და კოსტიუმები და კიდევ - "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში" ერთი გავლა, ძმის სიკვდილის ეპიზოდში.

- კინოში თქვენი მოსვლა თქვენი სურვილის შედეგი იყო თუ დედის დამსახურება?
- ჩვენ რომ პლეხანოვიდან საბურთალოზე გადავედით, მაშინ ჩვენი სახლის იქით სახლი აღარ იდგა, მხოლოდ იპოდრომი იყო და დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული. მოვიტყუე, 14 წლის ვარ-მეთქი, რომ მივეღე, არადა12-ის ვიყავი მხოლოდ. ერთ დღეს კინოსტუდიიდან მოვიდნენ, "მაცი ხვიტიას"იღებდნენ და დუბლიორი სჭირდებოდათ. სულ არ იცოდნენ, ვისი შვილი ვიყავი. მომარგეს ჩოხა, ყაბალახი, დამსვეს ცხენზე და ფოტოები გადამიღეს. მოგვიანებით ზუგდიდში ვახლდი დედაჩემს გასტროლზე და მედეა ჯაფარიძე შემოვარდა, ლენა, ზურიკო დაამტკიცეს როლზეო. ასე შემთხვევით მოვხვდი კინოში.

- საოცარი დედა გყავდათ...
- ახლა ხომ ფიქრისთვის ბევრი დრო გვაქვს... ყველა ფიქრი დედასთან მიდის. გუშინ გამახსენდა და ვიცინეთ ყველამ - კომუნიზმი რომ გადავარდა და თავისუფლები გავხდით, მე და ჩემმა ცოლმა ვუთხარით, ლენა, ყველას, ყველაფერს უბრუნებენო. მერე, მე რა მქონდა, რა უნდა დამიბრუნონო, ჩაილაპარაკა. "როგორ, შენ არ ამბობდი, სადაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსი აშენდა, მანდ ყიფშიძეების გორა იყო, რომელზეც დიდი სახლი გვედგა, საქონელიც გვყავდა და შევწირეთ უნივერსიტეტსო?" - გავახსენეთ. "და რა, ახლა მეორე კორპუსში უნდა ვიცხოვრო?" - გვკითხა გაკვირვებულმა. დაწერე განცხადება და რაღაცას მოგცემენ-მეთქი, დავარიგე. მერე ხან - მე, ხან - ჩემს მეუღლეს გვეკითხებოდა, მითხარით, რა გავაკეთო, მე არ ვიციო...

დედაჩემი და გალაკტიონის გერი ნუნუ ებანოიძე საუკეთესო მეგობრები იყვნენ. სკოლის შემდეგ ან იმათთან იყვნენ, ან ჩვენთან. დედაჩემი გიჟდებოდა გალაკტიონზე. ერთხელ გალაკტიონისთვის უთქვამთ, აქვე ცხოვრობ და ერთხელ არ უნდა დაესწრო ლენას სპექტაკლსო? მართლაც წასულა თეატრში ნუნუსთან ერთად. გალაკტიონია დარბაზშიო, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ თურმე მაყურებლები. გამოჩნდებოდა თუ არა დედაჩემი სცენაზე, ბრავო, ყიფშიძე, ბრავო ყიფშიძე!" - შესძახებდა თურმე გალაკტიონი. ასე გაგრძელდა, სანამ დედაჩემის პერსონაჟის გარდაცვალების დრო არ დადგა. ჩემი გოგო თუ აღარ არის, მე აქ რაღა მინდაო, უთქვამს გალაკტიონს და წასულა.

- ყიფშიძის გორის მცხოვრებლებზეც მიამბეთ...
- მამაჩემის დედა ბერძენი იყო; ბებიაჩემი დედის მხრიდან ნახევრად პოლონელი გახლდათ, ნახევრად კი რუსული და კაზაკური სისხლი ერია. ქალაქ მაიკოპის მერის ქალიშვილი იყო, რომელიც სასწავლებლად ჩავიდა პეტერბურგში, გაიცნო და შეუყვარდა ბაბუაჩემი და წამოჰყვა საქართველოში. ხუთი შვილი გაუჩნდათ. ყიფშიძეების გორაზე ცხოვრობდნენ. უფროსი შვილი ზურიკო პატარა დაეღუპათ ავადმყოფობით, რომლის სახელიც მე დამარქვეს. გარდა ამისა, გააჩინეს კიდევ სამი გოგო და ერთი ბიჭი. ბიძაჩემი გიგა ყიფშიძე 24 წლისა ქალაქ სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი ყოფილა. რესტორანში ჩხუბი მოსვლია და ხრუშჩოვის ფოტო დახია თურმე, რის გამოც გადაასახლეს და ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იხდიდა სასჯელს. დეიდებიც კარგი მყავდა, ქერები, ცისფერთვალებები იყვნენ. მარტო ნაბოლარა დედაჩემი იყო შავგვრემანი.

...მიყვარს წარსულზე ფიქრი - ბევრი სისუფთავე იყო მაშინ, ან იქნებ არც იყო, მაგრამ საბოლოოდ ადამიანს მხოლოდ კარგი ამახსოვრდება.
10 იანვარი 2021 04:23
ეს რას გავს.? ვერც ვჯითხულობ კონენტარებს და ვერც ვერაფერს ვაკეთებ და ესაა თქვენი კონკურენცია? კომუნისტები გჯობდნენ მაიმუნობაში და დამირეკეთ თუ პრობლემები გაქვთ.არადა უნდობლობა მაქვს
მაგული
04 იანვარი 2021 11:07
დიდ პატივს გცემთ მინდა გითხრათ,რომ თქვენ ჩემთვის იმ იშვიათ სიაში შდიხართ ვისაც ნამდვილი ქართველი ბატონები და ქალბატონები ეწოდება
Mano
04 იანვარი 2021 09:45
უნიჭიერესი და ძალიან ძლიერი მსახიობი დღესდღეისობით თითოოროლა თუ იქნება ასეთი მსახიობი ეხლა ვისაც მოესურვება ყველა მსახიობია დაესყველაფერი ხელოვნური რომ არის ვერ ხვდებიან
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები